Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მორიგი გაფრთხილება


რუსეთის საკურორტო ქალაქ სოჭში მეორე დღეა გრძელდება “კავკასიური ქვეყნების" ოთხეულის უშიშროების საბჭოს მდივნების შეხვედრა.

პარალელურად პარასკევს მოსკოვში დაიწყო რუსეთ-საქართველოს ექსპერტთა მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, რომელზეც ჩარჩო ხელშეკრულების სამხედრო-პოლიტიკურ ასპექტებს განიხილავენ. თუმცა სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებზე დიალოგის გააქტიურება ჯერჯერობით ვერავითარ სასიკეთო გავლენას ვერ ახდენს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე, რომელიც კვლავინდებურად მეტად მწვავე და არაპროგნოზირებადი რჩება.

ისე მოხდა, რომ ბოლო კვირის განმავლობაში რუსეთ-საქართველოს სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში "პირველი ვიოლინოს" როლს თავდაცვის მინისტრები ასრულებენ და შედეგმაც, როგორც იტყვიან, არ დააყოვნა.

თავდაპირველად სენსაციური ცნობა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გააკეთა და საინფორმაციო საშუალებებს იმ ფართომასშტაბიანი პროვოკაციის სამზადისის თაობაზე უამბო, რომელიც, თევზაძის თქმით, "ანტიტერორისტული თანამშრომლობის ჩარჩოებში საქართველო-ამერიკის თანამშრომლობის ჩასაშლელად იყო გამიზნული".

საქართველოს სამხედრო უწყების თავკაცის ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციით, ერთ-ერთი სახელმწიფოს სპეცსამსახურების მიერ სპეციალურად მომზადებული დივერსიული ჯფუფი მარტის ბოლოს განახორციელებდა თავდასხმებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განლაგებული რუსეთის მშვიდობის დამცველთა საგუშაგოებზე. პროვოკაციის სცენარის მიხედვით, ამას მოჰყვებოდა რუსი სამხედროების საპასუხო ძალადობა, რაც მასშტაბურ შეტაკებებში გადაიზრდებოდა.

ნიშანდობლივია, რომ ეს საგანგაშო პროგნოზი 26 მარტის საღამოს გაკეთდა. მეორე დღეს კი, გამთენიისას, აფხაზეთის ტერიტორიაზე ტერაქტების სერია განხორციელდა, იმ განსხვავებით, რომ თავდასხმების სამიზნე არა რუსი სამხედროები, არამედ აფხაზეთში მცხოვრები მშვიდობიანი მოქალაქეები გახდნენ.

თევზაძის მსგავსად, პრევენციული ხასიათის განცხადება ოდნავ მოგვიანებით მისმა რუსმა კოლეგამაც გააკეთა.
თუმცა უშიშროების საბჭოს მდივნად ნამუშევარი სერგეი ივანოვის შეფასებებში უფრო პოლიტიკური აქცენტები ჭარბობდა, რის გამოც რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებას 29 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საგანგებოდ რუსულ ენაზე შედგენილი ნოტით გამოეხმაურა და რუსეთის ხელისუფლებისგან განმარტებები მოითხოვა.

[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა] "ჩვენს გაკვირვებას იწვევს მსგავსი განცხადებები იმ ფონზე, როდესაც უკანასკნელი კვირების განმავლობაში ცოტა როდი გაკეთდა ქართულ-რუსული დიალოგის აქტივიზებისათვის, მათ შორის, ჩარჩო-ხელშეკრულების შემუშავებისა და რიგ სხვა საკითხებზე ჩვენი მოლაპარაკებების აქტივიზაციის მიზნით. შესაბამისად, სწორედ ეს დისონანსი, რაც მთელ ამ პროცესში შეაქვს ბატონ ივანოვის განცხადებებს, იწვევს ჩვენს გაკვირვებას და აუცილებელს ხდის, სიტუაციას ნათელი მოეფინოს".

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საინფორმაციო საშუალებებისთვის ხუთშაბათს მიცემულ ინტერვიუში რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა განაცხადა, რომ აფხაზეთში ვითარების დაძაბვამ და ამერიკული სპეცრაზმის გამოჩენამ შეიძლება გავლენა იქონიოს საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანაზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განსაკუთრებით აღაშფოთა ივანოვის მინიშნებებმა "პრევენტულ ზომებსა" და "საგარეო პოლიტიკაში ძალისმიერი საყრდენების" გამოყენების აუცილებლობაზე, რასაც ირაკლი მენაღარიშვილმა "შესაძლო ძალისმიერი მოქმედებების თაობაზე ერთობ გამჭვირვალე მუქარა" უწოდა.

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთის მხარე ოპერატიულად მოახდენს რეაგირებას ქართველი კოლეგების დემარშზე, რათა თავიდან იქნას აცილებული ის გაუგებრობები, რაც, შესაძლოა, იგორ სერგეევის ამ შეფასებებს მოჰყვეს და გავლენა იქონიოს ორმხრივი დიალოგის შემდგომ ბედზე.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG