Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურის ტრაგედია აფხაზეთში


ამბავი, რომელზეც ახლა ვისაუბრებთ, დაახლოებით 10 წლის წინათ, 1992 წლის 22 ოქტომბერს მოხდა. იმ დღეს შავ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი 5 თუ 6 ახალგაზრდა მამაკაცი სოხუმის არქივში შეიჭრა და მას ცეცხლი წაუკიდა.

ვინ და რატომ ჩაიდინა ეს დანაშაული? რა შედეგები მოჰყვა მას? ამ შეკითხვებზე პასუხს დაეძებს თომას დე ვაალი სტატიაში სათაურით ”აფხაზეთი: მორიგი შეხვედრა კულტურულ ტრაგედიასთან”, რომელიც ლონდონში დაფუძნებულმა ”ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტმა” დაბეჭდა.

სოხუმის არქივთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ თომას დე ვაალმა ამ დაწესებულების დირექტორის, ნიკოლაი იოანიდისაგან შეიტყო. იოანიდი უკვე 36 წელია მუშაობს არქივში, რომლიდანაც აფხაზეთის ომს სულ რამდენიმე შეკვრა გაყვითლებული ქაღალდი თუ გადაურჩა.

განვლილი ნახევარი საუკუნის მანძილზე იოანიდი მრავალი ტრაგედიის მოწმე გახდა, მოესწრო თავისი ცხოვრებისა და საქმიანობის ორი მთავარი სფეროს: აფხაზეთში არქივისა და ბერძნული სათვისტომოს განადგურების პირას მისვლას.

სტატიის ავტორი იხსენებს, როგორ გაიცნო ნიკოლაი იოანიდი სოხუმში 1992 წლის მაისში, როდესაც იოანიდი რამდენიმე წიგნზე მუშაობდა, ადგენდა თავისი არქივის კატალოგს და წერდა ბერძნული სათვისტომოს ისტორიას. ამ შეხვედრიდან სამი თვის შემდეგ სოხუმი ქართულმა ჯარმა აიღო და ომმა იფეთქა. 22 ოქტომბერს კი მოხდა ის, რაც ზემოთაც ვახსენეთ და რასაც თომას დე ვაალი ”ქართულ-აფხაზური ომის უდიდეს კულტურულ ტრაგედიად” მოიხსენიებს: ხანძარმა გაანადგურა აფხაზეთის არქივის 95 პროცენტი. რაც შეეხება დამნაშავეებს, როგორც არქივის დირექტორმა შეიტყო, მამაკაცები, ვინც ცეცხლი წაუკიდა შენობას, ქართველები იყვნენ. თუმცა იოანიდისთვის ისიც არის ცნობილი, რომ ხანძრის ჩაქრობის მცდელობაში ბევრი სოხუმელი ქართველი მონაწილეობდა. ამაოდ.

საბრძოლო მოქმედებების გარდა ქართულ-აფხაზური ომი მოიცავდა ორივე მხარის მცდელობას, შეესუსტებინა მოწინააღმდეგის ისტორიული პოზიციაო, - წერს თომას დე ვაალი და იხსენებს სოხუმში რუსთაველის ძეგლის დანგრევას, ზოგადად ქართული კულტურული მემკვიდრეობის განადგურებას. თუმცა უდიდეს კულტურულ ვანდალიზმად მას აფხაზეთის არქივის მოსპობა მიაჩნია. სტატიის ავტორი ვარაუდობს, რომ დანაშაული ქართული გასამხედროებული ჯგუფების წევრებმა რეგიონის იტორიული მეხსიერების წასაშლელად ჩაიდინეს. მაგრამ, ბედის ირონიით, გაანადგურეს მაინცდამაინც ის მასალა, რომელიც აფხაზეთის ეთნიკურ მრავალფეროვნებას ადასტურებდა. ასე მაგალითად, ფერფლად იქცა საქართველოს ამ კუთხეში XX საუკუნის დასაწყისში გამოცემული ბერძნულენოვანი გაზეთები - იმ პერიოდის პრესა, როცა ბერძნები სოხუმის მოსახლეობის თითქმის ნახევარს შეადგენდნენ. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა: ბერძნების რიცხვი ჯერ სტალინ ურმა რეპრესიებმა, შემდეგ კი - აფხაზეთის ომის დროს - სამშობლოში რეპატრიაციის ტალღამ შეამცირა და დღეს 2 000 კაცსაც ვერ აღწევს.

ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო ინფორმაცია, რომელსაც სტატიის ავტორი გვატყობინებს, არის ნიკოლაი იოანიდის ასეთი მოსაზრება: რომ არა 1949 წლის რეპრესიები, რომლებმაც მრავალი ინტელეუქტუალის, მათ შორის ბერძენთა ელიტის წარმომადგენელთა სიცოცხლე შეიწირა, ქართველებსა და აფხაზებს შორის დაპირისპირებას ნეიტრალური ძალა განმუხტავდა და საქმე ომამდე არ მივიდოდა.
XS
SM
MD
LG