Accessibility links

logo-print

აშშ-ი რუსეთს აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი ივანოვის განცხადებას, რომელმაც, ქართულ-ამერიკული სამხედრო თანამშრომლობის გათვალისწინებით,

ეჭვქვეშ დააყენა საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ფილიპ რიკერმა რუსეთს აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა.

ვიდრე საქართველოს ხელისუფლება იმის გარკვევას ცდილობს, ნამდვილად ეკუთვნის თუ არა რუსეთის თავდაცვის მინისტრს რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული განცხადება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს რუსეთის მხრიდან სტამბოლის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი პირველ კომენტარს უკეთებს ივანოვის მოსაზრებას. საქინფორმის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ფილიპ რიკერი გაკვირვებას გამოთქვამს რუსეთის მცდელობის გამო, ერთმანეთს დაუკავშიროს ამერიკა-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა და რუსეთის ბაზების საქართველოდან გაყვანის საკითხი. მისი განცხადებით, საქართველო და აშშ-ი დიდი ხანია თანამშრომლობენ “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანია გააძლიეროს საქართველოს შესაძლებლობები ტერორიზმთან ბრძოლის, საზღვრების უსაფრთხოების, კრიზისის მართვის თვალსაზრისით. ამავე დროს, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, “ ამერიკელი ინსტრუქტორების საქართველოში ჩამოსვლის ზუსტი გრაფიკი, რაოდენობა და მათი განთავსების დეტალები არავითარ კავშირსა თუ დამოკიდებულებაში არ არის რუსეთის ბაზების გაყვანასთან. ვიმეორებ, ეს არის ორი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი და განსხვავებულ, საკითხი. აშშ-ის პრეზიდენტმა საკმაოდ მკაფიოდ და ნათლად ჩამოაყალიბა ჩვენი პოზიცია, რათა დავეხმაროთ საქართველოს “წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის” ფარგლებში, რასაც ჩვენ ვახორციელებთ კიდეც.”
სხვათა შორის, ანალოგიური განცხადება გააკეთა ამ კვირაში საქართველოს თავდაცვის მინისრტმა დავით თევზაძემ, რომლის განმარტებითაც:
[დავით თევზაძის ხმა] “ წვრთნისა და აღჭურვის პროგრამას არავითარი შეხება აფხაზეთის პრობლემის გადაჭრასთან არა აქვს. ეს არის ოფიციალური პოზიცია.”

იგივე პოზიცია გამოხატა სოჭში გამართულ კავკასიური ოთხეულის უშიშროების საბჭოს მდივნების შეხვედრაზე საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა თედო ჯაფარიძემ. მისი განმარტებით, საქართველოსა და აშშ-ის სამხედრო თანამშრომლობა არ ითვალისწინებს სამხედრო კამპანიას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ამავე დროს, თედო ჯაფარიძის განცხადებით, ოფიციალური თბილისის კურსი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ჯერჯერობით უცვლელია. იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო ჩარევა კონფლიქტის მოგვარებაში დღის წესრიგში დადგება, ამის თაობაზე დაინტერესებული მხარეები საქმის კურსში იქნებიან ჩაყენებული.

ბოლო არაოფიცილური ინფორმაციით, ამერიკელი ინსტრუქტორები საქართველოში 9 აპრილამდე ჩამოვლენ.
XS
SM
MD
LG