Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანელები ყოფილი მეფის დაბრუნებას ელოდებიან


ანდრო ეული, პრაღა ავღანეთის ყოფილი მეფის, მოჰამად ზაჰირ შაჰის სამშობლოში დაბრუნება, რასაც კარგა ხანია ელოდებიან მისი თანამემამულენი, კვლავ გადაიდო.

მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების თაოსნობით ავღანეთში ანტიტერორისტული კამპანია დაიწყო, ამ ქვეყნის ყოფილ მეფეს მისი თანამემამულენი იმ პიროვნებად მიიჩნევენ, რომელსაც ქვეყანაში ეროვნული ერთიანობის მიღწევა შეუძლია.

87 წლის ყოფილმა მონარქმა, რომელიც დღიდან მისი დამხობისა 1973 წელს, იტალიაში ცხოვრობს, არაერთხელ გამოაცხადა, რომ სამშობლოში აპირებს დაბრუნებას, რაც უკვე მერამდენედ გადაიდო - ჯერ ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური ვითარების გამო, ხოლო შემდეგ უშიშროების მოსაზრებით. ბოლოს ზაჰირ შაჰი ამ კვირის მიწურულს უნდა ჩასულიყო ქაბულში, მაგრამ ავღანეთის დროებითმა მთავრობამ და თავად ყოფილი მეფის წარმომადგენელმა გამოაცხადეს, რომ ზაჰირ შაჰის დაბრუნება კვლავ გადაიდო.

”იტალიის მთავრობამ მეფის დაბრუნება აპრილისათვის გადადო. ისინი ტექნიკურ მიზეზებს ასახელებენო” - განაცხადა რომში ზაჰირ შაჰის წარმომადგენელმა. სამშობლოში ზაჰირ შაჰის დაბრუნების გადადების ამბავი ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჰამიდ კარზიამაც გამოაცხადა, თუმცა დასძინა, ყოფილი მონარქი უახლოეს დღეებში ჩამოვა ქაბულშიო.

ზაჰირ შაჰი 19 წლის ასაკში ავიდა ტახტზე 1933 წელს, როცა მამამისი მოკლეს. შეერთებული შტატებისა და საბჭოთა კავშირისაგან მიღებული დახმარების წყალობით მან ეკონომიკური განვითარების რამდენიმე პროექტი განახორციელა და საერთაშორისო პოლიტიკაში თავისი ქვეყნის ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა. 70-იანი წლების დასაწყისში გვალვამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა ქვეყნის ეკონომიკას, მაშინვე დაიძაბა ურთიერთობა მეზობელ პაკისტანთან.

ზაჰირ შაჰი 1973 წელს იქნა დამხობილი სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, რომელიც მისმა ცოლისძმამ, მოჰამად დაუდ ხანმა მოაწყო, ავღანეთი რესპუბლიკად გამოაცხადა და მისი პრეზიდენტი გახდა. მოგვიანებით, 1978 წელს, დაუდ ხანი კომუნისტებმა მოკლეს, ხოლო ერთი წლის შემდეგ საბჭოთა კავშირმა ავღანეთში შეიარაღებული ინტერვენცია განახორციელა.

ავღანეთში არ ჩატარებულა საზოგადოებრივი აზრის ზუსტი გამოკითხვა, მაგრამ გაზეთები და ინფორმაციის სხვა საშუალებები ამტკიცებენ, რომ მოსახლეობის 70-80 პროცენტი იმის მომხრეა, რომ ყოფილი მონარქი სამშობლოში დაბრუნდეს და ქვეყნის მართვაში მიიღოს მონაწილეობა. პოლიტიკოსები, დასავლელი დიპლომატები, აგრეთვე ჰუმანიტარული დახმარების სააგენტოები და სამხედროები ადასტურებენ ამ ინფორმაციას და აცხადებენ, რომ ხალხს ნამდვილად სჯერა იმისა, რომ ზაჰირ შაჰის ყოფნა ხელს შეუწყობს ავღანეთში სტაბილური მშვიდობის დამყარებას.

ავღანელი სტუდენტი მოჰამად ნაჯიბულა მექანიკოსად მუშაობს ქაბულში. მისი აზრით, ყოფილი მონარქი სამშობლოში უნდა დაბრუნდეს, ვინაიდან პატივისცემით სარგებლობს, ხალხს იგი უყვარს და მისი ყოფნა ეროვნულ ერთიანობას შეუწყობს ხელს. ასეთივე აზრისაა აბდულ ქაიუმ საიელიც, რომელიც გაეროს ლტოლვილთა უწყებაში მსახურობს. იგი დარწმუნებულია, რომ ყოფილი მეფის დაბრუნება ავღანეთისთვის სასიკეთო იქნება. ჯერჯერობით არაა გარკვეული, რა ფუნქციის შესრულება სურს ზაჰირ შაჰს ქვეყნის მომავალ მთავრობაში. ქაიუმ საიელმა დასძინა, რომ ეს საკითხი თავად ავღანელებმა უნდა გადაწყვიტონ.

ჰაიდერ სიდიყი ყოფილი მეცნიერ-მუშაკია, მაგრამ განვლილი 18 წლის მანძილზე ტაქსის მძღოლად მუშაობს ქაბულში. მას კარგად ახსოვს ზაჰირ შაჰის მეფობის პერიოდი: [ჰაიდერ სიდიყის ხმა] ”იგი მართლაც შესანიშნავი მეფე იყო და ხალხი ეთაყვანებოდა ზაჰირ შაჰს. ის დრო, როცა მე მოზარდი ვიყავი და ჩვენს ქვეყანას მეფე მართავდა, გაცილებით, ასჯერ უკეთესი იყო, ვიდრე ”ჯიჰადის”, ანუ საბჭოელი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლისა და კიდევ სხვა მომდევნო კონფლიქტების პერიოდი”.

სიდიყს აუცილებლად მიაჩნია ზაჰირ შაჰის დაბრუნება და, როგორც თავად აცხადებს, იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ ყოფილი მონარქის სამშობლოში დაბრუნება კვლავ გადაიდო. ჰაიდერ სიდიყის აზრით, ზაჰირ შაჰმა მრჩევლის ფუნქცია უნდა შეასრულოს ავღანეთის ახალ მთავრობაში, მაგრამ არ უნდა შეუდგეს ქვეყნის მართვას. მონარქიის აღდგენა ავღანეთში ჰაიდერ სიდიყს მიზანშეუწონლად მიაჩნია.

საზოგადოებრივი აზრი ავღანეთში გაყოფილია იმის თაობაზე, საჭიროა თუ არა დღეს ავღანეთში მონარქიის აღდგენა. ბევრი მხარს უჭერს ზაჰირ შაჰის დაბრუნებას, ვინაიდან მასში ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოს ხედავს, მაგრამ არ მიაჩნია აუცილებლად მონარქისტული წყობის აღდგენა. თავად ზაჰირ შაჰმა განაცხადა, რომ არ სურს მეფის გვირგვინის დაბრუნება. თუმცა ყოფილ მონარქთან დაახლოებულმა ერთ-ერთმა პირმა, რომელმაც არ მოისურვა თავისი ვინაობის გამჟღავნება, ჟურნალისტებს უთხრა, რომ თუ ზაჰირ შაჰს მეფობას შესთავაზებენ და ის თავად დარწმუნდება, რომ ესაა ხალხის სურვილიც, ყოფილი მონარქი ამ წინადადებას დასთანხმდება.
XS
SM
MD
LG