Accessibility links

გიორგი სიჭინავა: "აქ რომ ჩამოვედი, თითქოს მეორედ დავიბადე!"


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი ფიფა-ს განრიგის თანახმად, 27 მარტი ამხანაგურ საერთაშორისო მატჩებს დაეთმო.

ევროპაში, აფრიკასა და ამერიკაში 25 ასეთი შეხვედრა გაიმართა. თბილისში, “ლოკომოტივის” სტადიონზე, საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას უმასპინძლა. აფრიკელები, მოგეხსენებათ, მსოფლიო ჩემპიონატის კარს მომდგარი ფინალისთვის ემზადებიან, ქართველებს კი შემოდგომაზე ევროპული შესარჩევი ტურნირი ელით. განახლებული და 6 თვის უთამაშებელი ჩვენი გუნდი მეტოქეზე გაცილებით უკეთ გაისარჯა და 4:1 მოიგო. ანგარიში ფრიად ოპტიმისტურია, თამაშის ხარისხი - შედარებით მოკრძალებული. საფეხბურთო მიმომხილველთა ამგვარ შეფასებას საქართველოს ნაკრების თავკაცი ალექსანდრე ჩივაძეც ეთანხმება. ქართველებს რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლდათ, მათ შორის - კახა კალაძე, რომელიც, დაპირების მიუხედავად, თბილისში არ ჩამოსულა. ამის თაობაზე ჩივაძემ ჟურნალისტებს განუცხადა: ”ამ დღეებში კახა კალაძეს ტელეფონით არაერთხელ ველაპარაკე. დამპირდა, ჩამოვალ, გუნდთან ერთად ვიქნები, ოღონდ არ ვითამაშებო. ყველანი ველოდებოდით, მაგრამ ბოლო მომენტში სხვაგვარად გადაწყვიტა, იტალიაში დარჩენა ამჯობინა და მეც არ შემიშლია ხელი.”

კალაძეების ოჯახთან დაკავშირებული სამწუხარო ამბავი კვლავ საყოველთაო ყურადების ცენტრშია. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და ვეტერან სპორტსმენთა შეხვედრას საეჭვოდ დაემთხვა თბილისის პოლიციის შეფის კახა ბაკურაძის გადადგომა, რომლის სახელსაც უკავშირებენ ესპანელი ბიზნესმენებისა და ლევან კალაძის გატაცების გახმაურებულ ამბებს. მოგვიანებით, სახელოვანი ქართველი სპორტსმენები საქრთველოს გენერალურ პროკურატურას მიადგნენ და გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე სრული ინფორმაცია მოითხოვეს. გენერალური პროკურორის ნუგზარ გაბრიჩიძის განცხადებით, ოპერატიული მასალების მოკვლევაში პროკურატურას პოლიცია და უშიშროების სამსახურებიც ეხმარებიან და ერთობლივი ძალებით მალე სასურველ შედეგს მიაღწევენ. ოპტიმიზმი იგრძნობა კალაძეების მამის - კარლო კალაძის კომენტარშიც.

[კარლო კალაძის ხმა] ”ჩემი შვილი მხოლოდ ფულის გულისთვის არის მოპარული. მე არსად არ ვმუშაობ. ამდენი წელი მიცხოვრია, არც არავისთვის მიწყენინებია და ამისთვის რომ შვილი მოეპარათ, ეს არ მოხდებოდა. ბავშვი ცოცხალია, ჯანმრთელია და მოკლე ხანში სახლში დაბრუნდება.”

