Accessibility links

logo-print

“მეათე სტუდია” (428)


წამყვანი: დავით კაკაბაძე, პრაღა 428-ე გამოშვება


დავით კაკაბაძე:
ახლა კი, ძვირფასო რადიომსმენელებო, გთავაზობთ “მეათე სტუდიას”. ჩვენი ყოველკვირეული რადიოჟურნალის 428-ე გამოშვებაში შევეცდებით გავარკვიოთ, შეიქმნება თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა?; გესაუბრებით მოქალაქეთა კავშირისთვის მიმდინარე ბრძოლაზე; გიამბობთ აშშ-ში გამართულ შეხვედრებზე ქართული ლიტერატურის, ხელოვნების, მეცნიერებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან; რადიოჟურნალის მეორე ნაწილს მუსიკის მოყვარულებს დავუთმობთ: ჯერ შემოგთავაზებთ მასალას დიდი გერმანელი კომპოზიტორის ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის გარდაცვალების 175-ე წლისთავთან დაკავშირებით; შემდეგ კი გამოვეხმაურებით ამერიკელი პოპვარსკვლავის, “სოულის დედოფლად” წოდებული არეტა ფრანკლინის 60 წლის იუბილეს. რადიო “თავისუფლების” პრაღის სტუდიაში “მეათე სტუდიას” დავით კაკაბაძე უძღვება.

[მუსიკა]

შეიქმნება თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა?

დავით კაკაბაძე:
საქართველოს პარლამენტში უცნაური ვითარებაა შექმნილი. მმართველ პარტიაში მომხდარი განხეთქილების შემდეგ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში აღარც საპარლამენტო უმრავლესობა არსებობს და აღარც უმცირესობა. მართალია, პერიოდულად გაისმის ხმები ახალი უმრავლესობის შექმნის შესაძლებლობის თაობაზე, მაგრამ “გამსხვილებისკენ” სწრაფვას ფრაქციები ჯერჯერობით არ ამჟღავნებენ. თუმცა გამორიცხული არ არის, უახლოეს მომავალში ფრაქციათა კოალიციის შექმნის მომსწრენი გავხდეთ. მოუსმინეთ თამარ ჩიქოვანს.

თამარ ჩიქოვანი:
საპარლამენტო ფრაქციები ახლა, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, დროებით არაფორმალურად ერთიანდებიან, ხოლო ფორმალური გაერთიანების მცდელობა ჯერჯერობით პარლამენტში არ დაფიქსირებულა. მაგალითად, 2002 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებისას ნამდვილად უჩვეულო იყო, რომ ბიუჯეტის მიღების წინააღმდეგ ყოფილი მმართველი პარტიის წევრები გამოდიოდნენ, ყოფილი ოპოზიცია კი მთავრობის მხარდასაჭერად მზადყოფნას გამოხატავდა გარკვეული წინაპირობების შესრულების შემთხვევაში. რა სიტუაციაა დღეს პარლამენტში? პარლამენტარ ზაქარია ქუცნაშვილის განმარტებით: [ზაქარია ქუცნაშვილის ხმა] “საქართველოს პარლამენტში შეიქმნა ახალი რეალობა, როცა მას არ ჰყავს ჩამოყალიბებული უმრავლესობა და, ფაქტობრივად, დღევანდელი ჩვენი პარლამენტი დაყოფილია 14 სუბიექტად. მე-15 სუბიექტად შეიძლება ჩავთვალოთ პარლამენტართა ის ჯგუფი, რომელიც არ არის გაერთიანებული არც ერთ ჯგუფში. საკმაოდ სოლიდური ნაწილი გახლავთ პარლამენტის წევრებისა. თუ არ ვცდები, 17-18 ბატონი ბრძანდება.”

პარლამენტის მარტივ მამრავლებად დაშლა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას საკმაოდ დიდ პრობლემებს უქმნის. გარდა იმისა, რომ კანონ-პროექტების მისაღებად ხშირად აუცილებელი რაოდენობის ხმები არ გროვდება, რაც თავისთავად ფუნქციას უკარგავს პარლამენტს, პარლამენტის სიჭრელე თავად საკანონმდებლო ორგანოს პოლიტიკური სიმპათიების გარკვევას აძნელებს. მართალია, დღეს ფრაქციათა დიდი ნაწილი თავს მემარჯვენე ძალას უწოდებს, მაგრამ მიღებული კანონების უმრავლესობა პარლამენტის მემარცხენეობაზე უფრო მიუთითებს.
ყოველ შემთხვევაში, როგორც ჩანს, სრულიად არანორმალური სიტუაციის გამოსასწორებლად, პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა გადაწყვიტა, მორიგი ცვლილებების შეტანით კანონში ფრაქციების შესახებ, ხელი შეუწყოს ფრაქციების ურთიერთდაახლოების პროცესს. ისევ ზაქარია ქუცნაშვილის განმარტებას თუ გავითვალისწინებთ: [ზაქარია ქუცნაშვილის ხმა] “ დღეს მოქმედი კანონის მიხედვით, თუ არ შეიქმნა საპარლამენტო უმრავლესობა, თუ მერე არ შეიქმნა უმცირესობა, შეზღუდულია ფრაქციათა კოალიციის შექმნა. ჩვენ გვინდა ეს შეზღუდვა მოვხსნათ და დავიწყოთ ასე, რომ ფრაქციათა კოალიცია შეიქმნას და მერე ეს შეიძლება გადაიქცეს უმრავლესობად, შეიძლება არ გადაიქცეს, მაგრამ რა თქმა უნდა, საპარლამენტო უმცირესობა ვერ შეიქმნება, თუ არ შეიქმნა საპარლამენტო უმცირესობა. ეს ლოგიკურია.” [სტილი დაცულია]

ფრაქციათა შესახებ კანონში ცვლილების შეტანის შემთხვევაში, რეალურია პარლამენტში ფრაქციათა რამდენიმე კოალიციის გაფორმება. ფაქტია, რომ პრეზიდენტის მხარდამჭერი ფრაქციები “თანადგომა” და “ალიანსი ახალი საქართველოსთვის” კოალიციაში გაერთიანდებიან. გამორიცხული არ არის, ამავე კოალიციაში გაერთიანდეს ფრაქცია “აფხაზეთი”, რომელიც, კრიტიკული გამოსვლების მიუხედავად, პარლამენტში პრეზიდენტის მხარდამჭერ ძალად აღიქმება. არჩევანის გაკეთება მოუწევს ფრაქცია “ტრადიციონალისტს”, რომელიც, მართალია, დღემდე საარჩევნო ბლოკ “აღორძინებაში” შემავალ პარტიად ითვლება, მაგრამ სულ უფრო და უფრო მკაფიო სიმპათიებს გამოხატავს ზურაბ ჟვანიას მხარდამჭერი ჯგუფისადმი.

“ტრადიციონალისტების” თავის მხარეზე გადმობირების იმედი ნაციონალისტურ მოძრაობასაც აქვს, რომლის ინიციატივით შექმნილი დემოკრატიული ფრონტის ლიდერები საჯაროდ აცხადებენ, რომ ტრადიციონალისტებთან თანამშრომლობის იმედი და სურვილი ამოძრავებთ. გამორიცხული არ არის შეიქმნას კიდევ ერთი კოალიცია, რომლის წევრებად, შესაძლოა, ფრაქცია” მრეწველები” და “ახალი მემარჯვენეები” მოგვევლინონ. ყოველ შემთხვევაში, საკმაოდ თამამი განცხადებების მიუხედავად,” ახალი მემარჯვენეები” არჩევნებში 7 პროცენტიან ბარიერს დამოუკიდებლად რომ ვერ დაძლევენ, ამაზე სოციოლოგიური გამოკითხვებიც მეტყველებს. სხვათა შორის, რამდენიმე ხნის წინ ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებ პარლამენტარმა ვაჟა ლორთქიფანიძემაც გააკეთა განცხადება. მართალია, მისი საქმიანობა პარლამენტში საკმაოდ შეუმჩნეველია, მაგრამ ახალი პარტიის შექმნის შემთხვევაში, თუ მას მსხვილი კაპიტალიც გაუმაგრებს საფუძველს, არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ პარლამენტში ახალი ფრაქციის შექმნის მოწმენიც გავხდეთ.

თამარ ჩიქოვანი, რადიო “თავისუფლებისთვის”, თბილისი.

[მუსიკა]

ბრძოლა მოქალაქეთა კავშირისათვის

დავით კაკაბაძე:
მოქალაქეთა კავშირისათვის ბრძოლა გრძელდება. ამ პარტიის ფოთის საქალაქო ორგანიზაციას ჩამოაშორეს აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი გია დარჯანია და სათავეში ზურაბ ნასარია ჩაუყენეს. ექს-პარლამენტარ დავით მაღრაძის მიერ დეპუტატობაზე უარის თქმის შემდეგ "მოქალაქეთა კავშირის" მაშინდელ ხელმძღვანელობას სწორედ ნასარიას შეყვანა სურდა პარლამენტში, მაგრამ პარტიულ სიაში მის წინ სხვა კანდიდატი, ეთნიკური აზერბაიჯანელი აღმოჩნდა ქვემო ქართლიდან. ეს პატარა ეპიზოდი ადასტურებს, რომ პარტიის დანარჩუნებაზე ორი ჯგუფი განაგრძობს ქიშპობას. დაპირისპირების რამდენიმე ასპექტზე თქვენს ყურადღებას დავით პაიჭაძე გაამახვილებს.

დავით პაიჭაძე:
მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარეობიდან ედუარდ შევარდნაძის გადადგომისა და პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან ზურაბ ჟვანიას წასვლის შემდეგ, რასაც ბუნებრივად მოჰყვა ამ პარტიის საპარლამენტო წარმომადგენლობის გამეჩხერება, რასაკვირველია, დაიკარგა ინტერესი ოდესღაც ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ორგანიზაციის მიმართ. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ინტერესი დაკარგა ან დაუსუსტდა საზოგადოებას, თორემ პარტიის ოდინდელი პირველი პირები მას ვერ ელევიან. არაერთხელ ითქვა, რომ ბრძოლას მოქალაქეთა კავშირის სახელისათვის თავისი მოტივები აქვს: პარტიის ქონება, ინფრასტრუქტურა, კვოტები საარჩევნო კომისიებში... ამ მემკვიდრეობისთვის, ეგებ, ვინმეს უღირს კიდეც ბრძოლა. “მოქალაქეთა კავშირის” ყოფილი წევრები, რომელთაც თავი განაყენეს პარტიისაგან და სააკაშვილთან ერთად ნაციონალური მოძრაობა დააფუძნეს, ხაზგასმით აღნიშნავენ თავიანთ გულგრილობას პარტიის მომავალი ბედისადმი და ამავე დროს, არ მალავენ, რომ ზურაბ ჟვანიას გულშემატკივრობენ. პრეზიდენტის მხარის წარმოდგენის პატივი ხვდა ლევან მამალაძეს და მისი გამარჯვების შემთხვევაში პარტიაში დარჩებიან ის ადამიანები, რომლებიც ახლა ფრაქციებს “თანადგომასა” და “ალიანნს” ქმნიან.

