Accessibility links

logo-print

ქართული მედია ყოველთვის სიამოვნებით აშუქებს ამერიკის კინოაკადემიის პრემიებით დაჯილდოების ცერემონიალს.


ქართული მედია ყოველთვის სიამოვნებით აშუქებს ამერიკის კინოაკადემიის პრემიებით დაჯილდოების ცერემონიალს.

არც წლევანდელი “ოსკარი” იყო გამონაკლისი. ორი თვეა ქართული ჟურნალ-გაზეთები დაწვრილებით უამბობენ მკითხველს ჰოლივუდის ვარსკვლავების ბოლო რომანებზე და, რა თქმა უნდა, იმაზე, თუ რომელი ვარსკვლავი რომელი ფირმის ბრილიანტებით აპირებს ცერემონიალზე გამოცხადებას. და მხოლოდ ორშაბათს დილით, როცა კინოაკადემიამ თავისი ნომინანტები დააჯილდოვა, ქართველი ჟურნალისტების უმრავლესობამ შეიტყო ჩვენთვის, რაღა თქმა უნდა, სასიხარულო ამბავი - “ოსკარის” წლევანდელ ნომინანტებს შორის აღმოჩნდა მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი საქართველოზე, კერძოდ, ძეგვის ბავშვთა სახლზე... უფრო მეტიც, დასავლეთის კინოპრესას თუ დავუჯერებთ, რეჟისორ ლიან კლაპერ მაკლეინის ეს სურათი -“მსახიობები და ობოლი ბავშვები. ნამდვილი დრამა”- ბოლო დღემდე “ოსკარის” მთავარ კანდიდატად ითვლებოდა და, მხატვრული თვალსაზრისითა და პრობლემის სიმძაფრით, აშკარად სჯობდა კონკურენტებს. მაგრამ ამერიკის კინოაკადემიამ “ოსკარით” მაინც სხვა სურათი დააჯილდოვა - “ტოოტი”, სურათი ქუჩის მუსიკოსზე. საქართველოში ბევრმა არ იცის (ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ არაფერს ამბობს ქართული მედია), რომ ძეგვის ბავშვთა სახლზე გადაღებული ფილმის დამარცხება განაპირობა სკანდალმა, რომელიც წინ უძღოდა “ოსკარით” დაჯილდოებას. 21 მარტს ინტერნეტგვერდებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ამერიკელი მსახიობი როზი ო,დონელი კატეგორიულად მოითხოვდა მოეხსნათ მისი სახელი ლიან კლაპერ მაკლეინის ფილმის ტიტრებიდან. ო,დანელის მტკიცებით, “ოსკარზე” წარდგენილი ფილმის ავტორი - რასისტი და მებრძოლი ჰომოფობია, რომელიც მხარს უჭერს სექსუალურ უმცირესობათა დევნას და ცდილობს აეკრძალოთ ლესბოსელ ქალებს ობოლი ბავშვების შვილად აყვანა. სექსუალური უმცირესობების მიმართ ქართული საზოგადოების - მათ შორის, ქართული მედიის - დამოკიდებულებას თუ გავიხსენებთ, ბუნებრივად უნდა მივიჩნიოთ, რომ ამ ფაქტის თითქმის დემონსტრატიული იგნორირება მოახდინა ჩვენმა პრესამ. მითუმეტეს, რომ ამა თუ იმ პოლიტიკური გაერთიანების ინტერესების გამომხატველ ჟურნალ-გაზეთებს მაინცდამაინც არც ძეგვის (და არამარტო ძეგვის) ბავშვთა სახლის პრობლემები ადარდებთ და, რა გასაკვირია, რომ ეროვნული მედია არ დაინტერესდეს სკანდალით, რომელიც ამ დღეებში საქართველოს შესახებ გადაღებულმა ფილმმა გამოიწვია ჰოლივუდში. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ლიან კლაპერ მაკლეინის ფილმის მოხვედრამ “ოსკარის” ნომინანტთა შორის, შემდეგ კი სკანდალმა, რაც ამ სურათის დასახელებას მოჰყვა, საერთაშორისო ორგანიზაციების ინტერესი გაზარდოს თავად საქართველოში მოქმედი ბავშვთა სახლების მიმართ, იმ სახლებისა, რომელთაც ხელისუფლება ვერა და ვერ პატრონობს. ძეგვის ბავშვთა სახლიც ხელისუფლების ინიციატივით არ გახსნილა. როგორც ამ სახლის ერთ-ერთმა მესვეურმა, ხელოვნებათმცოდნე დათა კიზირიამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, [დათა კიზირიას ხმა]: “ეს ყველაფერი დაიწყო 95-ში, როცა უამრავი გაჭირვებული იყო და, უბრალოდ, პატრიარქმა ილია მეორემ სთხოვა ფერისცვალების მონასტერს თბილისში, მხარში დაუდექით ადამიანებს, როგორც შეძლებთო, ყველანაირი კონცეფციისა, პროექტებისა და დაფინანსების გარეშეო.”

