Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არის თუ არა თავისუფალი მედია აჭარაში?


სოზარ სუბელიანი, თბილისი მიმდინარე წლის 13 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლომ, მართლაც, უპრეცედენტო განაჩენი გამოიტანა.

საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბეჟანიძემ საქართველოს სახელით გადაწყვიტა, რომ აჭარაში თავისუფალი პრესა არსებობს და საწინააღმდეგო აზრის გამოთქმისთვის ბათუმის პრეს-კლუბის დამფუძნებელ ავთანდილ გადახაბაძეს გაზეთ “აჭარა P.S.-ისთვის” 1000 ლარის გადახდა და საჯაროდ ბოდიშის მოხდა დააკისრა. მოსამართლეს თავის გადაწყვეტილებაში არ დაუზუსტებია, რა ზიანი მიადგა “აჭარა P.S.-ს” ისეთი, რომლისთვისაც ამ უკანასკნელმა 1000 ლარი უნდა მიიღოს, თუმცა, უნდა ითქვას, რომ “აჭარა P.S.-მა” კოლეგა ჟურნალისტებს უკვე მეორედ მოუგო სასამართლო.

თავისუფალი პრესის ღირსების დაცვის სურვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს გაზეთ “აჭარა P.S.-ის” დამფუძნებელთა სარჩელმა გაუღვიძა. რადიომსმენელს შევახსენებთ, რომ ხსენებულმა გაზეთმა უკვე მოიგო ერთი სარჩელი გაზეთ “ქობულეთის” წინააღმდეგ, რის შემდეგაც მიზანში პრეს-კლუბი “ბათუმი” ამოიღო. გაზეთის დამფუძნებელთა აღშფოთება ამჯერად ავთანდილ გადახაბაძის მიერ გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულმა ინტერვიუმ და გაზეთ “ახალ ვერსიაში” გამოქვეყნებულმა სოციოლოგიურმა გამოკითხვამ გამოიწვია.

სარჩელში ნათქვამია: “გაცნობებთ, რომ პრეს-კლუბ “ბათუმის” ხელმძღვანელის, ავთანდილ გადახაბაძის, ინტერვიუ, რომელიც დაიბეჭდა გაზეთ “რეზონანსში” 2001 წლის 29 სექტემბერს, და ამავე წლის ოქტომბრის გაზეთ “ვერსიაში” დაბეჭდილი წერილი, სათაურით: “აჭარაში თავისუფალი მედია არ არსებობს”, შეურაცხყოფს გაზეთ “აჭარა P.S.-ის” ჟურნალისტებსა და მათ საქმიან რეპუტაციას. აღნიშნული პუბლიკაცია არის შეურაცხმყოფელი, მიმართული გაზეთ “აჭარა P.S.-ის” სადისკრედიტაციოდ, რადგან პრეს-კლუბ “ბათუმის” ხელმძღვანელის განცხადებას იმის თაობაზე, რომ აჭარაში თავისუფალი მედია არ არსებობს და ერთადერთი, ვინც სიმართლეს წერს, პრეს-კლუბი “ბათუმია”, შეცდომაში შეჰყავს მკითხველი და, შესაბამისად, ჩვენი გაზეთის საქმიანობასაც ჩრდილს აყენებს.

ამ განცხადებით “აჭარა P.S.-ის” ოთხწლიანი საქმიანობა, პრაქტიკულად, წყალში იყრება. კერძოდ კი, გაზეთ “რეზონანსში” გამოქვეყნებულ ინტერვიუში პრეს-კლუბ “ბათუმის” ხელმძღვანელი აცხადებს, რომ აჭარაში თავისუფალი მედია არ არსებობს და რომ აჭარაში ერთადერთი თავისუფალი საინფორმაციო საშუალება პრეს-კლუბი “ბათუმია” (სტილი დაცულია).

არადა, როგორც ავთანდილ გადახაბაძე ამბობს, არც გაზეთ “რეზონანსში” გამოქვეყნებულ მის ინტერვიუში და არც წერილში, რომელიც “ახალ ვერსიაში” დაიბეჭდა, “აჭარა P.S.-ი” ნახსენები არ ყოფილა, ხოლო რაც შეეხება “ახალ ვერსიაში” დაბეჭდილი წერილის რუბრიკასა და სათაურს – “სოციოლოგიური გამოკითხვა: აჭარაში თავისუფალი მედია არ არსებობს” – იგი გაზეთის რედაქციას ეკუთვნის და არა ბათუმის პრეს-კლუბს. როგორც გაზეთ “ახალი ვერსიის” რედაქტორი ალეკო ცქიტიშვილი ამბობს, ამის შესახებ მოსარჩელეებმაც იცოდნენ და მოსამართლემაც. თავის მხრივ, “ახალმა ვერსიამ” საკუთარ თავს ამგვარი სათაურის გაკეთების უფლება მას შემდეგ მისცა, რაც ბათუმის პრეს-კლუბის მიერ ჩატარებულ სოციოლოგიურ გამოკითხვას გაეცნო. გამოკითხვის შედეგები ასეთი გახლდათ: 400 გამოკითხული ბათუმელიდან 60 პროცენტმა მიიჩნია, რომ აჭარაში თავისუფალი პრესა არ არსებობს, ხოლო საწინააღმდეგო აზრი მხოლოდ 15-მა პროცენტმა გამოთქვა: [ალეკო ცქიტიშვილის ხმა] “ახალი ვერსია” არ გაურბის პასუხისმგებლობას ამ სათაურზე, პირიქით, მიაჩნია, რომ ეს სათაური გამომდინარეობს ამ სოციოლოგიური გამოკითხვიდან. შესაბამისად, სარჩელის შემთხვევაში, მოპასუხე უნდა ყოფილიყო “ახალი ვერსია.”

