Accessibility links

როგორ უპასუხებს საქართველო რუსეთის გამოწვევას


საქართველოსა და რუსეთს შორის დაპირისპირება უკიდურესად გაამწვავა რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი ივანოვის განცხადებამ.

29 მარტს მთელი ქართული პოლიტიკური ელიტა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში არსებულ გართულებებზე მსჯელობდა. ჩრდილოეთიდან მოსალოდნელ საფრთხეზე სათათბიროდ პარლამენტმა მუშაობის საგანგებო რეჟიმიც კი გამოაცხადა.

29 მარტს საქართველოს პარლამენტის წევრებმა მოახერხეს ეჩვენებინათ, რომ არსებობს საკითხი, რომლის გამოც ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გვერდზე გადადება შეუძლიათ.
როცა მსჯელობა საქართველოს უსაფრთხოებასა და ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან მოსალოდნელ აგრესიას შეეხო, დეპუტატთა უმრავლესობამ უყოყმანოდ დაუჭირა მხარი ისეთი ღონისძიებების გატარებას, როგორიც საკუთარი სუვერენიტეტის პატივისმცემელ ქვეყანას შეეფერება.

პარლამენტი შეეცადა გამოეხატა საკუთარი რეაქცია იმ მოვლენების მიმართ, რომელიც რუსეთში საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო თანამშრომლობის გააქტიურების ფონზე განვითარდა და რომელმაც კულმინაციას სერგეი ივანოვის გამოსვლაში მიაღწია. შეგახსენებთ, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა დასაშვებად სცნო საქართველოდან რუსეთის ბაზების გატანის საკითხის გადასინჯვა და, ამასთანავე, არ გამორიცხა ძალის გამოყენება რუსეთის საგარეო ინტერესების დასაცავად. ამ განცხადებასა და, რაც მთავარია, საქართველოს წინააღმდეგ ჩაფიქრებული პროვოკაციის გეგმის არსებობაში, რომლის შესახებაც ორი დღის წინ თავდაცვის მინისტრმა თევზაძემ ისაუბრა, პარლამენტარებმა სერიოზული საფრთხე დაინახეს და ერთმანეთს უმაღლესი ინტერესების ირგვლივ გაერთიანებისკენ მოუწოდეს.

[გიორგი ბარამიძის ხმა] “საქართველოს თავდაცვის მინისტრი ხალხს ეუბნება, რომ მეზობელი სახელმწიფოს ჯარი მზად არის საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ღონისძიების გასატარებლად და ჩვენ ვმსჯელობთ იმაზე, თავი უნდა შემოვინახოთ, თუ არა. რა ჯანდაბად გვინდა ასეთი პარლამენტი?”

დადგენილება, რომელშიც რუსი პოლიტიკოსებისა და სამხედროების გამოწვევაზე საქართველოს პარლამენტის რეაქცია უნდა გამოიხატოს, ტექსტის დახვეწისა და სრულყოფის მიზნით, არ მიიღეს. თუმცა სესიაზე გამომსვლელმა დეპუტატებმა ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი დადგენილების პროექტში გათვალისწინებულ მოთხოვნებს. პროექტი ზურაბ ჟვანიამ წარმოადგინა და მასში საუბარია შემდეგზე:
საქართველოს პარლამენტმა ყველას გასაგონად უნდა დაადასტუროს, რომ საქართველოს უფლება აქვს დახმარებისათვის მიმართოს ვისაც უნდა; ხაზგასმით უნდა განაცხადოს, რომ საქართველო კვლავაც ერთგული რჩება კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მეთოდისა; მოითხოვოს, რომ პრეზიდენტმა უზრუნველყოს აფხაზეთში მოქმედი რუსეთის სამშვიდობო მისიის საერთაშორისო ძალებით ჩანაცვლება; მიმართოს საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის, ნატოს და ეუთოს, რათა აღნიშნულმა ორგანიზაციებმა მიიღონ ზომები საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის აღსაკვეთად. დეპუტატების აზრით, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შეიმუშაოს იმ ღონისძიებათა გეგმა, რომლებიც უსაფრთხოების ზონაში რუსეთის სამშვიდობო მისიის გასვლის შემდეგ უნდა გატარდეს.

დადგენილება მხოლოდ პირველი მოსმენით მიიღეს. 29 მარტის პათოსი გვაფიქრებინებს, რომ ის მეორე მოსმენითაც უპრობლემოდ იქნება მიღებული.
XS
SM
MD
LG