Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი და პარლამენტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თაობაზე ერთსულოვანნი არიან


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 26 მარტს პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე საპარლამენტო ფრაქციების ხელმძღვანელებმა ერთხმად აღიარეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ივნისში ჩატარების აუცილებლობა.

მართალია, ჯერჯერობით პარლამენტს ცვლილებები ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონში არ შეუტანია, მაგრამ, ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელის გიგი წერეთლის განცხადებით, არჩევნები იმ შემთხვევაშიც გაიმართება, თუ პარლამენტი ვერ შეთანხმდება ცვლილებების შეტანაზე.

ჯერჯერობით ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადება პარტიებს არ დაუწყიათ, თუ არ ჩავთვლით დემოკრატიულ ფრონტში გაერთიანებულ ძალებს, რომლებიც ირწმუნებიან, რომ გაერთიანება მხოლოდ მოსალოდნელი არჩევნებით არ არის განპირობებული და რომ ისინი - ნაციონალისტური მოძრაობა, რომელიც ჯერ ოფიციალურად არ დაფუძნებულა, რესპუბლიკური პარტია და ეროვნულ ძალთა გაერთიანება - ხანგრძლივ პერსპექტივაზე გათვლით თანამშრომლობას აპირებენ.
გულახდილად რომ ითქვას, პარტიები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებით მაინცდამაინც დაინტერესებულნი არ უნდა იყვნენ. ბოლო 5 თვის მანძილზე ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვებით, 7 პროცენტიანი ბარიერის გადალახვის პერსპექტივა მხოლოდ სამ პოლიტიკურ ორგანიზაციას აქვს - მრეწველებს, რომელთა პოპულარობა არაადეკვატურად მაღალია, აღორძინებას და მოქალაქეთა კავშირს. სხვა პარტიების რეიტინგი მეტად დაბალია. შესაბამისად, პარტიები კი აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების მოთხოვნას, მაგრამ საეჭვოა, მათი ეს განცხადება გულწრფელი იყოს.
პრეზიდენტთან შეხვედრის მეორე დღეს, ოთხშაბათს, პარლამენტს ადგილობრივი თვითმმართველობის კანონში ცვლილებების განხილვა უნდა დაეწყო, მაგრამ, მოულოდნელად, ეს საკითხი გადაიდო. პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიგი წერეთლის განცხადებით:
[გიგი წერეთლის ხმა] “ პარლამენტიც და პრეზიდენტიც მხარს უჭერს, რომ დროულად დაინიშნოს არჩევნები. არის საკითხები, რაშიც ჩვენ ვთანხმდებით, არის კიდევ დამატებით დასაზუსტებელი დეტალებიც.”
ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, დასაზუსტებელი დეტალი გამგებლების საკითხია. პარლამენტის ნაწილი გამგებლების პირდაპირი არჩევნების მოთხოვნით გამოდის. მეორე ნაწილის პოზიციით, გამგებელი საკრებულოს წევრებიდან თავად საკრებულომ უნდა აირჩიოს. თუმცა არის კიდევ უფრო პრინციპული საკითხებიც, რომელთა განხილვაც პარლამენტში, სავარაუდოდ, ძალიან ხმაურიანად ჩაივლის. კერძოდ, საუბარია საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესზე. არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ საარჩევნო კომისიებში მოქალაქეთა კავშირის მომხრეთა სიუხვემ თავისი დაღი დაასვა არჩევნების შედეგს. გარდა ამისა, ობიექტური საარჩევნო კომისია არჩევნების სამართლიანად ჩატარების გარანტიას ქმნის. სოციალისტების პარტია, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა ქართული არჩევნების მთელი მშვენიერება ლაგოდეხის არჩევნებისას, ამჯერადაც საკმაოდ კრიტიკულად არის განწყობილი არჩევნების მიმართ, მათი გაყალბების შესაძლებლობის გამო. ფრაქცია სოციალისტის ლიდერი ვახტანგ რჩეულიშვილი საარჩევნო პრობლემატიკის განხილვის დაწყებამდე მოითხოვს იმ 4 პარლამენტარისთვის უფლებამოსილების შეჩერებას, ვისი არჩევის უკანონობაც საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი არჩევნებზე საუბარსაც კი არასერიოზულად მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG