Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა პრეზიდენტ პუტინის ორწლიანი მოღვაწეობა კრემლში, ჩეჩნეთის კონფლიქტი, და გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის ყოველწლიური სესია ჟენევაში –

ამ საკითხებს დაეთმობა ძირითადად უცხოეთის პრესის დღევანდელი მიმოხილვა. 26 მარტს ორ წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში, რუსეთში, ვლადიმირ პუტინი გამოვიდა გამარჯვებული. აი როგორ გამოეხმაურა ამ თარიღს გერმანიის გაზეთი
”ველტი”:

”ორი წელია უკვე, რაც კაგებეს ყოფილი ოფიცერი რკინის ხელით მართავს ქვეყანას, და ცოტა ვინმეს თუ აღელვებს რუსეთში დემოკრატიულ უფლებათა შეზღუდვა. თავად პუტინი ბაიკალის ტბის სანაპიროზე ისვენებს ოჯახთან ერთად, მაგრამ შეუძლია მშვიდად იყოს, ვინაიდან მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მხარდაჭერით სარგებლობს. გამოკითხულთა 59 პროცენტი თვლის, რომ პუტინის ორწლიანი მოღვაწეობა, უნაკლო იყო. მოქალაქეთა აზრით, ერთადერთი, რაც არ უნდა ექნა პრეზიდენტს – სოჭში არ უნდა ყოფილიყო დასასვენებლად ატომური წყალქვეშა ნავის ”კურსის” კატასტროფის დროს, და არც სოლტ-ლეიკ-სიტიში უნდა გაეშვა ”ამერიკელების ”ხახაში ჩასაგდებად” რუსეთის ოლიმპიური ნაკრები გუნდი. აი, რაც შეეხება დემოკრატიის დემონტაჟს, ძალაუფლების ცენტრალიზებას, აგრეთვე დამოუკიდებელი ტელეარხების: ”ენტევესა” და ”ტევე-6”-ის დახურვასა და საბჭოთა ჰიმნის აღდგენას, თანამემამულეთა უმრავლესობა, ამაში ეთანხმება ბატონ პუტინს. მოსახლეობის დიდი ნაწილი - ჩეჩნეთში მიმდინარე ბარბაროსობის მომხრეა, დღესაც”.

ხოლო გაზეთი ”მონდი”, მოჩვენებითი რეფორმების პერიოდს უწოდებს პუტინის ორწლიან მმართველობას, და სარედაქციო სტატიაში წერს:

”ვლადიმირ პუტინმა შვებულება აიღო და ციმბირში გაემგზავრა დასასვენებლად სწორედ იმ დროს, როცა მოსკოვში, მისი მმართველობისათვის დამახასიათებელი მორიგი ”სპექტაკლი” დანიშნეს: კონკურსი, კრემლის ერთგული სტრუქტურისთვის, ტელეეკრანებიდან იანვარში გაგდებული ”ტევე-6”-ის სიხშირის გადასაცემად. პუტინის ხელისუფლება ერთობ აქტიურად უჩვენებდა იმთავითვე ტელეეკრანზე ახალგაზრდა, ენერგიულ პრეზიდენტს, რომელსაც ავიაგამანადგურებელზე შეუძლია ფრენა, და არც პოლარულ მაღაროში ერიდება ჩასვლას. რაც შეეხება ჩეჩნეთში დახოცილთა კადრებს, რუსეთის ტელეეკრანებზე ისინი არ ჩანს, მათი ჩვენება – აკრძალულია. მთლიანობაში, პრეზიდენტ პუტინის მმართველობის დროს რეფორმების შესახებ კეთდება ხმამაღალი განცხადებები, ამას იწონებს დამჯერი პარლამენტიც, თუმცა მათი შედეგები – უმნიშვნელოა. მიწის კოდექსი ტერიტორიის მხოლოდ ორ პროცენტზე ვრცელდება, 2010 წლამდე გადაიდო შეიარაღებული ძალების რეფორმა, გაზპრომისა – 2003 წლამდე. მოდერნიზაციას ავტორიტარიზმი და ჩეჩნეთის ომის შედეგები აფერხებს. ათმა წელმა განვლო მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, და დღეს, რუსეთში, კვლავაც აშინებს ხალხს წყობილებიდან გამოსვლა”.

გაზეთ ”ზიუდოჩე ცაიტუნგს” მოჰყავს საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტის, მიხაილ გორბაჩოვის გამონათქვამი იმის შესახებ, რომ დასავლეთს უფრო მჭიდრო ურთიერთობა მართებს რუსეთთან, და იმავდროულად მეტის შემწყნარებლობით უნდა შეაფასოს ამ ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული გარდაქმნები. ”შეერთებული შტატები ორასი წლის განმავლობაში ჰქმნიდა თავისუფალ პრესას, ხოლო რუსეთისაგან ორას დღეში მოითხოვს ამას”-განაცხადა გორბაჩოვმა. მისი აზრით, რუსეთის საზოგადოებამ შესაძლოა ვერ გადახარშოს პრესის თავისუფლების შეზღუდვის თაობაზე დასავლეთის მხრიდან გადამეტებული კრიტიკა.

