Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის 58-ე სესია


ანდრო ეული, პრაღა ჟენევაში მუშაობას განაგრძობს გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის ყოველწლიური 58-ე სესია, რომელშიც ამ კომისიის 53 წევრი ქვეყნის,

აგრეთვე ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ. სესია 18 მარტს დაიწყო და 26 აპრილამდე გასტანს.

ეს არის პირველი შემთხვევა ხსენებული კომისიის არსებობის მანძილზე, როცა ყოველწლიურ სესიას შეერთებული შტატების დელეგაცია მეთვალყურის სტატუსით ესწრება და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა მიღებისას მოკლებულია ხმის უფლებას.

ასეთივე ფორუმებზე წინა წლებში სწორედ შეერთებული შტატების დელეგაცია მოითხოვდა სათანადო რეზოლუციების მიღებას ჩეჩნეთში მიმდინარე ბარბაროსობისათვის რუსეთის, ხოლო ადამიანის უფლებათა მიუტევებელი დარღვევებისათვის ჩინეთის დასაგმობად. მრავალი მიმომხილველის აზრით, წლევანდელ სესიაზე ამგვარი რეზოლუციების მიღება ნაკლებადაა მოსალოდნელი.

6-კვირიან სესიაზე ცხარე კამათია მოსალოდნელი იმასთან დაკავშირებით, ხომ არ ხდება საერთაშორისო ანტიტერორისტული კამპანიის ჩარჩოებში ადამიანის უფლებათა ხელყოფა. საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა: ”ამნესტი ინტერნეშნლმა” და ”ჰიუმან რაიტს უოჩმა” გასული კვირის ბოლოს მოუწოდეს გაეროს უშიშროების საბჭოს ანტიტერორისტულ კომიტეტს, მეტი ყურადღება დაუთმოს ადამიანის უფლებათა დაცვას.

როგორც ”ჰიუმან რაიტს უოჩის” წარმომადგენელმა დაიანა ვეშლერმა განაცხადა ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში, ასეთივე მოწოდებით მიმართა უშიშროების საბჭოს გაეროს უზენაესმა კომისარმა ადამიანის უფლებათა საკითხებში მერი რობინსონმაც.

”წლევანდელ სესიაზე უმთავრესი საკითხი ალბათ ისაა, რა ზეგავლენას ახდენს ანტიტერორისტული ომი ადამიანის უფლებებზე, რაც ცალკეულ ქვეყნებში უკვე თვალნათლივ გამოჩნდა. ვინაიდან უშიშროების საბჭოს მიერ სექტემბერში მიღებულმა რეზოლუციამ მთავრობებს დაავალა, ნებისმიერი საშუალებებით შეებრძოლონ ტერორიზმს, ცალკეული მთავრობები ამ კამპანიას საკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებენ”, განაცხადა დაიანა ვეშლერმა.

შეერთებულმა შტატებმა გასულ წელს დაკარგა თავისი ადგილი გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიაში, თუმცა ამის კონკრეტული მიზეზი ბოლომდე გარკვეული არ არის. ბევრი ამას ვაშინგტონის ერთპიროვნული ქმედებებით ხსნის. კენჭისყრა შეერთებული შტატების გარიცხვის თაობაზე მას შემდეგ გაიმართა, რაც ვაშინგტონმა გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიაში თავისი მუდმივი წარმომადგენელი არ დანიშნა. ბოლოს ეს ვაკანტური ადგილი კევინ მოლიმ შეავსო.
XS
SM
MD
LG