Accessibility links

logo-print

აფეთქებები აფხაზეთის ტერიტორიაზე


27 მარტს აფხაზეთს აფეთქებების ტალღამ გადაუარა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს დივერსიული აქტები სამგზავრო და ბენზინმზიდ მატარებლებზე მოხდა.

სოხუმის რეჟიმი აფეთქებებში ქართველ პარტიზანებსა და საქართველოს სპეც.სამსახურებს სდებს ბრალს. საქართველოს უშიშროების სამინისტრო კი მომხდართან თავის კავშირს გამორიცხავს.

აფხაზეთის ტერიტორიაზე აფეთქებები მოხდა ზედიზედ, სხვადასხვა ადგილას, მათ შორის - ოჩამჩირე-ფსოუს მიმართულებით მიმავალ მატარებელზე, რის შედეგადაც ერთი ქალბატონი დაიღუპა და 5 მამაკაცი დაიჭრა.
აფხაზეთის ტერიტორიაზე მომხდარ ამ დივერსიულ აქტებს სოხუმის სეპარატისტული რეჟიმი ქართველ პარტიზანებსა და საქართველოს სპეც.სამსახურებს მიაწერს. აფხაზი სეპარატისტები ამტკიცებენ, რომ ქართველი პარტიზანები სწორედ საქართველოს სპეც.სამსახურების მითითებებით მოქმედებენ. მაგრამ, ასეა თუ ისე, 27 მარტის აფეთქებები საინტერესოდ მოჰყვა თბილისში გამოთქმულ ვერსიას აფხაზეთში მოსალოდნელი პროვოკაციული გართულებების შესახებ.

26 მარტს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომლის თანახმად, მზადდება ფართომასშტაბიანი პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ. დავით თევზაძის ინფორმაციით, უცხო სახელმწიფოს სპეც.სამსახურების მიერ შედგენილი გეგმის თანახმად, საქართველოს წინააღმდეგ მიმართული პროვოკაცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამშვიდობო ძალების ბლოკ-პოსტებზე თავდასხმებით უნდა განხორციელდეს. უკვე 27 მარტს თავდაცვის მინისტრს არ შეეძლო დაზუსტებით ეთქვა, იყო თუ არა აფხაზეთის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქებები საქართველოს წინააღმდეგ შედგენილი გეგმის ნაწილი.

ოთხშაბათს საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთის ტერიტორიაზე მომხდარის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებას ცდილობდა. საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა მომხდართან დაკავშირებით აღნიშნა, რომ საჭიროა სოხუმიდან მიღებული ინფორმაციის დეტალური გადამოწმება, იქიდან გამომდინარე, რომ სოხუმი, შესაძლოა, პროვოკაციულ ინფორმაციას ავრცელებდეს. და მაინც, მენაღარიშვილის თქმით, ადვილი შესაძლებელია, 27 მარტის აფეთქებები დავით თევზაძის მიერ გახმაურებული რუსული სცენარის ნაწილი იყოს და საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო თანამშრომლობის წინააღმდეგ იყოს მიმართული.

როგორც ზემოთ ვთქვით, აფხაზეთის ტერიტორიაზე მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა სეპარატისტულმა რეჟიმმა ქართველ პარტიზანებს დააკისრა. პარტიზანული შენაერთის, “ტყის ძმების,” მეთაური დათო შენგელია კი აცხადებს, რომ ქართველ პარტიზანებს მომხდართან კავშირი არა აქვთ. როგორც დათო შენგელიამ სააგენტო “კავკას-პრესთან” საუბრისას აღნიშნა, აფხაზებს აფხაზეთის ტერიტორიაზე ტროტილი გადაჰქონდათ და თავადვე აუფეთქდათ.

ბოლო დღეებში რუსეთის სამხედროები აფხაზ სეპარატისტებს საბრძოლო საშუალებებით ინტენსიურად ამარაგებენ და, თუ გავითვალისწინებთ რუსი “მშვიდობისმყოფელების” ბოლოდროინდელ პროვოკაციულ გამოხტომას, რომელსაც ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიაში ჰქონდა ადგილი, იქვე - რუსეთის საინფორმაციო საშუალებების მცდელობას, 27 მარტის აფეთქებები ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის განახლებად მოენათლათ, აშკარაა, რომ აფხაზეთში რაღაც სერიოზული პროვოკაცია თამაშდება. ვნახოთ, როგორ და რამდენად აარიდებს ამ პროვოკაციას თავს ჩვენი ხელისუფლება.
XS
SM
MD
LG