ჯერჯერობით უპირატესობა ზურაბ ჟვანიას მხარესაა. მისი თანამოაზრენი ახერხებენ “მოქალაქეთა კავშირის” რეგიონული თუ რაიონული ორგანიზაციები იმ კურსისა თუ პოზიციის მომხრეებად განაწყონ, რომელიც პარტიის სათათბირომ აირჩია. ზურაბ ჟვანია თავის დროზე თვითონ აწყობდა ამ პარტიას, “მოქალაქეთა კავშირამდე” მას “მწვანეებში” ჰქონდა პარტიული მშენებლობის პოზიტიური გამოცდილება. ესეც არ იყოს, ზურაბ ჟვანიას თანამდებობები აღარ ამძიმებს და თავისი უნარების კონცენტრირება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეთა ნაცვლად, ბევრწილად მისი შექმნილი პარტიის დასანარჩუნებლად შეუძლია. მამალაძეს კი, ვითარცა გუბერნატორს, რეგიონის “მიხედვაც” ევალება და სხვა “ფრონტებზე” საომრად ვერ იცლის. ლევან მამალაძის გაქანება აქამდე გაწვდა მხოლოდ ქვემო ქართლში ფინანსური და პოლიტიკური გავლენის განმტკიცებას, რასაც დანარჩენ საქართველოში ჯერ ვერ ახერხებს. მამალაძე არასოდეს ყოფილა რესპუბლიკური მასშტაბის ფიგურა. ასე რომ, ლევან მამალაძე ამ ასპარეზზე ჟვანიას ტოლი არ არის. და კიდევ: რწმუნებული ირჩევს რამდენადმე სადაო ტაქტიკას: ჟვანიასა და სააკაშვილს ერთ კონტექსტში განიხილავს და ერთად უტევს. შემტევებად მას გამოჰყავს საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი პირები, რომლებიც პირველი გამოჩენისთანავე უსიამო შთაბეჭდილებას ახდენენ. მეორეც, სააკაშვილის ბანაკიდან წამოსულ ბრალდებებზე მამალაძის ბანაკი სარკისებური არეკვლით პასუხობს, ანუ ზუსტად იმავე ტიპის ბრალდებას უბრუნებს, რასაც იღებს. ბრალდებებით ასეთი ბურთაობა თუ დიდხანს გაგრძელდა, მამალაძისთვის უკეთეს შემთხვევაში, დაპირისპირება აბსურდად გადაიქცევა. რაც შეეხება შევარდნაძეს, ის პარტიის შენარჩუნებისათვის ბრძოლაში უშუალო ჩაბმამდე არ დამდაბლდება. პრეზიდენტს შეუძლია იშვიათად, მაგრამ მაინც გააკეთოს ძლიერი სვლები. ორიოდე დღის წინ მან განაცხადა, რომ ჟვანია და მისი თანამოაზრეები მხოლოდ ოპოზიციური დაჯგუფებაა პარტიის შიგნით. კაცმა რომ თქვას, ფორმალურად ეს მართლაც ასეა. მაგრამ ჟვანიას, რომელიც ძალისხმევას “მოქალაქეთა კავშირის”, როგორც ოპოზიციური ძალის პოზიციონირებაზე ხარჯავს, პრეზიდენტის ეს სიტყვები, დროებით მაინც, საქმეს ურთულებს და ეფექტურ პასუხს მოითხოვს. შევარდნაძის განცხადება ერთგვარი შეწევნა იყო მამალაძის მისიისათვის, რომელსაც ბოლო დროს ცოტა გაუჭირდა. შარშან დეკემბერში “მოქალაქელებმა” დათქვეს, რომ პარტიის ყრილობას 2002 წლის გვიან გაზაფხულზე ჩაატარებენ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ყრილობა უფრო მაშინ გაიმართება, როცა ერთი მხარე თავის უპირატესობაში დარწმუნდება. პოლიტიკურ პარტიათა ისტორიები ადასტურებს, რომ ყრილობას იგებს და პარტია რჩება იმას, ვინც ყრილობას იწვევს.

დავით პაიჭაძე, რადიო ”თავისუფლებისთვის”, თბილისი.

აშშ-ში გამართული შეხვედრები ქართული ლიტერატურის, ხელოვნების, მეცნიერებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან

დავით კაკაბაძე:
18-დან 25 მარტამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა ქართული ლიტერატურის, ხელოვნების, მეცნიერებისა და მასმედიის წარმომადგენელთა ჯგუფი. გამგზავრების მიზანი დაუკავშირდა იმ გარემოებას, რომ 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში თანდათანობით ძლიერდება მსოფლიო ქვეყნების უფრო ახლოს გაცნობისა და ისტორიულ-კულტურული თუ სხვა ფასეულობების ურთიერთგაზიარების ტენდენცია.
გამგზავრების ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის სენტ-ლუისის უნივერსიტეტი და საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია.
ამერიკული შთაბეჭდილებების შესახებ, გიორგი კაკაბაძეს, ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძე ესაუბრა.

