Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთი გეგმავს საქართველოში ბირთვული ნარჩენების ძებნას


დასავლეთი გეგმავს საქართველოში იმ ბირთვული ნარჩენების მოძიებას, რომელიც ეგრეთწოდებული “ჭუჭყიანი ბომბების” შესაქმნელად შეიძლება იქნეს გამოყენებული.

დასავლეთში შიშობენ, რომ ამგვარი იარაღი შეიძლება ტერორისტებს ჩაუვარდეს ხელში და მით უფრო საშიში გახდეს. ინგლისში გამომავალი გაზეთი “გარდიანის” 27 მარტის ნომერში ამ თემაზე სტატიაა გამოქვეყნებული. მასში ვკითხულობთ, რომ აპრილის თვეში პარიზში აპირებენ გამართონ ამ საკითხისადმი მიძღვნილი საგანგებო შეხვედრა, რომელზეც საქართველოში ამ ნარჩენების მოძიების სამუშაოები უნდა დაიგეგმოს.

განგაში საქართველოში მიტოვებული ბირთვული ნარჩენების თაობაზე ატყდა მას მერე, რაც შარშან დეკემბერში მეტყვევეებმა მიუვალ ადგილას ნახეს ამგვარი კონტეინერები და გამოუცდელობით, არ იცოდნენ რა, თუ რა იყო ეს, ამ კონტეინერებთან კონტაქტი ჯანმრთელობის ფასად დაუჯდათ. ამ ფაქტს “გარდიანიც” ეხება და განაგრძობს, რომ 1960-70-იან წლებში საბჭოთა კავშირში ათასამდე მცირე ზომის ბირთვული გენერატორი დამზადდა. მათ კოსმოსში სატელიტების, დედამიწაზე კი სამეთვალყურეო ობიექტების და საიდუმლო რადიოსადგურების ენერგიით უზრუნველყოფისთვის იყენებდნენ. ბირთვული რეაქტორისგან განსხვავებით ამ კონტეინერებში ბირთვული გახლეჩა ბუნებრივი გზით ხდება. მათი მიტოვებული ნაშთები ეგულებათ არა მარტო საქართველოში, არამედ მოლდავეთში, შუა აზიაში, რაღა თქმა უნდა, რუსეთში.

მოძიების ობიექტი საქართველო ხდება იმიტომაც, რომ, როგორც “გარდიანს” უთხრა ერთმა მაღალი რანგის ოფიციალურმა ევროპელმა პირმა, ამ ქვეყანაში სახელმწიფო სუსტია და ამით იქ მუსლიმანი ექსტრემიტები სარგებლობენ.

რადიოლოგიურ იარაღს, რომელშიც ამგვარ მცირე კონტეინერებს იყენებენ, “ჭუჭყიან ბირთვაკს” უწოდებენ”. ის ნამდვილი ბირთვული იარაღის “ღარიბ ნათესავადაც” მოიხსენიება ხოლმე. ამგვარი ჭურვის აფეთქება საკმაოდ ძლიერია და რადიოაქტიური ნივთიერების ფართოდ მოფანტვას უფრო ემსახურება ხოლმე, ვიდრე, ვთქვათ, სხვადასხვა შენობების ნგრევასა და დაწვას. მათ შეიძლება ადამინებს მეყსეულად განსაკუთრებული ზიანი ვერც მიაყენონ, მაგრამ მძიმე რადიაციული მოწამვლა და მისგან დაავადება ასევეა შესაძლებელი.

უკეთ რომ წარმოიდგინოთ ამგვარი კონტეინერების რადიოაქტიურობის სიდიდე, გეტყვით, რომ ჩერნობილის ბირთვული სადგურის აფეთქების დროს 50 მილიონი კიურის ოდენობის რადიოაქტიურობა გამოთავისუფლდა, თითოეული ამგვარი ობიექტის პოტენცია კი 40 ათასია, ანუ ჩერნობილზე 1250-ჯერ ნაკლები. ვინც ამგვარი კონტეინერიდან ბომბის გაკეთებას შეეცდება, სიცოცხლეს რისკავს, მაგრამ განსაკუთრებით 11 სექტებმრის შემდეგ, დასავლეთში თვითმკვლელი თავდამსხმელების გამო ერთობ შეშინებული არიან.

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო, რომელსაც ბინა ვენაში უდევს, 1993 წლიდან 400 შემთხვევას იცნობს, როცა ბირთვული ან სხვა რადიოაქტიული მასალა იქნა უკანონოდ გადატანილი. მათგან 18 შემთხვევაში, ეს მასალა იარაღის დასამზადებლად გამოსადეგი იყო. ამ მასალათა უმეტესობა საბჭოთა წარმოშობისა იყო.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG