Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოღაიდელი პრეზიდენტს ვეტოს უფლების გამოყენებას სთხოვს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს ფინანსთა მინისტრი საგადასახადო კანონმდებლობაში ცოტა ხნის წინ პარლამენტის მიერ მიღებულ შესწორებას აპროტესტებს და პრეზიდენტისაგან ამ დოკუმენტის მიმართ ვეტოს გამოყენების უფლებას ითხოვს.

რამ გამოიწვია ზურაბ ნოღაიდელის გულისწყრომა და რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ახალმა საკანონმდებლო ცვლილებამ?

ჰოლანდიასა და ხორვატიაში მოგზაურობის შემდეგ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა საგადასახადო კანონმდებლობაში ცოტა ხნის წინ განხორციელებული ცვლილებების თაობაზე პრესკონფერენცია მოაწყო.

ზურაბ ნოღაიდელი პრეზიდენტს თხოვნით მიმართავს, რომ მან ამ კანონის მიმართ ხელმეორედ გამოიყენოს ვეტოს უფლება. თავის პროტესტს ფინანსთა მინისტრი საბიუჯეტო პროცესების გართულებით ხსნის. საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის მიერ ავტომობილების იმპორტზე მიღებული ტარიფების ამოქმედებას. ტარიფის ცვლილება, რომელიც ფიქსირებული გადასახადის შემოტანით გამოიხატა, საქართველოში ძველი მანქანების იმპორტს მნიშვნელოვნად გააძვირებს, სამაგიეროდ, ძვირადღირებული ახალი ავტომობილების იმპორტიორებისა და საავტომობილო ფირმების დისტრიბუტორების წისქვილზე ასხამს წყალს. თუმცა საქართველოს მოსახლეობის დაბალი გადახდისუნარიანობის პირობებში, შესაძლოა, ეს ბიზნესი საერთოდ ”ჩაკვდეს” ან საგრძნობლად შემცირდეს, რაც, საბოლოოდ, ისევ ბიუჯეტს დააწვება კისერზე. დღეს ქართული საავტომობილო ბაზარი სწორედ ძველი ავტომობილებით არის გაჯერებული, რის გამოც მსხვილი საავტომობილო კონცერნების დისტრიბუტორებს თავისი პროდუქციის რეალიზაცია უჭირთ. როგორც ჩანს, საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებულ ახალ ტარიფშიც, უსაფრთხოებისა და ეკოლოგიური დაბინძურების თავიდან აცილების მოტივით, სწორედ ამ დისტრიბუტორებისათვის სასურველი ცვლილება შევიდა.

ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ ფრაქცია ”მრეწველების” წინადადება, რომელსაც პარლამენტმა დასტური მისცა, საგადასახადო ბაზას მნიშვნელოვნად შეამცირებს. ავტომობილების იმპორტზე ფიქსირებული გადასახადის შემოღება, რომელიც, მანამდე მოქმედ ტარიფებთან შედარებით, ნაკლებია, ორი მხარის ინტერესებს ერთმანეთს უპირისპირებს. ერთ მხარეს ავტომანქანების იმპორტიორები და მომხმარებლები არიან, ხოლო მეორე მხარეს - ბიუჯეტის მომხმარებლები.
ნოღაიდელს მიაჩნია, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციები და იქ დასაქმებულები კანონის ამოქმედებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, რადგან საგადასახადო ბაზის შემცირება, ფინანსთა მინისტრის ვარაუდით, ბიუჯეტს დარჩენილ 9 თვეში 4-4,5 მილიონ ლარს დააარგვინებს. ასეთი ფუფუნების უფლება კი დღევანდელ ბიუჯეტს ნამდვილად არა აქვს. თუმცა წინა წლებში ამ ოდენობის თანხებს ხაზინა, ფაქტობრივად, ყოველთვიურად კარგავდა.

თუ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას არ გამოყენებს და კანონი სრული ძალით ამოქმედდება, ნოღაიდელი აცხადებს, რომ მის უწყებას ზოგიერთ საინვესტიციო პროექტზე უარის თქმა მოუწევს. საინტერესოა, რომ საინვესტიციო პროექტები და ბიზნესის განვითარების ფონდის იდეა თავის დროზე, 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვისას, ფრაქცია ”მრეწველებმა” წამოაყენეს და, ბიუჯეტში ამ მუხლის შეუტანლობის შემთხვევაში, ისინი მთავარი ეკონომიკური კანონის ბოიკოტით იმუქრებოდნენ.
საინვესტიციო პროექტების შემცირების მუქარით კი ნოღაიდელმა მრეწველებს ”ხურდა დაუბრუნა”. ახლა ჯერი პრეზიდენტზეა, რომელმაც ან ვეტოს უფლება უნდა გამოიყენოს, ან, ბიუჯეტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტროს თავის გამართლების მცირედი საბაბი მაინც მისცეს.
XS
SM
MD
LG