Accessibility links

logo-print

საქართველო და დასავლური კულტურა; კულტურული ურთიერთობები და გავლენები


წამყვანი: მარიამ ჭიაურელი, პრაღა საქართველო და დასავლური კულტურა; კულტურული ურთიერთობები და გავლენები,

ეს გახლავთ ახალგაზრდული პროგრამის დღევანდელი გადაცემის თემა. ჯერ მოგითხრობთ საქართველოდან ევროპისაკენ "გაჭრილი" ერთ-ერთი სარკმლის შესახებ, რომლითაც, უწინარესად, ქართველი ახალგაზრდები სარგებლობენ, შემდეგ კი ვისაუბრებთ დასავლურ კულტურასთან ურთიერთქმედების შედეგად საქართველოში გაჩენილ ახალ კულტურულ ნორმებზე, ასევე ქართულ სივრცეში სხვადასხვა კულტურული ნაკადების თანაარსებობისა და ჭიდილის შესახებ.

ეკა წამალაშვილი, თბილისი

წელს ორი ქართველი ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას საჯარო მეტყველების საერთაშორისო კონკურსში, რომელიც ლონდონში “ინგლისურად მოლაპარაკეთა კავშირის” თაოსნობით იმართება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები - ნანა იამანიძე და სოფიკო გორგოძე თბილისში ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულები აღმოჩნდნენ, რითაც საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს. ინგლისურად მოლაპარაკეთა კავშირის თბილისის ფილიალის მიერ ჩატარებული კონკურსის ფინალურ ტურში გასულ 9 ახალგაზრდას შორის ინგლისელმა სპეციალისტებმა სწორეს ისინი შეარჩიეს.
მაინც რას წარმოადგენს “The English speaking Union” ანუ ინგლისურად მოლაპარაკეთა კავშირი, და რით ეხმარება ის ახალგაზრდებს და არამარტო ახალგაზრდებს?

“ინგლისურად მოლაპარაკეთა კავშირი” დამოუკიდებელი, არაპოლიტიკური, საგანმანათლებლო, საქველმოქმედო ორგანიზაციაა და მას კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ხანგრძლივი ტრადიციაც აქვს, -
ხანგრძლივი, რადგანაც გასული საუკუნის დასაწყისიდან მოქმედებს. აღნიშნული ორგანიზაციის სათაო ოფისი ლონდონშია და მას დედოფალი ელისაბედ მეორე მფარველობს. “ინგლისურად მოლაპარაკეთა კავშირის” პრეზიდენტი პრინცი ფილიპია, ვიცე-პრეზიდენტი კი - ტონი ბლერი. თავის დროზე “ინგლისურად მოლაპარაკეთა კავშირის” პრეზიდენტი უინსტონ ჩერჩილიც იყო. ამ ორგანიზაციის ფილიალები დღეს უკვე 44 ქვეყანაში არსებობს, მათ შორის, ჩვენს ქვეყანაშიც. კავშირის საქართველოს ფილიალს მარინე ციციშვილი ხელმძღვანელობს.

[მარინე ციციშვილის ხმა]“ “ინგლისურად მოლაპარაკეთა კავშირი” ჩამოყალიბდა 1918 წელს, როგორც კავშირი ინგლისსა და ამერიკას შორის. მასში ამჟამად 44 ქვეყანაა გაერთიანებული. ინგლისურად მოლაპარაკეთა კავშირს საქართველო 1998 წელს შეუერთდა და პირველი, რაც აქ ჩავატარეთ, იყო კონკურსი საჯარო მეტყველებაში. უკვე მეოთხედ ვატარებთ ამ კონკურსს და ყოველწლიურად 2 ახალგაზრდას ვუშვებთ.”

