Accessibility links

logo-print

ახალციხის სასამართლომ “ჰეპატიტის საქმის” განხილვა დაიწყო


სოზარ სუბელიანი, თბილისი 29 მარტს ახალციხის სასამართლომ ჰეპატიტით დაზარალებული მოქალაქეების სარჩელის განხილვა დაიწყო. 5 მარტის გადაცემაში რადიო “თავისუფლებამ” უკვე ისაუბრა ამ პრეცედენტული სარჩელის შესახებ,

რომლითაც 500-ამდე მოსარჩელე, ორჰუსის კონვენციის საფუძველზე, ადგილობრივი ხელისუფლებისგან იმ მატერიალური და მორალური ზარალის ანაზღაურებას ითხოვს, რომელიც მათ “ა” ჰეპატიტის გავრცელებამ მიაყენა. ადგილობრივი ხელისუფლების გამოქომაგება თავის თავზე ახალციხის პროკურატურამ აიღო, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატ მესხთა კავშირის” წევრებს მუქარა შეუთვალა, რომ თუ მოქალაქეების დახმარებასა და წაქეზებას არ შეწყვეტდნენ, მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავდა.

კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ სარჩელის შეტანის ინიციატორი სწორედ ზემოთ ხსენებული არასამთავრობო ორგანიზაცია იყო. როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე ამირან მესხელი ამბობს, მათი მოქმედება ორი მიზეზით იყო განპირობებული. ჯერ ერთი, “ა”ჰეპატიტი მძიმე დაავადებაა, მისი მკურნალობა ძვირი ჯდება და, რამდენადაც ეპიდემიის გავრცელება ადგილობრივი ხელისუფლების დანაშაულებრივი უყურადღებობით მოხდა, დაზარალებულმა მოსახლეობამ გარკვეული კომპენსაცია უნდა მიიღოს. მით უმეტეს, რომ 500-ამდე დაავადებულიდან 330-ზე მეტი არასრულწლოვანი იყო.

ამასთან, მესხელის აზრით, კონკრეტული მოქალაქეების დახმარებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია პრეცედენტის შექმნა, როცა ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს იმის გამო, რომ მან თავისი მოვალეობა არ შეასრულა.

სამაგიეროდ, ასე არ ფიქრობს რაიონის პროკურორი შოთა ჩილინგარაშვილი, რომელმაც “დემოკრატ მესხთა კავშირსა” და მის თავმჯდომარეს შემდეგი შინაარსის წერილი მისწერა: “როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, თქვენ მიერ ხდება გამოძიების გვერდის ავლით მასალების შეგროვება და ჰეპატიტით დაავადებულ პირთა სახელით სასამართლოში სამოქალაქო სარჩელის შეტანა, როცა აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. იმას, რასაც თქვენ აკეთებთ, მას აკეთებს გამოძიება და თქვენ მოქმედი კანონმდებლობით არა გაქვთ უფლება, ფაქტიურად აწარმოოთ პარალელური გამოძიება. თქვენი ასეთი მოქმედებით ხელი გვეშლება საქმეზე ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიების ჩატარების საქმეში, რის გამოც გთხოვთ, თავი შეიკავოთ ასეთი ქმედებებისგან ჩვენ მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.”[ სტილი დაცულია].

როგორც ამირან მესხელი ამბობს, პირად საუბარში პროკურორი ჩილინგარაშვილი და მისი თანაშემწე გოჩა პარუნაშვილი სისხლის სამართლის საქმის აღძვრითაც იმუქრებოდნენ: [ამირან მესხელის ხმა] “შეხვედრისას პროკურორისგან და მისი თანაშემწისგან იყო დამუქრება, რომ თუ ჩვენ არ შევწყვეტდით მოქალაქეების ინიცირებას, რომ მათ შეიტანონ სამოქალაქო სარჩელი და იბრძოლონ სასამართლოში საკუთარი უფლებების აღსადგენად, ჩვენს წინააღმდეგ, როგორც გამოძიებისთვის ხელის შემშლელი სტრუქტურისა და პირების წინააღმდეგ, აღიძვრებოდა სისხლის სამართლის საქმე”.

ანტიკორუფციული საბჭოს წევრი, იურისტი გია გეწაძე აცხადებს, რომ ამგვარი მუქარა თავისუფლად შეიძლება თანამდებობის გადამეტებად შეფასდეს, რასაც, მინიმუმ, თანამდებობიდან გათავისუფლება უნდა მოჰყვეს. რაც შეეხება თავად დოკუმენტს, მისი კომენტირება, გეწაძის აზრით, უბრალოდ, შეუძლებელია: [გია გეწაძის ხმა] “მე ძალიან ვწუხვარ, რომ საქართველოს პროკურატურაში კიდევ დარჩა ისეთი ხალხი, რომელიც განსხვავებას ვერ ხედავს სისხლის სამართლებრივ საქმეებსა და სამოქალაქო სამართლებრივ საქმეებს შორის, და დარჩნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მოქალაქეს არ შეუძლია ინფორმაციის შეგროვება იმისათვის, რომ სამოქალაქო სარჩელი შეიტანოს სასამართლოში”.

სასამართლო პროცესი 18 აპრილს განახლდება, ამ ეტაპზე კი შეიძლება ითქვას, რომ სასამართლოს თავმჯდომარე ავთანდილ თელიაშვილი პროცესს სრული სერიოზულობით მოეკიდა და საქმის განხილვა სამკაციან სასამართლო კოლეგიას მიანდო.
XS
SM
MD
LG