Accessibility links

logo-print

განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგები ავღანეთში სამაშველო სამუშაოებს ართულებს


ავღანეთში ორშაბათს მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ, როგორც ჩანს, იმაზე ნაკლები ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ვიდრე თავიდან ეგონათ.

თუ ჯერ კიდევ სამშაბათს დროებითი ადმინისტრაციის საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულა აბდულა 4000-ზე მეტ მსხვერპლზე ლაპარაკობდა, იმავე დღის ბოლოსთვის გამოქვეყნებულ ოფიციალურ ცნობაში უკვე 1800 დაღუპულზე იყო საუბარი. ოთხშაბათს კი გაეროს ექსპერტებმა განაცხადეს, რომ დაღუპულთა რიცხვი, როგორც ჩანს, 800-ს არ გადააჭარბებს.

სამაშველო სამუშაოები მნიშვნელოვნად გაართულა ოთხშაბათს მომხდარმა განმეორებითმა ბიძგებმა, რომელთაგან ერთ-ერთმა რიჰტერის სკალით 5 ბალს გადააჭარბა. ამ ბიძგებმა ჩრდილოეთი ავღანეთის მთიან რაიონებში მეწყრები გამოიწვია და უვალი გახადა დაზარალებულ სოფლებთან დამაკავშირებელი გზები.

სტიქიური უბედურების რაიონიდან მიღებული ცნობების თანახმად, პროფესიონალ მაშველებს ასობით მოხალისე ეხმარება. ჰუმანიტარული ორგანიზიციების შეფასებით, ოთხშაბათის ბიძგებმა უსახლკაროთა რიცხვი 30 ათასამდე გაზარდა. აი, რა უთხრა ჟურნალისტებს იუსუფ ჰასანმა, რომელიც გაეროს ლტოლვილთა უწყებას წარმოადგენს:

[იუსუფ ჰასანის ხმა] “ჩვენმა კოლეგებმა, რომლებიც მიწისძვრის რაიონში გუშინ ჩავიდნენ, რამდენიმე სოფლამდე მისვლა მოახერხეს. იმ სოფლებიდან, რომლებიც მათ აქამდე ნახეს, ბევრი დანგრეულია. დაზიანებულია შენობების 80 პროცენტი, მრავლად არიან დაშავებულები, არიან დაღუპულებიც”.

რადიო “თავისუფლებამ” ვითარების შეფასება სთხოვა ავღანეთში გაეროს ჰუმანიტარული ოპერაციების კოორდინატორს შტეფანი ბუნკერს.

[შტეფანი ბუნკერის ხმა] “დაზარალებული რაიონი სამია. ერთ-ერთია ნაჰრინი. კიდევ ერთს ჰქვია ბორკეჰი, ხოლო მესამეს – ჯირგა. ნაჰრინი, როგორც ჩანს, სერიოზულად არის დანგრეული. ნგრევის მასშტაბი ჯერ საბოლოოდ არ დაგვიდგენია. ამ მიმართულებით გუშინაც ვმუშაობდით და დღესაც განვაგრძობთ მუშაობას. დღესვე შევეცდებით, იმ რაიონებშიც ჩავაღწიოთ, სადაც აქამდე ვერ მოვახერხეთ ჩასვლა.”

ბუნკერის თქმით, ამ ეტაპზე სამაშველო ოპერაციების მთავარი ამოცანაა, დაშავებულებს დროულად აღმოუჩინონ სამედიცინო დახმარება, ხოლო უსახლკაროდ დარჩენილები თავშესაფრითა და საკვებით უზრუნველყონ. როგორც ბუნკერმა აღნიშნა, ამ მიზნების განსახორციელებლად ახლა გაცხოველებული მუშაობა მიმდინარეობს.

ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ “ექიმები უსაზღვრებოდ” საველე საავადმყოფოების მოწყობა დაიწყო; ავღანეთში სხვადასხვა მხრიდან იგზავნება დიდი რაოდენობით სურსათი, მედიკამენტები, კარვები... საფრანგეთის ჰუმანიტარულმა ორგანიზაცია ACTED-მა უსახლკაროდ დარჩენილთათვის უკვე გაგზავნა 500 კარავი და კიდევ 1500-ის გაგზავნას აპირებს. მსოფლიოს სასურსათო პროგრამა ავღანეთში 175 ტონა საკვებ პროდუქტებს ჩაიტანს.

საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების გარდა, ავღანეთის დასახმარებლად მზადყოფნა გამოთქვეს ცალკეულმა სახელმწიფოებმაც. მაგალითად, იაპონიამ მიწისძვრით დაზარალებულთათვის 400 ათასი დოლარი გამოყო.
XS
SM
MD
LG