Accessibility links

logo-print

ზოგიერთი მონაცემი უმუშევრობის შესახებ საქართველოში


გიორგი კაკაბაძე, თბილისი “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” ბიულეტენის 64-ე ნომერში გამოქვეყნებულია კახაბერ ჯაყელისა და გიგა გველესიანის სტატია,

სათაურით “უმუშევრობის თანამედროვე სოციალური და ეკონომიკური ასპექტები.”

სტატიაში ნათქვამია, რომ, “2001 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს დასაქმების სამსახურში რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებელთა რიცხვმა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4,2%-ით იკლო და 113,2 ათასი ადამიანი შეადგინა.მათგან 95%-ზე მეტი უმუშევარი იყო. ამავე პერიოდისათვის ქვეყანაში რეგისტრირებულია 108 ათასი უმუშევარი, რომელთა 54% ქალია. რეგისტრირებული უმუშევრების უმეტესი ნაწილი საშუალო ასაკისაა, უმუშევართა შორის საშუალო განათლების მქონე ადამიანები სჭარბობენ. სამუშაოს მაძიებელთა და უმუშევართა ნახევარზე მეტი რეგისტრირებულია შემდეგ ოთხ რეგიონში: თბილისში, იმერეთში, ქვემო ქართლსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.”

ნაშრომში აღნიშნულია, რომ “ქვეყანაში სამუშაო ადგილების ნაკლებობის გამო საკმაოდ ბევრი მოქალაქე საზღვარგარეთ მიემგზავრება. ძირითადად, ესენი არიან სამხედროები, ხელოვნების მუშაკები, სტუდენტები, პედაგოგები, მუშები, ეკონომისტები და ექიმები.”

ავტორთა თქმით, დღეისათვის საქართველოში ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემა იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმებას უკავშირდება. ამ მხრივ, ყველაზე ცუდი მდგომარეობა იყო 1997 წელს, როდესაც სამუშაო ადგილის 532 მაძიებლიდან მხოლოდ 2 იქნა დასაქმებული. შარშან 6 478 მაძიებლიდან 97 ადამიანის დასაქმება მოხერხდა.

სტატიის მიხედვით, უმუშევრობის დაძლევასთან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავებაში ერთ-ერთ ფაქტორს მოსახლეობის დემოგრაფიული სტრუქტურა წარმოადგენს. ნაშრომში მოყვანილია პროფესორ ანზორ თოთაძის დემოგრაფიული კვლევა, რომლის მიხედვით, “თბილისის მოსახლეობის საშუალო ასაკი 33,5 წელს შეადგენს. ამასთან, ქალების საშუალო ასაკი 35,2 წელია და აღემატება მამაკაცების საშუალო ასაკს, რომელიც 31,5 წელს უტოლდება.
აღსანიშნავია, რომ ვაჟების შობადობის მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე გოგოებისა, ამასთან ერთად, სხვადასხვა ფაქტორის გამო, ადრეულ ასაკში ვაჟების სიკვდილიანიბის მაჩვენებელიც აღემატება გოგოებისას.

ოც წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაჟები უფრო მეტნი არიან, ვიდრე გოგოები, მაგრამ მომდევნო ჯგუფებში ქალები მნიშვნელოვნად აღემატებიან მამაკაცებს. მაგალითად, 20-24 წლების ჯგუფში მათ შორის სხვაობა 8 ათასზე მეტია. საინტერესოა ისიც, რომ 15-დან 49-წლამდე ასაკის ქალთა რიცხვი 45 ათასით აჭარბებს ამავე ჯგუფის მამაკაცთა რიცხვს.”

უმუშევრობის პრობლემაზე გარკვეული წარმოდგენის შესაქმნელად, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ ჩატარდა გამოკითხვა შრომის ბირჟაზე. გამოკითხულთა დაახლოებით ნახევარი მიიჩნევს, რომ უმუშევრობის ძირითადი განმსაზღვრელი მიზეზი ქვეყანაში არსებული მძიმე და არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობაა. ამასთან ერთად, რესპონდენტთა დიდი უმრავლესობა სახელმწიფოს ანიჭებს მთავარ როლს დასაქმების პრობლემის გადაწყვეტაში. ნაშრომის ავტორთა თქმით, ასეთი პოზიციის არსებობას, როგორც ჩანს, საბჭოთა წარსული განაპირობებს.
XS
SM
MD
LG