Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 29 მარტიდან საქართველოს პარლამენტი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. კონკრეტულად რაში გამოიხატება ეს, ჯერჯერობით უცნობია.

პარლამენტართა გადაწყვეტილებით, 29 მარტს პარლამენტი მიიღებს სპეციალურ მიმართვას საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი, რათა საქართველომ თავიდან აიცილოს სამხედრო პროვოკაციის შესაძლებლობა, რომლის თაობაზეც ამ ორი დღის წინ თავდაცვის მინისტრმა გააკეთა განცხადება.

28 მარტს, საკმაოდ მოულოდნელად, პარლამენტი იმ საშიშროებაზე ალაპარაკდა, რომლის თაობაზეც ამ ორი დღის წინ განცხადება თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ გააკეთა. როგორც გახსოვთ, მინისტრის თქმით, არსებობს საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო პროვოკაციის მოწყობის საშიშროება, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ამერიკის მხრიდან საქართველოსთვის ანტიტერორისტული დახმარების აღმოჩენის საკითხს.
28 მარტს თავდაცვის მინისტრის ამ განცხადებას პარლამენტის ყოფილი სპიკერი ზურაბ ჟვანია გამოეხმაურა, რომელმაც კოლეგებს კონსოლიდაციისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით:
[ზურაბ ჟვანიას ხმა] “ საქართველოს მთავრობამ, თავდაცვის მინისტრის სახით, გააკეთა, ალბათ, აფხაზეთის ომის შემდეგ უპრეცედენტო განცხადება. როდესაც ქვეყანაში თავდაცვის მინისტრი გამოდის და აცხადებს, რომ სამი მხრიდან არის მოსალოდნელი თვდასხმა ქვეყანაზე, როდესაც სახელდება სავარაუდო შემომტევი მხარის კონკრეტული არმიების ნომრები, როდესაც ცხადდება, რომ უახლოეს დღეებში შესაძლო არის მოხდეს, ასე ვთქვათ, მოვლენათა ისეთი განვითარება, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ძალიან ბევრ რამეს ჩვენს ქვეყანაში, ვფიქრობ, რომ საკანონმდებლო ორგანო უნდა გადავიდეს მუშაობის სრულიად განსხვავებულ რეჟიმზე.”
ზურაბ ჟვანიას ინიციატივით, 29 მარტს პარლამენტი იმსჯელებს იმ საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი მიმართვის ტექსტზე, რომლებიც მოწოდებულნი არიან, უზრუნველყონ პატარა სახელმწიფოების უსაფრთხოება.
ქვეყანაში განსაკუთრებული ვითარების არსებობას არ უარყოფს არც ფრაქცია “აღორძინება”, რომელიც ასევე აუცილებლად მიიჩნევს დებატების გამართვას, ოღონდ განსხვავებული კუთხით. ფრაქცია აღორძინების ლიდერის ჯემალ გოგიტიძის განცხადებით:
[ჯემალ გოგიტიძის ხმა] “ ამის შესახებ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლება მიდის იმ გზით, რომ საქართველოს მალე გადააქცევს საბრძოლო პოლიგონად.”
მისი განცხადებით, აუცილებელია შეფასდეს საქართველოს ხელისუფლების მოქმედება, სექტემბრიდან მოყოლებული, რადგან იგი დარწმუნებულია, რომ ოფიციალური თბილისის “გეოპოლიტიკური თამაშები” საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას.
მთლიანობაში, ფაქტია, რომ პარლამენტარების დაგვიანებული შეშფოთება ოდნავ უცნაურად გამოიყურება. ყველა საუბრობს სიტუაციის განსაკუთრებულობაზე, თუმცა, მეორე მხრივ, გაუგებარია, რამდენად შეუწყობს ხელს ჩაფიქრებული პროვოკაციის თავიდან აცილებას პარლამენტის მიერ მიღებული მიმართვა. არადა, თუ პარლამენტარებს დავუჯერებთ, სიტუაცია დრამატულია. მაგალითად, პარლამენტარ ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით:
[ვასილ მაღლაფერიძის ხმა] “ ამის შემდეგ უკვე არის დეპეშა, რომ თბილისის თავზე ფრიალებს წითელი დროშა. იქამდე შევშფოთდეთ, სანამ აფრიალებულა.”
XS
SM
MD
LG