როგორც გამოირკვა, თავად ძეგვის ბავშვთა სახლის მესვეურებსაც პრესიდან შეუტყვიათ ლიან კლაპერ მაკლეინის ფილმის “ოსკარის” ნომინანტად გამოცხადების ამბავი. ძეგვში უკვე შეეჩვივნენ კინოკამერებით მომარჯვებულ ადამიანებს და, ცოტა არ იყოს, შფოთავენ კიდეც, როცა ბავშვებს აქ როგორც გადაღების “ობიექტებს”, როგორც “კინომასალას”, ისე უყურებენ. დათა კიზირიას თქმით
[დათა კიზირიას ხმა]: “მე მგონი, ეს არის უფრო ურთიერთდახმარება, ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით, ეს არის ჩვენი პრობლემა. მინდა ვთხოვო საზოგადოებას, რომ ნუ ვახსენებთ “უპატრონო ბავშვებს’. ეს აღწერითი ტერმინია, შეფასება გამოდის - ისინი კი არიან ჩვენგან გარიყულები... ჩვენ კი, ლამისაა და, კიდევ შეურაცხყოფას ვაყენებთ”

არადა ლიან კლაპერ მაკლეინის ფილმს სწორედ ასე ჰქვია -“მსახიობები და ობოლი ბავშვები. ნამდვილი დრამა”. ამერიკული ინტერნეტ-გაზეთის “movie-times”- ის მიმომხილველი აღნიშნავს, რომ “ავტორმა გვიამბო ობოლ ბავშვებზე, რომლებიც ცხოვრობენ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკაში, საქართველოში, სადაც ხელისუფლება კორუმპირებულია”. ცხადია, “ოსკარით” დაჯილიდოების ცერემონიალის წინ ამ სტატიას მრავალი ამერიკელი გაეცნობოდა. რამდენად აძლევს ხელს ჩვენს ხელისუფლებას დღეს ასეთი ხასიათის სტატიები - სხვა საქმეა. თუმცა თავად დათა კიზირია, ძეგვის ბავშვთა სახლის მესვეური, აღნიშნავს, რომ არც ამ ფილმის გადაღებამდე და არც ახლა, როცა ძეგვის ბავშვთა სახლის არსებობის შესახებ ჰოლივუდშიც შეიტყვეს, არ აპირებს უდედმამოდ დარჩენილი ბავშვების ბედით სპეკულაციას. და თუ ძეგვის ბავშვთა სახლზე გადაღებული ფილმით ვიღაც-ვიღაცებმა ჰოლივუდშიც მოიპოვეს სახელი, ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს ეს ბავშვები უფრო ეხმარებიან უფროსებს და არა უფროსები - ბავშვებს. დათა კიზირიამ აქვე დააზუსტა [დათა კიზირიას ხმა]: “ვისაც ესმის, ის გვეხმარება და ვისაც როგორ შეუძლია, ისე გვეხმარება... სამადლობელი გვაქვს ყველას მიმართ... ყველა, ვინც გვეხმარება, ამ სივრცეში შემოდის და ამ სიხარულით ივსება ხოლმე, ვინც გვხედავს, ის გვეხმარება... ყველაზე დიდი დახმარება სიყვარული და თანადგომაა”.

