Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში


ანდრო ეული, პრაღა კვირას, 31 მარტს უკრაინელები ახალ პარლამენტს აირჩევენ. 450-ადგილიან პარლამენტში მოხვედრას 30-ზე მეტი პარტია და გაერთიანება შეეცილება ერთიმეორეს.

მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, კანონმდებელთა ნახევარი მაჟორიტარული სისტემით იქნება არჩეული ერთმანდატიან უბნებში, ხოლო მეორე ნახევარი - პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილი სიების მიხედვით. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა 4-5 პარტიას უწინასწარმეტყველებს 4-პროცენტიანი ბარიერის გადალახვას.

პრეზიდენტმა კუჩმამ, რომელსაც ფაქტობრივად არ ეხება ეს არჩევნები, ძალისხმევა არ დაიშურა და აქტიური კამპანია გააჩაღა თავისი საარჩევნო ალიანსის - ”ერთიანი უკრაინის” მხარდასაჭერად, რომელშიც რესპუბლიკის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ანატოლი კინახი, მთავრობის 4 მინისტრი და რამდენიმე რეგიონული ლიდერია გაერთიანებული. ყველაზე სერიოზულ მეტოქეობას კუჩმას ალიანსს უწევს ცენტრალური ბანკის ყოფილი მმართველი და ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ იუშჩენკო, რომლის ბლოკს ”ჩვენი უკრაინა”, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, ამომრჩეველთა უმრავლესობა ანიჭებს უპირატესობას. პარლამენტში მოხვედრის კარგი შანსები აქვს პრემიერ-მინისტრის ყოფილი მოადგილის, იულია ტიმოშენკოს პარტიასაც. თუმცა, კანზასის უნივერსიტეტის პროფესორის, პოლ დანიერის აზრით, მაშინაც კი, თუ იუშჩენკოსა და ტიმოშენკოს პარტიები წარმატებას მოიპოვებენ არჩევნებში, მათ სერიოზული დაპირისპირება მოუხდებათ მემარცხენე დაჯგუფებებთან, რომლებიც ეწინააღმდეგებიან რეფორმისტულ პროცესს და ალბათ საკმაო რაოდენობითაც მოიპოვებენ ადგილებს პარლამენტში.

რაც შეეხება ლეონიდ კუჩმას, მას არაერთი ბრალდება წაუყენეს უკანასკნელ თვეებშიკანონმდებლებმა, იყო ეს იარაღის უკანონო გაყიდვით მიღებული მოგება თუ პოლიტიკურ ოპონენტთა ლიკვიდაციაში თანამონაწილეობა, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტმა წარმატებით გაართვა ყოველივე ამას თავი. ამ თვის დასაწყისში, 160-მა დეპუტატმა სთხოვა გენერალურ-პროკურორს მიკოლა პოტაბენკოს, სისხლის სამართლის საქმე აღეძრა იმასთან დაკავშირებით, რომ კუჩმა დაეხმარა ყოფილ პრემიერ-მინისტრს პავლო ლაზარენკოს, რომელიც სან-ფრანცისკოშია ამჟამად დაპატიმრებული ფულის ”გათეთრებისა” და მოპარული ქონების საზღვარგარეთ გატანის ბრალდებით. ლაზარენკო 1999 წელს გაიქცა უკრაინიდან შეერთებულ შტატებში, მას შემდეგ, რაც ის სახელმწიფო სახსრების მითვისებაში დაადანაშაულეს.

გასულ კვირაში ამერიკის კონგრესი დახმარების შეწყვეტით დაემუქრა უკრაინას, თუ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები რესპუბლიკაში არ იქნება სამართლიანი და თავისუფალი. რეზოლუციებში, რომლებიც კონგრესის ორივე პალატამ მიიღო, ნათქვამია, რომ უკრაინაში მყოფმა ადგილობრივმა მეთვალყურეებმა უკვე აღრიცხეს მთელი რიგი დარღვევები, მათ შორის მთავრობის ზეწოლა ოპოზიციასა და ინფორმაციის დამოუკიდებელ საშუალებებზე, აგრეთვე ცალკეულ პიროვნებათა იძულება, შეუერთდნენ ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიას.

მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგსა და იმაზე, თუ როგორ შეაფასებენ მას უცხოელი მეთვალყურეები, დიდად იქნება დამოკიდებული უკრაინის მომავალი ურთიერთობა დასავლეთთან. კუჩმას მმართველობის პერიოდში უკრაინის უწინდელი და საკმაოდ თბილი ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ერთობ დაიძაბა. საპარლამენტო არჩევნების მსვლელობას უკრაინაში ათასი საერთაშორისო მეთვალყურე, მათ შორის, ეუთოს 400 წარმომადგენელი, დაესწრება.
XS
SM
MD
LG