გიორგი კაკაბაძე:
სენტ-ლუისის, ვირჯინიისა და ვაშინგტონის უნივერსიტეტებში საქართველოს წარგზავნილები შეხვდნენ ამერიკელ პოლიტოლოგებს, სოციოლოგებს, იურისტებსა და სხვა პროფესიის წარმომადგენლებს. გაგა ნიჟარაძის თქმით, შეხვედრებზე, ძირითადად, საუბარი იყო იმაზე, თუ რის სწავლა შეუძლია შეერთებულ შტატებს საქართველოსაგან და პირიქით.

[გაგა ნიჟარაძის ხმა] “და ისიც ბუნებრივია, რომ საქართველოს გაცილებით მეტი შეუძლია ისწავლოს იმიტომ, რომ ამერიკა მაინც დიდი ქვეყანაა, წამყვანი ძალაა მსოფლიოში. მაგრამ ის, რომ, თავისთავად, სერიოზული დაინტერესება არსებობს, ფაქტია, და ეს არ არის მხოლოდ უკანასკნელი მოვლენებით გამოწვეული, თუმცა ესეც არის.” მაგალითად, საქართველოს ყოფილი ელჩის, თედო ჯაფარიძის, გამოსამშვიდობებელ მიღებაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მიესალმება ამერიკელი სამხედროების გამოჩენას საქართველოში და გამოთქვა იმედი, რომ ამგვარი თანამშრომლობა დიდხანს გაგრძელდება.

რით არის განპირობებული ის, რომ მთელ რიგ ქვეყნებში არსებობს დემოკრატიული კანონმდებლობა, საბაზრო ეკონომიკა, მაგრამ ქვეყანა მაინც ვერ ახერხებს განვითარებას? სწორედ ეს საკითხი წარმოადგენდა ამერიკელთა დაინტერესების მთავარ საგანს. ამ თემის გარშემო მსჯელობისას საქართველოს წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ ჯერჯერობით საქართველო ვერ შეეჩვია დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსს, ქვეყანაში აშკარად შეიმჩნევა სახელმწიფო ცნობიერების დეფიციტი, მომავლის განჭვრეტის უუნარობა და ა.შ.

რაც შეეხება უშუალოდ კულტურის თემას. მხატვარმა გია ბუღაძემ ისაუბრა ქართული ხელოვნების და, კერძოდ, მხატვრობის სპეციფიკაზე. მისი შეფასებით, საბჭოთა პერიოდში ქართული მხატვრობა დისიდენტური იყო. ლიტერატორმა ზურაბ ქარუმიძემ ზოგადად გააშუქა ქართული ლიტერატურის მდგომარეობა, ისაუბრა ახალ ტენდენციებსა და იმ ფაქტორებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ქართულ ლიტერატურაზე. მან, კერძოდ, თქვა, რომ, მართალია, წარსულის მწერლების – რუსთაველის, ვაჟა-ფშაველას, გალაკტიონის გავლენა ჯერჯერობით ძალიან ძლიერია ეროვნულ ლიტერატურაში, მაგრამ, ამასთან ერთად, დასავლური ლიტერატურის გავლენის ზრდაც შეიმჩნევა. ქართველი და ამერიკელი კოლეგები შეთანხმდნენ იმაზე, რომ შეიქმნას ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ქართული და ამერიკული ლიტერატურის განვითარების ტენდენციებს გამოიკვლევს.

გაგა ნიჟარაძე აღნიშნავს შეხვედრას სენტ-ლუისის უნივერსიტეტში, სადაც მოღვაწეობენ კულტურის ფსიქოლოგიისა და ეკონომიკური ფსიქოლოგიის სპეციალისტები. ისინი სხვა ქვეყნების კულტურის ძირითად ღირებულებათა სისტემაში გარკვევას ცდილობენ და ევროპელებისაგან განსხვავებული მიდგომით მუშაობენ. [გაგა ნიჟარაძის ხმა] “უფრო ძირეული და სიღრმისეული თავისებურებები აინტერესებთ, რაც ჩემთვის, პირადად, ძალიან საინტერესო იყო და მე ვაპირებ ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას. კიდევ ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო კონგრესის ბიბლიოთეკაში. უნდა გითხრათ, რომ, სხვა ენებზე წარმოდგენილ ლიტერატურასთან შედარებით, ქართული კოლექცია დიდი არ არის, მაგრამ საკმაოდ საინტერესოა.”

საზოგადოდ, ამერიკაში გამართულმა შეხვედრებმა აჩვენა, რომ შეერთებული შტატები ცვლის თავის დამოკიდებულებას მსოფლიოს ქვეყნების მიმართ [გაგა ნიჟარაძის ხმა] “და იმასაც ცდილობენ და აღიარებენ, რომ ასეთ კვლევებში და სხვა საზოგადოებების გაცნობით თვითონაც მდიდრდებიან იმიტომ, რომ არსებობს რაღაც კულტურული ფასეულობები, რომლებიც ნადვილად გამოადგებათ”.

გაგა ნიჟარაძის თქმით, ამერიკულ-ქართული კონტაქტები არაფორმალურ დონეზე მომავალშიც გაგრძელდება.

გიორგი კაკაბაძე, რადიო “თავისუფლებისთვის”, თბილისი.