საჯარო მეტყველების კონკურსში გამარჯვებული ქართველი ახალგაზრდები ლონდონში ერთ კვირას დაყოფენ და, თუ საერთაშორისო კონკურსშიც გაიმარჯვებენ, ჯილდოებს ბუკინჰემის სასახლეში პრინც ფილიპისგან მიიღებენ. ასეთი შანსი წელს ნანა იამანიძეს და სოფიკო გორგოძეს აქვთ. საჯარო მეტყველების კონკურსში გამარჯვებული ეს ახალგაზრდები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის სტუდენტები არიან. ლონდონიდან ჩამოსულმა სტუმრებმა: მერი და ერიკ ბელანებმა ყველაზე მაღალი ქულებით სწორედ ნანა და სოფიკო შეაფასეს. აქვე შევნიშნავ, რომ ინგლისურ ენაზე საჯარო მეტყველების კონკურსში მონაწილეობის უფლება მხოლოდ 16 - დან 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს ჰქონდათ. კონკურსის ფინალურ ტურში გასულებმა მერი და ერიკ ბელანების შეკითხვებს უპასუხეს.

[ჩართვა კონკურსის მიმდინარეობიდან]

კონკურსის მიმდინარეობისას შარშანდელ და შარშანწინდელ გამარჯვებულებს გავესაუბრე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ლელა ჩახაია, რომელიც ლონდონში 2 წლის წინანდელი საკონკურსო თემის საუკეთესო პრეზენტაციისთვის მიიწვიეს, ამბობს, რომ “ინგლისურად მოლაპარაკეთა კავშირის” კონკურსში მონაწილეობამ მეტად საინტერესო გამოცდილება შესძინა.

[ლელა ჩახაიას ხმა] “ძალიან საინტერესო იყო, რადგან ორატორული ხელოვნება ჩვენთან ნაკლებად არის განვითარებული. აქ, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, საზოგადოებასთან ურთიერთობას ნაკლებად გვაჩვევენ. ლონდონში კი 55 ქვეყნის წარმომადგენლები ვიყავით. ტარდებოდა საკმაოდ საინტერესო დებატები, რამაც, ვფიქრობ, ბევრი რამ შემძინა.”

კონკურსის შარშანდელი ფინალისტი ლიკა სიდამონიძე ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეა. ლონდონის კონკურსში მონაწილეობისას მიღებული გამოცდილებით ისიც კმაყოფილია.

[ლიკა სიდამონიძის ხმა] “იქ იყო კულტურული ტრადიციების გაცვლა. ბოლო ორი დღე ოჯახებში ვცხოვრობდით, სადაც ინგლისელების ტრადიციებს გავეცანით.
შარშან თემა ინტერნეტზე უნდა დაგვეწერა. ინგლისურს 5 წლიდან ვსწავლობ.”

დახმარება, რომელსაც”ინგლისურად მოლაპარაკეთა კავშირი” ინგლისური ენის მცოდნეებს უწევს, საჯარო მეტყველებაში კონკურსით არ ამოიწურება. კავშირის საქართველოს ფილიალი ინგლისში სტაჟირებაზე პედაგოგებს, ხელოვნებათმცოდნეებს, მსახიობებს, რეჟისორებსა და სამედიცინო პერსონალსაც გზავნის. ამ უკანასკნელთა შერჩევაც კონკურსის საფუძველზე ხდება. “ინგლისურად მოლაპარაკეთა კავშირის” შემწეობით, წელს ერთი ქართვვლი მსახიობი და ერთი რეჟისორი გაივლის თრეინინგს ლონდონის ნაციონალურ თეატრში. სამომავლოდ დაგეგმილია ინგლისური პოეზიის საღამოების მოწყობა და ინგლისურენოვანი სპექტაკლების დადგმა.” ინგლისურად მოლაპარაკეთა კავშირის” საქართველოს ფილიალი კონკურსებს საუკეთესო თარგმანების გამოსავლენადაც ჩაატარებს.