ამ თემას თბილისში საიუბილეოდ მოწვეული გიორგი სიჭინავაც გამოეხმაურა და მომხდარს “ჩვენი საერთო უბედურება და სირცხვილი” უწოდა. 60-იანი წლების თბილისის “დინამოს” სახელოვან ფეხბურთელს 60 წელი შეუსრულდა და, თანაგუნდელთა თხოვნით, 12 წლის შემდეგ პირველად ჩამოვიდა თბილისში. საქართველოსა და სამხრეთი აფრიკის ფეხბურთელთა მატჩის შესვენებისას იუბილარს მოედანზე უხმეს და 15 ათასი მაყურებლის თანდასწრებით გადასცეს საჩუქრები და ჯილდოები, მათ შორის "ღირსების ორდენი". მანამდე გიორგი სიჭინავა ჟურნალისტებს შეხვდა, ძველი ამბები გაიხსენა, თან მოიბოდიშა: ამდენი ხანია სოჭში ვცხოვრობ და მაპატიეთ, თუ ქართულ-რუსული ერთმანეთში ამერევაო. აი, რამდენიმე ფრაგმენტი მისი მონაყოლიდან:”მყავს ოთხი შვილი და ერთი შვილიშვილი; აფხაზეთის ომი რომ დაიწყო, ოჯახთან ერთად სოჭში გადავსახლდი, თუმცა გაგრასთან კავშირი არ გამიწყვეტია. იქ არის ჩემი მშობლების საფლავი; ძალიან მომენატრა თბილისი, აქაური მეგობრები; ფეხბურთში მეტის გაკეთებაც შემეძლო, მაგრამ დღეს არაფერს არ ვნანობ; მწვრთნელებში ყველაზე წინ ანდრო ჟორდანიას ვაყენებ, ფეხბურთელებში - ბასა ღოღობერიძეს, თუმცა ვარსკვლავები სხვაც ბევრი გვყავდა”. გიორგი სიჭინავამ 60-იანი წლების რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩიც გაიხსენა, მათ შორის, საბჭოთა და ბრაზილიელ ფეხბურთელთა შეხვედრა მოსკოვში, პელესთან პირისპირ თამაში, ტაშკენტური “ოქროს” ფინალი და მისი გმირები: ”ახლა ჩემი მეგობრები შემხვდნენ და რა შეიძლება იყოს ამაზე ძვირფასი. როცა ისინი ვნახე, ცრემლი ვერ შევიკავე. ბავშვობაში 60 წლის კაცს რომ შევხვდებოდი, ვფიქრობდი - ამდენი როგორ იცოცხლა, მეტი რაღა უნდა, კიდევ როგორ ცხოვრობს-მეთქი. ახლა მეც მომიკაკუნა 60-მა წელმა... ბორიამ ტირილი დაიწყო, ჯემალიც ტირის. ტირის ყველა, ვისაც შევხვდი. აქ რომ ჩამოვედი, თითქოს მეორედ დავიბადე. 12 წელი არ ვყოფილვარ, 12 წელი.”

ახლა თბილისის ჭადრაკის სასახლეშიც შევიხედოთ, სადაც გასულ პარასკევს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა გაიმართა. ნონა გაფრინდაშვილი ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან ნებაყოფლობით გადადგა და ეს ამბავი ახალი არავისთვის ყოფილა. ქალბატონმა ნონამ გადადგომის თაობაზე ჯერ კიდევ თებერვალში გამოაცხადა, თან მოაყოლა: გადაწყვეტილება საბოლოოა, ჩემი მისია შევასრულე და დარჩენის არანაირი სურვილი არა მაქვსო. თებერვალშივე გაირკვა, რომ პრეზიდენტის პოსტზე კენჭს იყრიდა დიდოსტატი ნინო გურიელი. ასეც მოხდა: გურიელი ერთადერთი კანდიდატი იყო და ერთხმად აირჩიეს ფედერაციის პრეზიდენტად. ძალაში დარჩა თანაპრეზიდენტის ინსტიტუტი და ამ პოსტზე, წინა ყრილობისგან განსხვავებით, უპრობლემოდ დაამტკიცეს ზურაბ აზმაიფარაშვილი. ეგ კი არა, დიდოსტატმა თამაზ გიორგაძემ მოითხოვა, ეს ადგილი აზმაიფარაშვილს სამუდამოდ დავუკანონოთ, იმუშაოს სანამ არ მობეზრდებაო. გიორგაძის ეს წინადადება დელეგატებმა საპირველაპრილო ხუმრობად მიიღეს, ახალარჩეულებს წარმატება უსურვეს, ქართულ ჭადრაკს კი - მსოფლიო ჩემპიონის გვირგვინის დაბრუნება. ამის თაობაზე ახალი პრეზიდენტის პროგრამაში არაფერია ნათქვამი, თუმცა ქალბატონ ნინოს სერიოზული გეგმები აქვს.

[ნინო გურიელის ხმა] ”უპირველესად, მე მინდა ჩემს წინამორბედს გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა. თქვენ იცით, რაოდენ მძიმეა, რაოდენ საპატიოა, როცა ნონას შემდეგ აგრძელებ მოღვაწეობას. რა თქმა უნდა, მე შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ ფედერაციის პრეზიდენტის ყოველი დღე ხავერდოვანი იქნება და ძალიან ადვილია დღევანდელ სიტუაციაში მოღვაწეობა, როდესაც, თქვენ იცით, ქვეყანას ეკონომიურად უჭირს. ბუნებრივია, ჭადრაკი სტრატეგიული სპორტი იყო ყოველთვის და სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე ძალიან ძნელი იქნება ის მაღალი ტრადიციები და მაღალი ადგილები, რაც ყოველთვის ეკავა ჭადრაკს, კვლავ დავიბრუნოთ. ყოველ შემთხვევაში, მე ჩემი მხრიდან მაქსიმალურად ვეცდები, პროგრამა, რომელიც შევიმუშავე, ქაღალდზე არ დარჩეს, ვინაიდან სიტყვა არასოდეს არ გამიტეხია.”
XS
SM
MD
LG