[მუსიკა]

ბეთჰოვენის გარდაცვალების 175-ე წლისთავი

დავით კაკაბაძე:
როგორც დასაწყისშიც მოგახსენეთ, ”მეათე სტუდიის” მეორე ნაწილი მუსიკას დაეთმობა: როგორც კლასიკურს, ისე თანამედროვეს. ხელოვანი, რომელზეც ახლა ვისაუბრებთ, საუკუნოვანი ტრადიციის გამგრძელებელიც გახლავთ და სრულიად ახალი ყაიდის შემოქმედიც, რომელიც მუსიკის სამყაროს მე-18 საუკუნის მიწურულს მოევლინა. ვენის კლასიკური სკოლა მან განვითარების ბოლო ეტაპზე აიყვანა და საფუძველი შეუმზადა ათასგვარ ”იზმებს”. დიდგვაროვანთა სასახლეებიდან მუსიკა მან საკონცერტო დარბაზებში გადაიტანა და კლასიკური მუსიკის მსმენელად პირველმა აქცია ადამიანთა მასა. მისი გვარი, ბეთჰოვენი, ბევრისთვის კომპოზიტორობის სინონიმია, ხოლო მასთან დაკავშირებული თარიღი –გარდაცვალების 175-ე წლისთავი – 2002 წლის მთავარ მუსიკალურ თარიღად არის აღიარებული. მას ”მეათე სტუდიაში” მარიამ ჭიაურელი გამოეხმაურება.

მარიამ ჭიაურელი:
1827 წლის 26 მარტს, ნაშუადღევს, ბეთჰოვენმა გონება დაკარგა. ის სამი საათი ებრძოდა სიკვდილს. როგორც კომპოზიტორის მეგობრის, ანზელმ ჰიუტენბრენერის დღიურში ვკითხულობთ: ”მისი ვენის სახლის ფანჯრებიდან თოვლი მოჩანდა. ოთახში მხოლოდ ლუდვიგის რძალი და მე ვიყავით. უცებ მომაკვდავის სარეცელი ელვამ გაანათა და ბეთჰოვენმა უკანასკნელად აწია ხელი”. ეს ამონაწერი, ლონდონიდან, ბერლინიდან, ვენიდან და კასელიდან ჩატანილ 120-ზე მეტ ექსპონატთან ერთად არის გამოფენილი კომპოზიტორის მშობლიური ქალაქის, ბონის მუზეუმში. სამშაბათს, ანუ მუსიკოსის გარდაცვალებიდან ზუსტად 175-ე წლისთავზე, იქ გაიხსნა გამოფენა, რომელიც ბეთჰოვენის აღსასრულსა და მასზე საზოგადოების გამოხმაურებაზე მოგვითხრობს. სურათები, ბარათები, ნივთები გვამცნობს, როგორ შეაძრწუნა ადამიანები გენიალური ხელოვანის სიკვდილმა: დაკრძალვაზე მისულთა რიცხვი 20 ათასს აღწევდა, ბევრი ტიროდა, მგლოვიარეებს 200-ზე მეტი ეტლი მიჰყვებოდა. როგორც ბონის მუზეუმის დირექტორმა, დოქტორმა მიხაელ ლადენბურგერმა გვითხრა:

[მიხაელ ლადენბურგერის ხმა]: ”ბეთჰოვენი საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში იდგა. იყო ასეთი პოეტი, იგნაც ფრანც კასტელო, რომლის ლექსი დაკრძალვაზე შეკრებილებს დაურიგეს. ლექსი ასეთი სიტყვებით მთავრდებოდა: ”მას, ვინც მასავით გაუსწრო დროს, დრო ვერ შემუსრავსო”. ამ სიტყვებით პოეტმა აღიარა, რომ კომპოზიტორი ბეთჰოვენი თავის ეპოქაზე წინ გაიჭრა. მართლაც, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ბეთჰოვენი ავანგარდისტი კომპოზიტორის განსახიერება იყო. თუ კიდევ ერთ დიდ კომპოზიტორს, მოცარტს, გავიხსენებთ, უნდა ითქვას, რომ მას წმინდა სტილისტური თვალსაზრისით, ახალი არაფერი შეუქმნია: მოცარტმა თავისი ეპოქის სტილი სრულყოფილებამდე დახვეწა, რაც უზარმაზარი მიღწევაა. მაგრამ ის, რომ კომპოზიტორს სრულიად ახალი სტილი შეექმნა და, როგორც ბეთჰოვენი, ექსპერიმენტთა ფაზას გამცდარიყო და სრულყოფისთვის მიეღწია, ეს მართლაც სრულიად გამორჩეული დამსახურებაა.”

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი 1770 წელს, როგორც ვარაუდობენ, 16 ან 17 დეკემბერს დაიბადა. მამა, იოჰან ვან ბეთჰოვენი, ბონის სასახლის კაპელის მომღერალი იყო და ადრევე ამოიცნო შვილის არაჩვეულებრივი მუსიკალური ნიჭი. მაგრამ მამის გადაჭარბებულმა მონდომებამ – მას სურდა, რომ ლუდვიგს მოცარტივით ბავშვობაშივე აელაპარაკებინა მთელი ევროპა – ბიჭუნას მთელი ბავშვობა დაუმახინჯა. მას სასტიკად ეპყრობოდნენ, ხშირად ღამითაც აიძულებდნენ, ემეცადინა, საათობით დაეკრა ფორტეპიანოსა თუ ვიოლინოზე.