დავით პაიჭაძე, თბილისი

ახდენს თუ არა ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური ორიენტაცია გავლენას კულტურაზე; რამდენად აისახება საქართველოს დეკლარირებული პროდასავლური კურსი ქართულ კულტურაზე, მკვიდრდება თუ არა ჩვენში ახალი კულტურული ნორმები. რა კულტურულ ტრადიციებსა და ნიადაგს ვეფუძნებით, როცა ვეხსნებით დასავლურ კულტურულ გავლენებს. რა ადგილი აქვს თანამედროვე რუსულ ქულტურას ქართულ სივრცეში - ამ საკითხებზე დავით პაიჭაძე ფილოსოფოსსა და კულტუროლოგს, ზაზა შათირიშვილს ესაუბრა.

საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ 10 წელიწადზე მეტი გავიდა და დღეს უკვე ეჭვს აღარ იწვევს, სად არის საქართველოს ადგილი, თქვა ჩემთან საუბრის დროს ზაზა შათირიშვილმა. პროდასავლური ორიენტაცია მაშინ იქნებოდა სათუო, თუ ალტერნატიულ ორიენტაციასაც შემოგვთავაზებდნენ. ასეთი კი არ არსებობს. ჩვენ თანდათან ვიცნობიერებთ, რომ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და თან, გვინდა თუ არ გვინდა, ვართ ევროპის პერიფერია, როგორც შუა საუკუნეებში ბიზანტიის პერიფერია ვიყავით. საქართველოში არ არის ისეთივე დაპირისპირება, როგორიც რუსეთში - ნაციონალისტებსა და ლიბერალებს შორის, რაც სლავიანოფილებისა და მედასავლეთეების ძველი პოლემიკის გაგრძელებაა. ზაზა შათირიშვილის აზრით, ბოლშევიზმმა, რომელიც ნაციზმისა და ფაშიზმის მსგავსად, ევროპული მოვლენა იყო, საბჭოთა სივრცეში მოქცეული ხალხები იმითაც ჩამოარჩინა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აქ არ განვითარდა მაშინდელ ევროპაში მიმდინარე პროცესები. [შათირიშვილის ხმა]: “ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომ ის ტენდენციები, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განვითარდა ევროპაში, ბევრი მიზეზის გამო პოსტსაბჭოთა სივრცეში ჯერ კიდევ არ ჩანს, ჩამოყალიბებული არ არის. თვითონ ევროპაც სხვადასხვა ტენდენციათა ბრძოლის არენაა. დღეს პირველ პლანზე უფრო ლიბერალური ტენდენციებია და არა კულტუროცენტრისტული და ნაციონალისტური, როგორც ეს იყო 20-ანი, 30-ანი წლების ევროპაში. ამ თვალსაზრისით, მე ვიტყოდი, რომ 21-ე საუკუნის დასაწყისის ევროპა და 21-ე საუკუნის დასაწყისის საბჭოთა სივრცე - ორივე ევროპული სივრცეა, მაგრამ დროში რაღაცნაირად აცდენილი: ერთი ჩამორჩენილი, მეორე - უფრო წინ წასული. პოსტსაბჭოთა სივრცის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ის ტენდენციები, მეორე მსოფლიო ომამდე რომ არსებობდა ევროპაში”.

