Accessibility links

logo-print

აბორტის მავნებლობა და მის მიმართ დამოკიდებულება საქართველოში


წამყვანი: მარიამ ჭიაურელი, პრაღა დღეს განვაგრძობთ გასულ კვირაში დაწყებულ საუბარს აბორტის თემაზე, ოღონდ თუ მაშინ მსმენელის ყურადღება შევაჩერეთ ირლანდიაზე,

სადაც 7 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი აბორტის შესახებ კანონის გამკაცრების საკითხზე, დღეს საქართველოში გადავინაცვლებთ და ამ საკითხზე სხვადასხვა ინფორმაციასთან ერთად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ნიკა ნუცუბიძის მოსაზრებებს გაგაცნობთ.

აბორტი, ანუ ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა, მწვავე დისკუსიების საგანია, ფაქტობრივად, ყველა იმ ქვეყანაში, სადაც დემოკრატიულ სისტემას მყარი საფუძველი აქვს. აბორტს რადიკალური მოწინააღმდეგეებიც ჰყავს და თავგამოდებული მომხრეებიც და, შესაბამისად, მისი ლეგალიზებისა თუ აკრძალვის ინიციატივებს, როგორც ირლანდიის შემთხვევაში დავინახეთ, საზოგადოების მხრივ ფართო გამოხმაურება მოჰყვება ხოლმე. მაგრამ საყურადღებოა ერთი გარემოება: ყველა ამ დისკუსიაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს აბორტის ეთიკური მხარე, ხოლო პრაგმატული დამოკიდებულების თვალსაზრისით, ფაქტობრივად, ერთსულოვნება სუფევს – აბორტს, რახან ის ქალის ჯანმრთელობისათვის საზიანო მანიპულაციაა, მისი ყველაზე თავგამოდებული მომხრეებიც კი, შეძლებისდაგვარად, თავს არიდებენ.

საქართველოში ასე არ არის. აბორტი, მხოლოდ ერთ-ერთი გზა არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად, ჩვენში ორსულობის თავიდან ასაცილებელ ყველაზე გავრცელებულ, მთავარ გზად რჩება. სტატისტიკური მაჩვენებლები ასეთია: თუ ევროკავშირის ქვეყნებში 5-6 ცოცხალშობილზე 1 აბორტი მოდის, საქართველოში პირიქით – აბორტების რაოდენობა ცოცხალშობილებისაზე ბევრად მეტია. შეკითხვაზე, რატომ მიმართავენ საქართველოში ასე ხშირად ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტას, ნიკა ნუცუბიძე ასე პასუხობს: [ნიკა ნუცუბიძის ხმა] ”აი, სწორედ ეს კითხვა ყოველთვის გვებადება ჩვენ, ექიმებს, განსაკუთრებით დღევანდელ პირობებში, როდესაც აბორტი გარკვეული თანხა ღირს. ადრე, საბჭოთა პერიოდში იგი, მოგეხსენებათ, უფასო იყო.”

საბჭოთა პერიოდში, როცა აბორტი ”ხელმისაწვდომი” იყო და არ ვრცელდებოდა ინფორმაცია კონტრაცეპტული საშუალებების შესახებ, ანუ არ მახვილდებოდა ყურადღება იმაზე, რომ ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტას ჯობია, თავი დაიცვა არასასურველი ორსულობისაგან, ერთგვარი ”აბორტის ტრადიცია” ჩამოყალიბდა: ნიკა ნუცუბიძისა და მისი კოლეგების შეფასებით, ალბათ მხოლოდ ამ ”ტრადიციით” შეიძლება აიხსნას დამოკიდებულება, რომელიც საქართველოს დღემდე ინერციით შემორჩა.

მაშინ, საბჭოთა პერიოდში, აბორტების რაოდენობა ფერტილური ასაკის პერიოდში (ანუ პერიოდში, როცა ქალი განაყოფიერებისუნარიანია) შეადგენდა 3,3 პროცენტს (ეს ნიშნავს, რომ ერთ ქალზე სამზე მეტი აბორტი მოდიოდა). ამ მხრივ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აღირიცხებოდა რუსეთში, უკრაინასა და ბელორუსიაში. ”მოწინავეებს” შორის იყო საქართველოც, რომელიც კავკასიის რეგიონში, თუ შეიძლება ასე ითქვას, ”ლიდერობდა”. ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება. მართალია, ოფიციალური ინფორმაციით (ეს ინფორმაცია ეყრდნობა მაჩვენებლებს, რომლებიც ხელთა აქვს სამედიცინო სტატისტიკისა და ინფორმაციის ცენტრს) საქართველოში ერთ აბორტზე სამი ცოცხალშობილი მოდის (ანუ, წლიურად 14 ათასი აბორტი 45-48 ათას მშობიარობაზე), მაგრამ ნიკა ნუცუბიძე მიუთითებს, რომ 1999-2000 წლებში ჩატარებულმა გამოკითხვამ სხვა სურათი აჩვენა: ერთ ქალზე 3,7 აბორტი. ამასთან, [ნიკა ნუცუბიძის ხმა] ”საქართველოს აგრეთვე ახასიათებს დაბალი ფერტილობა, ანუ შობადობის დაბალი დონე. ქვეყნის მაჩვენებელი აღწარმოების დონეზე ნაკლებია, ანუ ნაკლებია იმ დონეზე, როცა ერთ ქალს ორი შვილი ჰყავს.”