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი მართლაც შესანიშნავი შემსრულებელი, კერძოდ პიანისტი გახდა – ბავშვობის წლებშივე მართავდა კონცერტებს, ხოლო 13 წლისამ პირველი კომპოზიციებიც გამოაქვეყნა. 17 წლის ვირტუოზს ვენაში ყოფნისას თვით მოცარტმა მოუსმინა, რომელსაც თავისი შთაბეჭდილება მეგობრებისთვის ამ სიტყვებით გაუზიარებია: ”ეს ბიჭი ყურადღების ღირსია – მოვა დრო, როცა მთელს მსოფლიოს აალაპარაკებსო”.

ვიდრე მოცარტის წინასწარმეტყველება ასრულდებოდა, მრავალმა წელმა განვლო, მაგრამ აი, მუსიკალური სამყაროს ცენტრი, ვენა, ბეთჰოვენმა სულ მალე აალაპარაკა. 22 წლის ასაკში ის სამუდამოდ გამოეთხოვა მშობლიურ ბონს და ავსტრიის იმპერიის დედაქალაქში გადასახლდა, რათა კომპოზიციაში იოზეფ ჰაიდნთან დახელოვნებულიყო. იქ კი უმალ დაიპყრო ხელოვნების მოყვარულ არისტოკრატთა გულები. ქალაქში, სადაც თვით გენიოსთა შორის გამორჩეული მოცარტი თავს ძლივს ირჩენდა, ფიცხი და თავდაჯერებული ბეთჰოვენის გამოხდომებს მორჩილად იტანდნენ. მეცენატების ყურადღება და მხარდაჭერა ბეთჰოვენში არც განცვიფრებას იწვევდა და არც მადლიერების გრძნობას: მის თვალში ფინანსურ დახმარებას უწევდნენ არა პიროვნებას, არამედ ხელოვნებას, რომლის მსახურიც ის იყო. ცნობილია ეპიზოდი, როცა ბეთჰოვენმა, განაწყენებულმა ერთ-ერთი დიდგვაროვანი მეცენატის ქედმაღლობით, მას მიახალა: ”თავადი ბევრია, ბეთჰოვენი ერთიო” და ცხვირწინ მიუჯახუნა კარები. ცნობილია, აგრეთვე, ეპიზოდი, რომელსაც ცნობილი ქართველი მუსიკისმცოდნე, გულბათ ტორაძე, ასე გადმოგვცემს:

[გულბათ ტორაძის ხმა] ”არის ცნობილი შეხვედრა ვაიმარში 1812 წელს, როდესაც იგი შეხვდა გოეთეს და ისინი რამდენიმე დღე ურთიერთობდნენ. სეირნობის დროს, ვაიმარის პარკში ბეთჰოვენმა დაინახა პატარა პროცესია, რომელიც მისკენ მიემართებოდა – ეს იყო ვაიმარის ჰერცოგი და მისი ამალა. გოეთე გვერდზე გადადგა, მოიხადა შლიაპა და გულითადად მიესალმა, თავი დაუკრა. ბეთჰოვენმა კიდევ, თითქოს არაფერიაო, პირდაპირ გააპო ეს ჯგუფი და გავიდა იქით. მაშინ მას გოეთესთვის უთქვამს: ”თქვენ ხართ პოეტების მეფე და რად გინდათ მეფეთა პოეტობაო?”

ბეთჰოვენს მუსიკა წარმოესახებოდა ”წმინდა გონად”, აბსოლუტურ კატეგორიად, რომელიც უტილიტარულ მიზნებს არ ემსახურება და ლიტერატურული თუ სახვითი ელემენტებით გამდიდრებას არ საჭიროებს. ბეთჰოვენი წერდა მუსიკას, რომლითაც სურდა, ბგერებად ექცია ფილოსოფია, უფრო ზუსტად, განმანათლებლობა, რომელიც ადამიანებს აღმატებული სამყაროს კარს გაუღებდა, მათ ჭეშმარტებას აზიარებდა. მე-19 საუკუნის დასაწყისში ამ მუსიკის ავტორმა უკვე მთელს ევროპაში მოიპოვა აღიარება. რაც შეეხება საქართველოს, როგორც პროფესორმა გულბათ ტორაძემ გვითხრა:

[გულბათ ტორაძის ხმა] ”საქართველოს, ასე ვთქვათ, კლასიკური მუსიკისათვის არ ეცხელა. საერთოდ კლასიკური მუსიკა საქართველოში 1851 წლიდან აჟღერდა, როდესაც აქ გაიხსნა იტალიური ოპერა (იტალიური დასი იყო და იტალიური ოპერა). შემდგომ რუსული ოპერები იდგმებოდა. შემდგომ, რაკი ორკესტი არსებობდა ოპერისა, მან დაიწყო სიმფონიური ნაწარმოებების შესრულება, მათ შორის ბეთჰოვენის უფრო ადვილად შესასრულებელი ნაწარმოებების შესრულება. მერე ცოტა უფრო რთულებზე გადავიდნენ. მაგალითად ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია საქართველოში პირველად შესრულდა 1927 წლის 4 აპრილს და მიეძღვნა ბეთჰოვენის გარდაცვალების 100 წლისთავს. საოპერო თეატრში ივან ფალიაშვილის (დიდი ზაქარია ფალიაშვილის ძმა იყო, ცნობილი დირიჟორი) დირიჟორობით შესრულდა პირველად ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია და იმავე საღამოს ბეთჰოვენის მე-5 კონცერტი შეასრულა ქართული პიანისტური სკოლის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა, ქალბატონმა ანასტასია ვირსალაძემ. და მერე ეს ტრადიცია გაგრძელდა და გაგრძელდა”.

