Accessibility links

logo-print

“ოპიუმი” (სუნამო) ხალხისათვის


ადამიანების მცირე ნაწილი მიიჩნევს თავს რეკლამის მსხვერპლად.

ბევრი ამას ვერ ამჩნევს, მაგრამ ჩვენ ყველანი რეკლამის მსხვერპლი მაინც ვართ. თუნდაც იმიტომ, რომ ტელეეკრანზე თუ ჟურნალში ნანახი ლამაზი სურათხატები მოგვწონს და მიუხედავად იმისა, რომ ისინი ხელოვნების ნიმუშს არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენენ, მათ ლამაზად და მიმზიდველად მივიჩნევთ. არადა, კარგად თუ დავუკვირდებით, ამ სურათების მიღმა მწარმოებლის ან ვაჭრის უსაზღვრო სურვილია, მოგვასაღოს საქონელი, რომელიც ძალიან ხშირად ნახატზე გადაჭარბებულად მომხიბლავად და სასარგებლოდ, საინტერესოდ და განუმეორებლად არის მოწოდებული.

თუკი ჩვენ გვესმის, რომ რეკლამა ჩვენზე ძალადობაა, ანუ გვაიძულებენ ვიყიდოთ ესა თუ იმ ის პროდუქტი ისე, რომ საკუთარი ინიციატივით ამას არ გავაკეთებდით, ის ანტიადამიანურია. ეს თუ გვესმის, რეკლამით სარგებლობა მშვიდად შეგვიძლია. რეკლამას სხვადასხვა ტრადიცია აქვს სხვადასხვა ქვეყანაში. იქ, სადაც არის რეკლამა, არსებობს მისი რეგულირების ინსტრუმენტებიც. რეკლამის გაკეთება ფული ღირს, ამ საქმეში ჩახედულებმა და ჩაუხედავებმაც იციან, რომ ის ბევრი ფული ღირს და ეს ერთობ საჭირო ხარჯია, რომელიც, თუკი კარგად კეთდება, ეფექტიანიც არის. ერთი მაგალითი: საკომუნიკაციო ტექნიკის სავაჭრო ფირმამ “მედია მარკტმა” გერმანიაში თავის რეკლამაზე დაიტანა წარწერა, “უფრო მეტია შიგ, ვიდრე გგონიათ”. სურათზე გამოსახული იყო ახალგაზრდა ქალი, რომელსაც დეკოლტეში წყვილი მკერდი კი არ ჰქონდა, არამედ კომპიუტერული ტექნიკის საშუალებით, მესამე მიხატული. სულ გავრცელდა 15 ათასი ასეთი პლაკატი. რეკლამას მოჰყვა პროტესტები, მაგრამ ამის პარალელურად არნახულად გაიზარდა ფირმის კლიენტების რაოდენობა.

სიმახიჯე, უგემოვნობა, ქალების დისკრიმინაცია – ყველაფერი ეს მართლაც ახასიათებდა ამ რეკლამას, მაგრამ საქონელი, რომელსაც “მედია მარკტი” სთავაზობდა ხალხს, მეტი რაოდენობით გაიყიდა, ვიდრე უწინ. ევროპის ქვეყნებს აქვთ სარეკლამო საბჭოები, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დასახელება აქვს. ამ უწყებების თანამშრომლები სარეკლამო ინდუსტრიის ნორმებს იცავენ. “მედია მარკტს” აუკრძალეს რეკლამა სამმკერდიანი ქალის გამოსახულებით, ჩამოიხსნა კიდეც ყველა პლაკატი, მაგრამ, როგორც გითხარით, მათ საქმე უკვე გაკეთებული ჰქონდათ.

