Accessibility links

logo-print

მორიგი ტერორისტული აქტი ისრაელში


ანდრო ეული, პრაღა უკანასკნელი მონაცემებით 20 ადამიანი დაიღუპა და 170-ზე მეტი დაიჭრა ოთხშაბათს ღამით ისრაელის ზღვისპირა ქალაქ ნეთანიაში, როცა პალესტინელმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ყუმბარა ააფეთქა სასტუმროს საბანკეტო დარბაზში.

ტერაქტისთვის პასუხისმგებლობა დაჯგუფება ”ჰამასმა” აიღო თავის თავზე. პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ტერორისტებს შეერთებული შტატების დესპანის, ენტონი ზინის სამშვიდობო მისიის ჩაშლა აქვთ განზრახული.

ისრაელის მთავრობამ პალესტინელთა ავტონომიის ლიდერს იასირ არაფატს დააკისრა ამ აქტისთვის პასუხისმგებლობა და განაცხადა, რომ არაფატს არ სურს ტერორიზმის აღსაკვეთად ქმედითი ზომების მიღება. ამასობაში, ამერიკის საელჩომ ისრაელში განაცხადა, რომ ვაშინგტონის საგანგებო წარგზავნილი ენტონი ზინი არ დატოვებს ახლო აღმოსავლეთს, მიუხედავად იმისა, რომ ოთხშაბათს ისრაელში მორიგი ტერორისტული აქტი მოხდა.

იასირ არაფატმა თავისი უშიშროების უწყების ხელმძღვანელებს უბრძანა, დააპატიმრონ ტერორისტული დაჯგუფებების: ”ჰამასის”, ”ისლამური ჯიჰადისა” და ”ალ აქსას წამებულთა ბრიგადის” ლიდერები. ისრაელის მხრიდან საპასუხო აქციის მოლოდინში მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე პალესტინელთა ავტონომიის დაწესებულებებიდან ხუთშაბათს თანამშრომლები იქნენ ევაკუირებული.

ჰამასის წევრი, 25 წლის აბდელ ბასეთ ოდე, რომელიც ქალაქის სასტუმროებში მსახურობდა ადრე, ადგილობრივი დროით 19 საათსა და 15 წუთზე შევიდა ნეთანიას”პარკ ჰოეტლში” და საბანკეტო დარბაზში, სადაც ებრაული წმიდა დღესასწაულის, პასექის ვახშამზე მისული 250-დე ადამიანი მაგიდებთან იჯდა, თავი აიფეთქა. პოლიციის ცნობით, აფეთქების შედეგად სხვებთან ერთად შვედი ქალი, აგრეთვე ევროპიდან ჩასული რამდენიმე ტურისტიც დაიღუპა. 81 ადამიანი საავადმყოფოებში მოათავსეს, მათ შორის 23-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბინიამინ ბენ-ელიეზერმა სარდლობის სხდომა მოიწვია ხუთშაბათს პალესტინელთა წინააღმდეგ საპასუხო აქციის შესათანხმებლად. პრემიერ-მინისტრ არიელ შარონის მრჩეველმა რაანან გისინმა განაცხადა, რომ ისრაელმა არაორაზროვნად შეახსენა შეერთებულ შტატებს, რომ იტოვებს უფლებას,სათანადო პასუხი გასცეს აგრესიას, თუ პალესტინელები ტერორისტულ თავდასხმას განახორციელებენ სამშვიდობო მოლაპარაკებათა მსვლელობის დროს. ”პრობლემა იმაშია, რომ პალესტინელთა ავტონომია ტერორისტული წარმონაქმნია, რომელმაც ისრაელის მოქალაქეებს გამოუცხადა ომი. ჩვენი ვალია - დავამხოთ ეს ბოროტი რეჟიმი” - განაცხადა მთავრობის სხდომაზე ისრაელის განათლების მინისტრმა ლიმორ ლივნატმა.

ვაშინგტონში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა მოუწოდა იასირ არაფატს ტელევიზიით მიმართოს თავის თანამემამულეებს და მოითხოვოს, რომ მათ ბოლო მოეღოს ისრაელ მოქალაქეებზე ტერორისტულ თავდასხმებს.
”ამგვარი ქმედება ძირს უთხრის ნებისმიერ მოლაპარაკებას, რაც პალესტინის სახელმწიფოს დაარსებისკენაა მიმართული” - დასძინა კოლინ პაუელმა.

ხუთშაბათს ბეირუთში, ორდღიანი სამიტის დასკვნით სხდომაზე, არაბული ქვეყნების ლიდერებმა ერთხმად მოიწონეს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა, რომელიც საუდის არაბეთმა წამოაყენა. ამ გეგმის თანახმად, არაბული ქვეყნები ”ურთიერთობათა ნორმალიზაციას” სთავაზობენ ისრაელს, თუ ეს უკანასკნელი თავის ჯარს გაიყვანს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს, რომლის დედაქალაქი აღმოსავლეთი იერუსალიმი იქნება და, ამასთანავე, სცნობს პალესტინელ ლტოლვილთა უფლებას, დაბრუნდნენ სამშობლოში.
XS
SM
MD
LG