Accessibility links

logo-print

სჭირდება თუ არა საქართველოს რელიგიურ გაერთიანებათა შესახებ კანონი


ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილი რელიგიურ გაერთიანებათა შესახებ კანონის მიღებას საჭიროდ, უფრო მეტიც, აუცილებლად მიიჩნევს. მეორე ნაწილს კი ასეთი კანონის მიღება აშინებს, რადგან ფიქრობს,

რომ რელიგიურ მიმდინარეობათა კანონის ჩარჩოებში მოქცევა დისკრიმინაციულ პროცესებს გამოიწვევს. რელიგიურ გაერთიანებათა შესახებ კანონის მიღებას საქართველოს პარლამენტიც გაურბის და, შეიძლება ითქვას, რომ ეს შეგნებულად ხდება.
ბოლოს და ბოლოს, არის თუ არა საჭირო ასეთი კანონი? ამ შეკითხვის პასუხი უწინდებურად ორაზროვანია, თუმცა 28 მარტს თბილისში, აჭარის წარმომადგენლობის “მრგვალ მაგიდასთან,” შეკრებილები ამტკიცებდნენ, რომ რელიგიურ გაერთიანებათა შესახებ კანონის მიღება გადაუდებელი აუცილებლობაა.

დეპუტატი ჰამლეტ ჭიპაშვილი, სახელმწიფო სამართლისა და რელიგიის ინსტიტუტის დირექტორი ბაადურ გელაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ვალერი ლორია, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ირაკლი სურგულაძე, სახალხო დამცველის მოადგილე თეიმურაზ ლომსაძე, დეკანოზი როსტომ ლორთქიფანიძე და სხვები( მე დავასახელე ის პირები, რომლებიც თბილისში აჭარის წარმომადგენლობაში გამართულ მორიგ დისკუსიაში მონაწილეობდნენ) რელიგიურ გაერთიანებათა შესახებ კანონის მიღებას უჭერენ მხარს. ისინი ფიქრობენ, რომ ასეთი კანონი ხელს შეუწყობს ეკლესიასა და სახელმწიფოს, რელიგიურ მიმდინარეობებსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის მოწესრიგებას, ეს ერთი, და მეორე - ზემოთ ჩამოთვლილი პირების აზრით, რელიგიურ გაერთიანებათა შესახებ კანონის ამოქმედების შემთხვევაში, ნაკლებად იარსებებს საფუძველი რელიგიური ნიშნის საფუძველზე დაპირისპირებისთვის.

და მიანც, არის თუ არა საჭირო სპეციალური კანონის მიღება მაშინ, როცა კონსტიტუციაში შეტანილია ჩანაწერი სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების დადების თაობაზე. კანონის მიღების მომხრეების აზრით, იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი შეთანხმება არ შედგა, ეკლესია იძულებულია სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურებთან შეთანხმება გააფორმოს, “ამდენად, მასსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის მოსაწესრიგებლად კანონი საჭიროაო,”- ფიქრობენ ისინი. “ურიგო არც რელიგიური რწმუნებულების ინსტიტუტის აღდგენა იქნებოდაო, ”-აღინიშნა თბილისში, აჭარის წარმომადგენლობაში, გამართულ შეხვედრაზე და, ყველას მაგივრად, დეკანოზმა როსტომ ლორთქიფანიძემ თქვა:

[როსტომ ლორთქიფანიძის ხმა] “საქართველოში რომ ქრისტიანობაა, კამბოჯაში შეიძლება იყოს და არა საქართველოში. ქრისტიანობა არის ფილოსოფია ჯვარზე ასვლის შესახებ. ჩვენ ის პაჩი-პუჩის და სიყვარულის აპოლოგიად გადავაქციეთ, ტირილად, არ არის ეს ასე მარტივი და არ გვეკადრება ჩვენ ეს. მე შეურაცხყოფილი ვარ. გვჭირდება თუ არა რელიგიის შესახებ კანონი? მე თქვენ გეკითხებით: “რა შეკითხვაა ეს?” “

“თუ სახელმწიფოს აშენება გვინდოდა, შენება ასეთი კანონის მიღებით და ამოქმედებით უნდა დაგვეწყო, მაშინ არც ამდენი სექტანტი იქნებოდა და არც მკალავიშვილის სადამსჯელო ექსპედიციები მოეწყობოდა,” - თქვა დეკანოზმა ლორთქიფანიძემ და დასძინა:

[როსტომ ლორთქიფანიძის ხმა] “ სახელმწიფომ, ოფიციოზმა არ იცოდა და არც დღეს იცის რელიგიის პოლიტიკური დანიშნულება, მაინცდამიანც ბომბების სროლა უნდა დავიწყოთ? უბრალოდ მოხდება ეს ამბავი, თუ პროცესი კიდევ გაჭიანურდება, მე გავხდები მკალავიშვილი და თქვენ ნახავთ, რომ უფრო ცუდ კლიმატს შევქმნი. უფრო ბევრ ხალხს ვიცნობ და უფრო მეტი ძალაც მაქვს.”

როსტომ ლორთქიფანიძემ “რელიგიურ გაერთიანებათა შესახებ კანონპროექტის” შემუშავებაში მონაწილეობა პერსონალურად, საკუთარი სახელით მიიღო და არა საპატრიარქოს სახელით. მის გარდა, აღნიშნულ კანონპროექტზე საქართველოში მოქმედი სომხური სამოციქულო ეკლესიის, კათოლიკური, ლუთერანული, აგრეთვე, ბაპტისტური ეკლესიების წარმომადგენლები მუშაობდნენ. კანონპროექტი გასაცნობად დაეგზავნა თბილისელი მუსულმანებისა და ებრაელების რელიგიურ ლიდერებს.

ის განსაზღვრავს რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის წესს, შეეხება რელიგიურ გაერთიანებათა საკუთრებას. აქვე შევნიშნავ, რომ კანონპროექტის ავტორებს არასწორად მიაჩნიათ რელიგიურ გაერთიანებათა სახელმწიფო გადასახადებისგან გათავისუფლება და დაუშვებლად წარმოუდგენიათ რელიგიური გაერთიანებების მიერ გადასახადებისა და მოსაკრებლების დაწესებაც. კანონპროექტში არ არის საუბარი ეკლესიისთვის მიწის გადაცემაზე. ამ კანონპროქტის მომხრეებს ფარისევლობად მიაჩნიათ ზოგიერთი პოლიტიკოსის მოთხოვნა კერძო პირთა უკანონო ქონების ეკლესიისთვის გადაცემის შესახებ.

ასეა თუ ისე, მათ არა აქვთ იმედი, რომ პარლამენტი სწორედ ზემოხსენებულ კანონპროექტს მოჰკიდებს ხელს. რელიგიურ გაერთიანებათა შესახებ კანონპროქტზე იუსტიციის სამინისტროც მუშაობს და, შესაძლოა, იქ უკვე მომზადებული კანონპროქტის გარკვეული დეტალები გაითვალისწინონ, თუმცა დანამდვილებით მაინც არავის შეუძლია თქვას, რომ ასეთი კანონი აუცილებლად მიღებული იქნება.

როგორც ვთქვით, რელიგიის შესახებ კანონის მიღებას რელიგიური უმცირესობების კანონით შეზღუდვის შიში უკავშირდება. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ირაკლი სურგულაძე კი ამბობს, რომ, ადამიანის - რელიგიური უმრავლესობისა თუ უმცირესობის წარმომადგენლის - უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრის გარეშე, სახელმწიფოს არაფერი გამოუვა.
XS
SM
MD
LG