მარტის დასაწყისში პარიზში ჩატარდა კონფერენცია: ”ჩეჩნეთი – ევროპასა და რუსეთს შორის”, რომელიც ფრანგმა მსახიობებმა და ინტელიგენციის წარმომადგენლებმა მოაწყეს ჩეჩენ პოლიტიკოსთა მონაწილეობით. აი რას წერს ამ ფორუმის შესახებ გაზეთი ”ლიბერასიონი”:

”კონფერენციამ კრემლის განრისხება გამოიწვია. საფრანგეთის ელჩი რუსეთში, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს. სერგეი იასტრჟემბსკი აღშფოთებას ვერ მალავდა: ”რატომ არ უნდა მოეწყოს ფორუმი - ”კორსიკა საფრანგეთსა და ევროპას შორისო”... ხოლო კონფერენციის ორგანიზატორებმა კრემლის ამგვარი რეაქცია თავიანთ გამარჯვებად აღიქვეს. მათი მიზანი ხომ ის იყო, თუნდაც მცირე ხნით ჩამოეხსნათ ის რკინის ფარდა, ჩეჩნეთში მიმდინარე ბარბაროსობას რომ ჩამოეფარა 11 სექტემბრის შემდეგ. ისევე, როგორც ეს ბოსნიის შემთხვევაში მოხდა 7 წლის წინათ, ფრანგული თეატრის მოღვაწეები აქტიურობენ ამჯერადაც კამპანიაში, რომელიც ფედერალური ჯარის წინააღმდეგაა მიმართული ჩეჩნეთში ჩადენილი ბარბაროსობის გამო. ხოლო საფრანგეთის მომავალი პრეზიდენტობის კანდიდატმა ”მწვანეთა” პარტიიდან ნოელ მამერმა ივალდებულა - ჩეჩნეთის პრობლემა მოაქციოს საფრანგეთში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის ყურადღების ცენტრში”.

ხოლო გაზეთი ”ზიუდოჩე ცაიტუნგი” ”რუსეთის შეუხორცებელ ჭრილობას” უწოდებს ჩეჩნეთს და სარედაქციო სტატიაში სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ ამ კონფლიქტს არ უჩანს არც პოლიტიკური და არც სამხედრო დასასრული, და მაინც, ვლადიმირ პუტინს დღემდე არ გამოუჩნდა ქვეყანაში ძლიერი პოლიტიკური ოპოზიცია.

გაზეთი ”ქრისჩიენ საიანს მონიტორი”კომენტარს უკეთებს გავრცელებულ ცნობას იმის შესახებ, რომ ავღანეთში – ჩეჩენი მეომრები იბრძვიან. გაზეთი წერს:

”ჩეჩენი მეამბოხეები – ყველაზე უდრეკი შინაური მტერია რუსეთისა განვლილი ორი ასწლეულის მანძილზე. ამჯერად, ზოგიერთი ინფორმაციის თანახმად, იმავე მტერს – ”ალ-ყაიდის” გლობალურ ჯიჰადთან შეკავშირებულ ასობით ჩეჩენ მეომარს – ამერიკის ჯარი დაუპირისპირდა ავღანეთში. ”ისინი ბევრნი არიან, და ბრძოლაც შეუძლიათ”-უთხრა ”ფრანს-პრესის” სააგენტოს ერთ-ერთმა ამერიკელმა ოფიცერმა ოპერაცია ”ანაკონდას” მსვლელობის დროს. ამერიკელი სამხედროების მიერ დატყვევებულ მეომართა შორის ჩეჩნების ყოფნა გენერალმა ტომი ფრენკსმაც დაადასტურა. საზოგადოების მილიტარიზაცია და განსაკუთრებული კულტურის ფორმირება იმ ტანჯვის შედეგია, ჩეჩენმა ხალხმა რომ გადაიტანა; მეორეს მხრივ, მიმომხილველთა უმრავლესობას ეჭვი ეპარება იმაში, რომ ავღანეთში მართლაც მრავლად არიან ჩეჩნები”.

”ევროპა და ადამიანის უფლებები”-ასეა დასათაურებული სარედაქციო სტატია გაზეთ ”ვაშინგტონ პოსტში”, რომელიც გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის ჟენევაში მიმდინარე ყოველწლიური სესიის მუშაობას ეხება. სტატიაში ვკითხულობთ:

”ჟენევაში მიმდინარე სესიამ დაგვანახა, რაოდენ სუსტად იცავენ ევროპის უდიდესი დემოკრატიული ქვეყნები ადამიანის უფლებებს. ორი კვირის წინ, როცა ჟენევაში ყოველწლიური სხდომა დაიწყო, გაეროს ადამიანის უფლეთბათა კომისიის 53 წევრ-სახელმწიფოთაგან არცერთმა არ გააკრიტიკა ჩინეთი, სადაც რეპრესიებმა პოლიტიკური და რელიგიური მოტივით, კიდევ უფრო ფართო ხასიათი მიიღო გასულ წელს. არც ისაა გარკვეული, მიიღებენ თუ არა ფორუმის მონაწილენი ახალ რეზოლუციას ჩეჩნეთში მიმდინარე ბარბაროსობასთან დაკავშირებით, თუმცა პრეზიდენტმა პუტინმა, როგორც ჩანს ის რეზოლუცია დაარღვია, ორი წლის წინ რომ მიიღო ადამიანის უფლებათა კომისიამ. კომისიის წევრთაგან არცერთს არ სურს ჯერჯერობით ლაპარაკი კუბის შესახებ. ამის მიზეზი მარტივია. წელს, პირველად გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის მთელი 55-წლიანი არსებობის მანძილზე, მასში არ შედის შეერთებული შტატები. გასულ წელს, კომისიაში, ჩინეთთანა და კუბასთან ერთად აირჩიეს ისეთი ქვეყნები, როგორიც სირია და სუდანია, ხოლო შეერთებული შტატები გარეთ დარჩა, ვინაიდან მას, ევროპელმა მოკავშირეებმა არ დაუჭირეს მხარი.”
XS
SM
MD
LG