საინტერესოა ერთი რამ: უწყება, რომელიც რეკლამებს აკონტროლებს და ხანდახან მათ კრძალავს კიდეც, კარგ სამსახურს უწევს ფირმებს. იმიტომ, რომ უგემოვნო რეკლამას ხალხის ცნობიერებაზე ზემოქმედება მცირე ხნით აქვს ხოლმე და თუ ადამიანები გაერკვნენ, გონს მოვიდნენ და დაუკვირდნენ იმ სურათებს რომელსაც სთავაზობენ, უკურეაქცია არ დააყოვნებს. სარეკლამო ინდუსტრია ხშირად იძულებულიც არის, მიმართოს უკიდურეს ფორმას და უზნეობა ჩაიდინოს საქონლის გასაღების და, რაც ამ შემთხვევაში არანაკლებ მნიშვნელოვანია, ფულის დაზოგვის მიზნით. ფულის დაზოგვა კი ფირმებს უწევთ, უწევთ მდიდარ ფირმებსაც. საერთო სტატისტიკით, ბოლო წელიწადში სარეკლამო ხარჯები მთელ მსოფლიოში 6 პროცენტზე მეტით შემცირდა. ამ მხრივ რეკორდი გერმანიის “ტელეკომს” ეკუთვნის, რომელმაც 59 პროცენტით შეამცირა ეს ხარჯი. ასევე არ იყო მცირე ის ეკონომია, რომელიც საყოველთაოდ ცნობილი სარეცხი საშუალების “არიელის” მწარმოებელმა ფირმამ გასწია. რეკლამაში მან, წინა წელთან შედარებით, 23 პროცენტით ნაკლები ჩადო. შესაბამისად, სარეკლამო კომპანიები, რომლებიც უშუალოდ აწარმოებენ რეკლამას, იძულებული გახდნენ, მეტად აგრესიული გამხდარიყვნენ და მეტი პროვოკაციისთვის მიემართათ. ამიტომაც მოჰყვა ამ ტენდენციას სათანადო რეაქცია, საჩივრებიც მეტი გაჩნდა.

ჩეხეთის რესპუბლიკაში სულ რამდენიმე დღე გაძლო, მგონია, სათანადო ეფექტის მოხდენაც ვერ მოასწრო ზამთრის სპორტული აღჭურვილობის სავაჭრო ფირმის რეკლამამ, რომლის პლაკატები მეტროს ვაგონებში იყო გამოკრული. ნახატზე გამოსახული იყო ქალის შიშველი მკერდი, რომელზეც, ისევე, როგორც მთიდან, ეშვებოდა მოთხილამურე, მკერდის თავი კი ტრამპლინის მაგივრობას სწევდა, ანუ იმ ადგილისას, საიდანაც ფრენა იწყებოდა. ეს რეკლამა, როგორც გითხარით, ქალთა დისკრიმინაციის გამო, მალევე აკრძალეს, ახლა მაღაზიებში მხოლოდ ღია ბარათები იყიდება ამ გამოსახულებით.

სარეკლამო სააგენტოები არ ერიდებიან იმ ძველი პრინციპით მოქმედებას, რომ საზიზღარში არის სალაღობოც. ამ პრინციპს მიმართავდა ქსოვილების მწარმოებელი “ბენეტონი”. მის რეკლამაზე უკვე 90-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული ხშირად ნახავდით ნავთობში ამოთხვრილი დახოცილი ჩიტების ფოტოს, ან კიდევ შიდსით დაავადებულების გამოსახულებას.
სარეკლამო სააგენტოები და ფირმები, რომლებიც თანახმა არიან, მათ უზნეო რეკლამა გაუკეთონ, მიიჩნევენ, რომ თუ მიზანი მიღწეულია, ადამიანებიც ეთანხმებიან ამ გამოსახულებების არსებობას. მეტიც, ისინი აცხადებენ, რომ აკრძალვა სარეკლამო საბჭოების მხრიდან გადაჭარბებულია, რადგან ისინი მხოლოდ ზოგიერთების აზრს ეფუძნება.

“ოპიუმის” სახელით ცნობილი სუნამოს რეკლამა, რომელზეც მშვენიერი პროპორციების მქონე წითელთმიანი შიშველი ქალბატონი იყო გადაწოლილი, აიკრძალა მხოლოდ ინგლისში, მიუხედავად იმისა, რომ ქალთა ორგანიზაციების პროტესტი საფრანგეთშიც გამოითქვა და გერმანიაშიც. პირიქით, გერმანიის სარეკლამო საბჭოს ხელმძღვანელმა ამ რეკლამაში მხოლოდ ესთეტიკა იხილა. ასეთი მაგალითი ბევრია.
რეკლამის მაგიური ზემოქმედების და მისი განუსაზღვრელი ძალის წინაშე რომ ყველა უმწეოა, იმაშიც ჩანს, რომ პოლიტიკოსთა გამოსახულების გამოყენებისას, ისინი უძლური არიან, პროტესტი გამოთქვან. თანაც, რეკლამაში მათი აშკარა კრიტიკაც ხშირია ხოლმე. კარგი მაგალითია ავტომანქანების გამქირავებელი ფირმა “სიქსტის” რეკლამა, რომელშიც გერმანიის კანცლერი შრიოდერია ჩართული. კანცლერი “სიქსტის” ავტომანქანაში ზის და მარჯვნივ და მარცხნივ იყურება, ჩვენ კი განგვიმარტავენ, რომ “სიქსტი” ავტომანქანებს მათ მიაქირავებს, ვინც არ იცის, საით უნდა წავიდეს.
XS
SM
MD
LG