Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული ერთი პოლიტიკური პრობლემა


საქართველოში პოლიტიკური სპექტრის დალაგების პროცესი მიმდინარეობს. ამ პროცესის დასრულებამდე ადგილობრივი არჩევნების ჩატარება პარტიებს, ლოგიკის თანახმად, ხელს არ უნდა აძლევდეს.



მეორე მხრივ, თვითმმართველობის არჩევნების შედეგებმა, შესაძლოა, სერიოზული ცვლილებები შეიტანოს პრეზიდენტის ძალაუფლების ხარისხში. ედუარდ შევარდნაძეს პარლამენტისგან ჯერ არ მიუღია ის ბერკეტი, რომელიც ადგილებზე მისი ძალაუფლების შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

მაგრამ არსებობს კიდევ ერთი - წმინდა პოლიტიკური - ფაქტორი, რომელიც, თავის მხრივ, ბურუსში ხვევს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების საკითხს.

საქართველოს პრეზიდენტი დაბეჯითებით ითხოვს, რომ ამ ეტაპზე პარლამენტმა მას დაუტოვოს არჩეული საკრებულოდან ერთი წევრის შერჩევისა და გამგებლად მისი დანიშვნის უფლება. ეს ნიშნავს, რომ ადგილებზე გამგებელი ისევ პრეზიდენტის დანიშნული და პრეზიდენტისვე ერთგული იქნება.

მოქალაქეთა კავშირის დღევანდელი საპარლამენტო შემადგენლობა უარს ამბობს საკითხის ამგვარ გადაწყვეტაზე და ითხოვს, რომ გამგებელი არჩეულმა საკრებულომ თავად დაასახელოს. ეს ხელს შეუწყობს ადგილებზე თვითმმართველობის განხორციელებას და დაასუსტებს პრეზიდენტის გავლენას.

ედუარდ შევარდნაძესთან ფრაქციების ლიდერების შეხვედრისას პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ როგორც კი ამ საკითხზე კონსენსუსი შედგება, არჩევნების თარიღიც დაინიშნება. მაგრამ ამ საკითხზე შეთანხმების მიღწევა ადვილი საქმე არ არის; პრეზიდენტს კი სურს, პრობლემა კონსენსუსით გადაწყვიტოს და არა კენჭისყრის გზით.

ამ ვითარებაში, შეიძლება ითქვას, რომ თვითმმართველობის არჩევნების საკითხი არა მხოლოდ პარტიების, პრეზიდენტის მხრიდანაც ჭიანურდება. კითხვას "რატომ?" ამგვარად შეიძლება ვუპასუხოთ: პარტიებს სურთ, რომ თვითმმართველობის არჩევნები პროპორციული წესით, ანუ პარტიული სიით, ჩატარდეს. გამგებელი კი მხოლოდ იმ პარტიიდან შეიძლება აირჩეს ან დაინიშნოს, რომელიც ბარიერს გადალახავს. ამიტომ დღევანდელი გამგებლებიც და ბევრი სხვაც ხელისუფლებისგან ელის ფარულ ან ღია შეტყობინებას, თუ რომელია პრეზიდენტის პარტია, ვის დაუჭერს მხარს არჩევნებში სახელისუფლო ინფრასტრუქტურა, რომელი პარტიის სიაში უნდა აღმოჩნდეს პრეზიდენტის ერთგული ხალხი. ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს. პრეზიდენტი ცაიტნოტშია, ადილობრივი არჩევნების ჩატარებამდე მან უნდა განსაზღვროს პოლიტიკური საყრდენი - რომელიმე პარტიის სახით. პრეზიდენტს კი ცაიტნოტი არ უყვარს. ამიტომ, ადგილებზე ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ედუარდ შევარდნაძეს, შეიძლება, თვითმმართველობის არჩევნების გადადება უფრო აძლევდეს ხელს, ვიდრე მისი ჩატარება. შესაძლოა, სწორედ ამის გამო მოითხოვს იგი პარლამენტისგან კონსენსუსს ისეთ საკითხზე, რომელიც შეთანხმებას ძნელად ექვემდებარება. მოკლედ, მაჟორიტარული არჩევნები, რასაც ძველი კანონი ითვალისწინებს, ხელს აძლევს პრეზიდენტს, პროპორციული კი - პარტიებს. ამ ვითარებაში, საფიქრებელია, რომ არჩევნები კიდევ ერთხელ გადაიდება.
XS
SM
MD
LG