1802 წელს ბეთჰოვენს მძიმე დეპრესიები დაეწყო. როგორც ვარაუდობენ, კომპოზიტორმა 1796 წელს პირველად გააცნობიერა, რომ ყურთ დააკლდა, ხოლო 1800 წელს უკვე მიხვდა, რომ მდგომარეობა არათუ გაუარესდა, არამედ მომავალში კიდევ უფრო გაუარესდებოდა. უნდა ითქვას, რომ ბეთჰოვენის, როგორც კომპოზიტორისთვის, სმენის დაქვეითება ბევრს არაფერს ნიშნავდა: სრულყოფილი ”მუსიკალური ყურის” წყალობით, მას ინსტრუმენტის გარეშეც შეეძლო ახალი ნაწარმოების შექმნა, ან სხვა კომპოზიტორთა ნაწარმოებების ”მოსმენა”, უბრალოდ, ნოტების წაკითხვის მეშვეობით. მაგრამ ყველა სხვა თვალსაზრისით სმენის დაქვეითება ნამდვილი კატასტროფა იყო – წერტილი უნდა დასმოდა მთელს ევროპაში აღიარებული ვირტუოზი პიანისტის კარიერას, წერტილი უნდა დასმოდა მუსიკის გაკვეთილებს (ბეთჰოვენის შემოსავლის ერთ-ერთ მთავარ წყაროს) და დირიჟორობას. მძიმე პროფესიული დანაკარგის განცდას, რასაკვირველია, კიდევ უფრო ამძაფრებდა პირადი ტრაგედია, რომელიც ადამიანებთან ურთიერთობის მოყვარულ ბეთჰოვენს სმენის დაქვეითებით დაატყდა თავს. აი, რას წერდა კომპოზიტორი 1801 წელს ერთ მეგობარს: ”ჩემი ცხოვრება საშინელებაა. თითქმის ორი წელია, წვეულებაზე არ ვყოფილვარ, რადგან თავს ვერ ვაიძულებ, სხვებს გამოვუტყდე, რომ ყრუ ვარ...”

ბეთჰოვენი განმარტოვდა, სულ უფრო ესქცენტრიული და, როგორც ამბობენ, აგრესიული ხდებოდა. ეს იყო ეტაპობრივი პროცესი, რომელიც დიდხანს გაგრძელდა. თუმცა, ბეთჰოვენმა საკმაოდ მალე დაძლია დეპრესიის ის უმძიმესი ეტაპი, რომელიც კინაღამ თვითმკვლელობით დაასრულა და, როგორც მის ნაწერებში ვკითხულობთ, გადაწყვიტა, ”ხახაში ჩაფრენოდა ბედისწერას”. ეს გადაწყვეტილება, ცხადია, მის შემოქმედებაზეც აისახა: გაძლიერდა ”ჰეროიკული” მოტივი, რომლის ერთ-ერთი პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი გამოხატულება გახდა 1803 წლის ზაფხულში დაწერილი მესამე სიმფონია. როგორც ცნობილია, ეს ნაწარმოები კომპოზიტორმა თავდაპირველად ნაპოლეონ ბონაპარტეს მიუძღვნა, მაგრამ როცა მომდევნო წელს შეიტყო, რომ ნაპოლეონმა თავი იმპერატორად გამოაცხადა, განრისხებულმა დახია პარტიტურის პირველი გვერდი, და კომპოზიციას ”Eroica”, ანუ ”გმირული” უწოდა.

[მუსიკა. ბეთჰოვენის მე-3 სიმფონიის დასაწყისი]

1802 წელს, როცა ბეთჰოვენმა სმენის დაკარგვასთან შეგუებას კინაღამ თვითმკვლელობა ამჯობინა, ის იხსნა რწმენამ, რომ მას, გენიოსს, უფლება არ ჰქონდა, კაცობრიობა იმ ნაწარმოებების გარეშე დაეტოვებინა, რომელთა შექმნაც ჯერ კიდევ შეეძლო. და თუ ასეთ აზრს თითქმის ნებისმიერ სხვა ადამიანს ავადმყოფური პატივმოყვარეობის გამომჟღავნებად ჩავუთვლიდით, ბეთჰოვენის შემთხვევაში მას უბრალო, თვალსაჩინო ჭეშმარიტებად აღვიქვამთ: 1802 წლიდან გარდაცვალებამდე, ანუ 1827-მდე, გერმანელმა კომპოზიტორმა შექმნა ეპოქალური მნიშვნელობის ნაწარმოებები: სიმფონიები, ოპერა ”ფიდელიო” , მესა ”Missa solemnis”, საფორტეპიანო სონატებისა და კონცერტების, აგრეთვე სიმებიანი კვარტეტების უმრავლესობა... ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი ერთ-ერთი უდიდესია იმ ადამიანებს შორის, ვინც კაცობრიობას ყველაზე მთავარი: სიკეთის რწმენა და სილამაზე აჩუქა.