საქართველოში 1999-2000 წლებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა ისიც, რომ თითქმის 8 ათასი გამოკითხული ქალიდან მხოლოდ დაახლოებით 2 ათასი, ანუ მეოთხედი იყენებს რომელიმე კონტრაცეპტულ საშუალებას. ეს მაშინ, როდესაც გამოკითხულთა 78 პროცენტისთვის ცნობილია კონტრაცეპციის რომელიმე მეთოდის გამოყენების წესები. ჩნდება შეკითხვა: თუ ქალებმა ამდენი იციან კონტრაცეპტივების შესახებ და მაინც აბორტს ანიჭებენ უპირატესობას, იქნებ მათ არ სჯერათ, რომ აბორტი საზიანოა, მათივე ჯანმრთელობისათვის საზიანო?

[ნიკა ნუცუბიძის ხმა] ”ამასთან დაკავშირებითაც გარკვეული მუშაობა წარმოებს და ჩვენი მასმედიაც გარკვეულ დახმარებას გვიწევს ამ მხრივ. განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა მთელი მსოფლიო მოცულია შიდსის პრობლემით, ერთ-ერთი სახე თავის დაცვისა და არასასურველი ორსულობის თავიდან აცილებისა –კონდომები – ფართოდ რეკლამირდება.”

ნიკა ნუცუბიძემ საუბრის დროს ახსენა რამდენიმე პროგრამა, მათ შორის ”რეპროდუქტოლოგიური ჯანმრთელობის გავრცელების პროგრამა”, რომელიც ითვალისწინებდა მთელი ქვეყნის მასშტაბით რეპრდოუქტოლოგიური კაბინეტების შექმნას, ამ კაბინეტებში კი ქალებისათვის ინფორმაციისა და რჩევა-დარიგების მიცემას მათთვის მისაღებ კონტრაცეპტულ საშუალებებზე, აგრეთვე მათთვის ჩასახვის საწინააღმდეგო ამა თუ იმ საშუალების უფასოდ მიცემას, აბორტის მავნებლობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. თუმცა, ბატონმა ნიკამ იცის, რომ აბორტისადმი დამოკიდებულების შესაცვლელად ერთჯერადი პროგრამა საკმარისი არ არის.

დაბოლოს, რახან ჩემმა თანამოსაუბრემ აბორტის საწინააღმდეგო პროპაგანდა ახსენა, მას ვთხოვე, ასეთი პროპაგანდა გაეწია ჩვენს გადაცემაშიც და განემარტა, კონკრეტულად რა ზიანი მოაქვს ქალის ჯანმრთელობისათვის ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტას. ასე რომ, დღევანდელ საუბარს ციკლიდან ”ქალი და მსოფლიო” ნიკა ნუცუბიძის სიტყვები დაასრულებს: [ნიკა ნუცუბიძის ხმა] ”კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ ჩვენს იმ დიდ პრობლემას, რომელიც არის აბორტი, რომელიც იწვევს ქალის ორგანიზმის დაავადებიანობის გავრცელებას, იქნება ეს სქესობრივი გადამდები დაავადებები, სხვადასხვა სახის ინფექციური გართულებები თუ არასასურველი ორსულობა. დაბოლოს, ყველაზე ცუდი, ჩვენთვის საგანგაშო ის არის, რომ ის იწვევს სავალალო შედეგებს. შემიძლია მოვიყვანო ასეთი მაგალითი: 2001 წელს დედათა სიკვდილიანობის 24 შემთხვევა აღირიცხა, მათგან ოთხი – აბორტისა და მის შედეგად გართულებებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემთხვევა იყო. ამაზე მეტი რა შეიძლება ითქვას?”
XS
SM
MD
LG