ჯერჯერობით უცნობია, როდის შედგება ლიან კლაპერ მაკლეინის ფილმის პრემიერა თბილისში. არადა საინტერესოა, როგორია - როგორც გამოირკვა, ჰომოფობი და რასისტი - ამერიკელი ქალბატონის თვალით დანახული საქართველო. ამ ეპითეტებით კი ნამდვილად ვერ შევამკობთ სახელგანთქმულ ბრიტანელ ფოტოგრაფს, მარტინ პარს, რომლის თვალით დანახულ სამყაროსთან ზიარება ამ დღეებში ყველა თბილისელს შეეძლო “ქარვასლაში” მოწყობილ ბრწყინვალე ექსპოზიციაზე, რომელიც მისმა ორგანიზატორებმა “ბრიტანეთის საბჭომ საქართველოში” და “ახალი მედიების კავკასიურმა ინსტიტუტმა” დედოფალ ელისაბედ მეორის იუბილეს მიუძღვნეს.

“სახლში და სტუმრად” - ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც პირველ რიგში წარმოდგენას შეუცვლის ინგლისელების შესახებ იმას, ვისაც სჯერა, რომ გამოთქმა “ჩემი სახლი - ჩემი ციხე-სიმაგრეა” კვლავაც გამოდგება ბრიტანელთა დასახასიათებლად. 1952 წელს დაბადებული მარტინ პარი ფოტოხელოვანთა საერთაშორისო გაერთიანების, “მაგნუმის,” წევრია, “მაგნუმი” კი, როგორც ცნობილია, ფაქტობრივად, ავალდებულებს კიდეც ნებისმიერ ფოტოგრაფს იყოს “ღია” სხვა კულტურების მიმართ. მართალია, მარტინ პარი წარმატებით მუშაობს მოდასა და დიზაინში, იღებს სარეკლამო ფოტოებს და სწორედ ამ ჟანრში ეუფლება ახალ ტექნოლოგიებს, ბრიტანეთში იგი ცნობილია როგორც, პირველ რიგში, სოციალური ფოტოს ოსტატი... რაც ბუნებრივია: იგი ბევრს მოგზაურობს, მათ შორის განვითარებად ქვეყნებში. “სახლში და სტუმრად” მისი ერთ-ერთი უკანასკნელი პროექტია, რომელიც ჯერ ბოსნიაში განხორციელდა, ახლა კი “ბრიტიშ ქაუნსელმა” ყაზახეთსა და საქართველოში წარმოადგინა, პროექტი, რომელიც დარწმუნებული ვარ ქართველ ფოტომოყვარულებს, ბოლოს და ბოლოს, “გაუღვიძებს” ფერადი ფოტოგრაფიის მიმართ ნდობას და, ე.ი. დაანგრევს ქართულ ფოტოხელოვნებაში დამკვიდრებულ კიდევ ერთ სტერეოტიპს - თითქოს ფერადი ფოტოგრაფია ამ ხელოვნებას პირობითობას ართმევდეს. თავად ინგლისელები შემთხვევით არ ადარებენ მარტინ პარს თანამედროვეობის უდიდეს ბრიტანელ კინორეჟისორს მაიკლ ლის, როცა ობიექტის ხასიათი არა მარტო კამერის რაკურსით, არამედ სწორედ ფერისა და სინათლის ნიუანსებით იცვლება. უფრო სწორად, არა იმდენად იცვლება, რამდენადაც წარმოჩნდება ავტორის დამოკიდებულება გადასაღები ობიექტის მიმართ. პარს, ისევე როგორც მაიკლ ლის, ბევრი ცინიზმშიც კი ადანაშაულებს, მაგრამ ეს, ალბათ, იმიტომ, რომ პუბლიკა (სხვათა შორის, არამარტო საქართველოში) ვერა და ვერ ეჩვევა ფოტოგრაფიის, როგორც ხელოვნების, სუბიექტურობას, არ უნდა აღიაროს, რომ კინოკამერა აღარ არის ცივი დამკვირვებელი, როცა ნიჭიერი ადამიანის ხელში ხვდება და, მით უფრო, ადამიანისა, რომლისთვისაც სახლი - “ციხე-სიმაგრე” დიდი ხანია აღარ არის, რომელიც ღიაა ყველასთვის. ასეთი გამოფენები, ცხადია, ქართულ კულტურასაც ათავისუფლებს მარწუხებისგან. თუმცა ვინა თქვა, რომ ჩვენი ცნობიერება მარწუხებშია მოქცეული. ჩვენ ხომ უკვე “ოსკარის” ამბებიც გვაინტერესებს. თუნდაც, ვინ რომელ სამკაულს ატარებს ჰოლივუდში.
XS
SM
MD
LG