[მუსიკა. ნაწყვეტი ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის მეოთხე ნაწილიდან]

არეტა ფრანკლინი – 60

დავით კაკაბაძე:
ახლა ბეთჰოვენის ჰეროიკული სიმაღლეებიდან პოპმუსიკისკენ ავიღებთ გეზს. დღეს ძნელი წარმოსადგენია ის ზემოქმედება, რასაც ამ ოცდათხუთმეტი წლის წინ ახდენდა მსმენელზე პოპმუსიკის ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავი არეტა ფრანკლინი. როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, ბედმა ერთმანეთს შეახვედრა არაჩვეულებრივი მომღერალი და შორსმჭვრეტელი პროდიუსერი. მუსიკის კრიტიკოსების საყოველთაო აზრით, არეტა ფრანკლინის, როგორც პოპვარსკვლავის კარიერა მჭიდროდ არის დაკავშირებული ხმის ჩამწერი ფირმა ”ატლანტიკის” ვიცეპრეზიდენტის, ჯერი უექსლერის სახელთან. ადამიანისა, რომელმაც სწორად ამოიცნო ნიჭით უხვად დაჯილდოებული მომღერალი ქალის ფართო შესაძლებლობები. არეტა ფრანკლინზე, რომელსაც 25 მარტს 60 წელი შეუსრულდა, ბიძინა რამიშვილი გესაუბრებათ.

ბიძინა რამიშვილი:
ის პერიოდი, რომელიც დათომ ახსენა, უფრო ზუსტად, 1967 წელი, სამართლიანად ითვლება თანამედროვე სოულის სტილის დაბადების თარიღად. მაშინდელ ჩანაწერებში ხდება ძალზე მნიშვნელოვანი რამ – ძალისა და სინატიფის, ვიტალურობისა და სიფაქიზის შერწყმა. იმ პერიოდზე მოდის ცეზურა, რომლისთვისაც საფუძველი ჯერ კიდევ თხუთმეტი წლით ადრე შეამზადა რეი ჩარლზმა. მან თითქოს წარმოუდგენელ სინთეზს მიაღწია – გოსპელისა და ბლუზის შერწყმით ახალ მიმართულებას, სოულს დაუდო დასაბამი. თანამედროვე მუსიკის ისტორიის ამ ეტაპს თეოლოგიური ასპექტით თუ შევხედავთ, მოხდა სულისა და ხორცის, სულიერებისა და მიწიერების შეერთება, რაც, სხვათა შორის, ბევრმა არ აპატია რეი ჩარლზს.

ეჭვგარეშეა, რომ არეტა ფრანკლინმა განსაკუთრებით მოიგო ბლუზისა და გოსპელის სინთეზით. მას ჯერ კიდევ ბავშვობაში, ჯერ მემფისში და შემდეგ დეტროიტში, ჰქონდა კონტაქტი გოსპელისა და სოულის ისეთ გიგანტებთან, როგორებიც იყვნენ რეი ჩარლზი, სემ კუკი თუ მაჰალია ჯეკსონი. არეტა პატარობიდანვე მღეროდა მამამისის, ბაპტისტი მღვდლის, კლარენს ფრანკლინის გუნდში. და, როგორც კრიტიკოსები შენიშნავენ, იგი ალბათ ამ გზას გააგრძელებდა კიდეც, 1966 წელს რომ არ შეხვედროდა ზემოხსენებულ უექსლერს. იმ დროისთვის არეტა ფრანკლინს ფირმა ”კოლამბიასთან” ურთიერთობის ხუთი უმძიმესი წელი ჰქონდა უკვე გამოვლილი. ამ ხნის მანძილზე იგი თითქოს კორსეტში ჰყავდათ მოქცეული და იმას მღეროდა, რასაც მისგან მოითხოვდნენ.

რაც შეეხება უექსლერს, იგი, როგორც ჩანს, ხვდებოდა, რომ მაქსიმალური თავისუფლება უნდა მიეცა ისეთი ბუნებრიობით, კდემითა და სიფაქიზით აღბეჭდილი მომღერლისთვის, როგორიც არეტა ფრანკლინი იყო. ჯერი უექსლერმა ფრანკლინს იმ დროისთვის სახელმოხვეჭილი მუსიკოსები ამოუყენა გვერდში. მას უფლება ჰქონდა, თავად შეერჩია სიმღერები და მუსიკოსები. და მომღერალმა, შეიძლება ითქვას, ფრთები გაშალა და ამოისუნთქა. მრავალრიცხოვანი ჯილდო, ოქროს ფირფიტა თუ ჰიტების სიაში მოპოვებული ადგილები ოდნავაც ვერ გამოხატავს იმ რანგს, რომელსაც მან უექსლერთან თანამშრომლობის წყალობით მიაღწია.

ცხადია, ასეთი ქალისთვის არც ჩავარდნები იყო უცხო. მაგრამ ოჯახური პრობლემები, ალკოჰოლი, პერიოდულად სტილისტური გაურკვევლობა და დაბნეულობა, რაც განსაკუთრებით სამოცდაათიანი წლების დამდეგიდან სჭირდა, ოდნავაც ვერ აყენებს ჩრდილს მის შემოქმედებას.

[მუსიკა]

დავით კაკაბაძე:
გემშვიდობებით არეტა ფრანკლინის სიმღერით ”I Say a Little Prayer”. ”მეათე სტუდია” პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა, ბიძინა რამიშვილმა და დავით კაკაბაძემ მოამზადეს. თბილისის სტუდიაში ხმის ოპერატორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. გადაცემას დავით კაკაბაძე უძღვებოდა.

[მუსიკა]
XS
SM
MD
LG