ზაზა შათირიშვილი ამბობს, რომ თანამედროვე ევროპის თავისებურებას ჰქმნის დიალექტიკური და დინამიური ურთიერთობები ღირებულებათა ორი ძირითადი სისტემისა; ესაა, ერთი მხრივ, ინგლისური და, გარკვეულწილად, ფრანგული ლიბერალიზმი და მეორე მხრივ, კათოლიციზმი. ჩემი თანამოსაუბრე დასძენს, რომ ეს ძალიან უხეში ნათქვამია და თანამედროვე საქართველოშიც ორი ტიპის ღირებულებებს ხედავს [შათირიშვილის ხმა]: “ერთი არის დაკავშირებული ტრადიციებთან და, ძირითადად, ეს არის ეკლესიასთან დაკავშირებული ტრადიციები. აქ არის ის საერთო მომენტი, რაც დღეს რუსეთთან გვაკავშირებს. მეორე არის ე.წ. ლიბერალური ღირებულებები. დღეს საქართველოში მიდის ძალიან რთული ჭიდილი ამ ორ ღირებულებით სისტემას შორის. თუ ევროპაში კათოლიციზმსა და ლიბერალიზმს, ბრძოლის მიუხედავად, საერთო მომენტებიც აქვთ და დიალოგიც შესაძლებელია (რაც განაპირობებს ევროპის მრავალფეროვნებას), საქართველოში, ერთი მხრივ, გვაქვს ეს ლიბერალური ღირებულებები, რომელთაც ძალიან მცირე ჯგუფი აღიარებს, მეორე მხრივ, გვაქვს რთული სპექტრი ნაციონალურ-ეკლესიური ღირებულებებისა; სწორედ აქ არის ჩვენი იდენტურობის სისუსტე იმიტომ, რომ რუსეთის იმპერია, საქართველოში შემოსვლისთანავე, დაუპირისპირდა ქართულ ეკლესიას, უშველებელი ზიანი მიაყენა მას ყველანაირი გაგებით. აღარ ვლაპარაკობ საბჭოთა რეჟიმზე. ჩვენი იდენტურობისთვის ძალიან რთული მომენტია ის, რომ ჩვენთვის ეკლესია და მართლმადიდებლობა არის, ერთი მხრივ, ტრადიციული და ქართული, მაგრამ, მეორე მხრივ, სწორედ აქაა შემოჭრილი რუსული ელემენტი, რომელიც ძალიან გვიშლის ხელს საკუთარ იდენტურობაში”.

რა როლი აქვს თანამედროვე რუსულ კულტურას საქართველოში - ზაზა შათირიშვილი შემახსენებს, რომ ილია ჭავჭავაძის აზრით, საქართველოსთვის რუსეთი მხოლოდ ევროპეიზმთან ზიარების საშუალება იყო. დღევანდელი რუსეთი ცარისტულ რუსეთზე უფრო პერიფერიულია ევროპისათვის, იქ ძლიერი პოზიციები აქვს რუსულ ნაციონალურ იდეას, რომელიც ევროპეიზმს უპირისპირდება. ზაზა შათირიშვილის მტკიცება შეიძლება, ცოტა პარადოქსულიც იყოს: რუსეთის იდეოლოგიური გავლენა საქართველოში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს და პირდაპირ აისახება არა პოლიტიკაზე, არამედ ეკლესიაზე. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია ქართულ საზოგადოებრიობაში იმ ნაწილის გაძლიერება, რომელიც ილაპარაკებს და იმოქმედებს არა მარტო ამერიკასთან, არამედ რომის ეკლესიასთან დაახლოებაზეც. საამისო საფუძველს ზაზა შათირიშვილი მე-17 საუკუნემდე საქართველოს ისტორიაში ხედავს [შათირიშვილის ხმა]: “გრიგოლ ხანძთელი აბსოლუტურად ევროპული ტიპის წმინდანია, ბენედიქტე ნურსიელთან და ფრანცისკ ასიზელთან მეტი საერთო აქვს, ვიდრე ბიზანტიელებთან და რუსებთან; ექვთიმე და გიორგი ათონელების პოლიტიკაც პრორომაული იყო და არა პრობერძნული. ამის ტენდენცია და ტრადიცია საქართველოში არსებობს. არა მარტო დაახლოება ევროპასთან და ლიბერალური ღირებულებების დანერგვა, არამედ უკვე ქრისტიანულ ნიადაგზე ისეთ ტრადიციულ ეკლესიასთან დაახლოებაც, როგორიცაა რომის ეკლესია - საქართველოს საბოლოო ჩაწერა ევროპულ კულტურაში მე მხოლოდ ასე მესახება”.

მაგრამ, დასძენს ზაზა შათირიშვილი, ამას დიდი დრო დასჭირდება, რადგან საქართველოში ამ თვალსაზრისით ახლა სხვა ტენდენციები უფრო ძლიერია.
XS
SM
MD
LG