ცქიტიშვილის აზრით, მოპასუხედ “ახალი ვერსიის” ნაცვლად ბათუმის პრე-კლუბის არჩევა სრულიად კონკრეტულ ეჭვებს აღძრავს: [ალეკო ცქიტიშვილის ხმა] “ეს სასამართლო დავა, რომელსაც აწარმოებს “აჭარა P.S.-ი”, აჭარის ხელისუფლების მიერ არის შეკვეთილი. ამ ეჭვს მიჩენს ის გარემოება, რომ, ფაქტობრივად, “აჭარა P.S.-ი” გვევლინება აჭარის ხელისუფლების ვექილად და არა თავისუფალი პრესის ინტერესების დამცველად. ამ პროცესის მიზანი არის პრეს-კლუბ “ბათუმის” საქმიანობის ჩაშლა და ეს, ბუნებრივია, არ იქნება თავისუფალი პრესის წარმომადგენლების ინტერესი, ეს იქნება აჭარის ხელისუფლების ინტერესი და არის კიდეც. ჩვენ ამის შესახებ სხვა ინფორმაციებიც გვაქვს.”

თავად მოპასუხე ავთანდილ გადახაბაძე დარწმუნებულია, რომ “აჭარა P.S.-ი” სწორედ აჭარის ხელისუფლების შეკვეთას ასრულებდა, რაც ხსენებული წერილების გამოქვეყნების შემდეგ აჭარის ხელისუფლების მიერ ატეხილი ისტერიკიდანაც გამოჩნდა: [ავთანდილ გადახაბაძის და სოზარ სუბელიანის ხმა]
-
“გამოდიოდნენ ტელევიზიით, გვლანძღავდნენ, აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი გამოთქმებით მოგვმართავდნენ…”
-
“კონკრეტულად ვინ იყვნენ?”
-
“იყვნენ საქართველოს პარლამენტის ფრაქცია “აღორძინების” დეპუტატები, იყვნენ ადგილობრივი მოღვაწეები, ადგილობრივი პარლამენტის წარმომადგენლები და ამ კამპანიაში საკუთარი ნებით ჩაერთო “აჭარა P.S.-ი”. სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებისა და “აჭარა P.S.-ის” წარმომადგენლების განცხადებები ერთმანეთისგან არაფრი განსხვავდებოდა”.
-
“კონკრეტულად რომელი დეპუტატები იყვნენ, თუ გახსოვთ?”
-
იყო სანდრო ბრეგაძე, მაგალითად, და ასე და ასე შემდეგ. ჯერ ერთი, 18 პუბლიკაცია არის ჩვენ შესახებ გამოქვეყნებული 6 თვის განმავლობაში და 18-ვე პუბლიკაცია არის დისკრედიტაციის წყარო.”

სასარჩელო განცხადებისადმი პრეს-კლუბ “ბათუმის” შეპასუხებაში ნათქვამია: “ყველა ცივილიზებულ საზოგადოებაში ხალხის აზრის გაგება და გათვალისწინება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების აპრობირებული მეთოდია. თუ “აჭარა P.S.-ის” რედაქციამ გამოკითხვის შედეგები დისკრედიტაციად მიიღო, მაშინ მოპასუხე მხარე არის არა პრეს-კლუბი “ბათუმი”, არამედ ის 400 რესპოდენტი, ვინც თავისუფლად გამოთქვა თავისი აზრი. იმედია, “აჭარა P.S.-ი” მომავალში გაითვალისწინებს ზემოთ მოყვანილი რეიტინგის შედეგებს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ხალხის ნდობა და თავისუფალი მედიის დამსახურებული სახელი მოიპოვოს. თუ კი სასამართლო მსვლელობას მისცემს “აჭარა P.S.-ის” სარჩელს, ეს იქნება უპრეცედენტო შემთხვევა იურისპრუდენციაში, როცა უჩივიან ხალხს აზრის გამოთქმისთვის”.

შეპასუხების კატეგორიული ტონის მიუხედავად, პრეცედენტი მაინც შედგა და სასამართლოს ვერდიქტიც არანაკლებ კატეგორიული აღმოჩნდა: “სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას, რომ მის მიმართ გავრცელებულ იქნა დაუსაბუთებელი, სინამდვილეს შეუფერებელი და შეურაცხმყოფელი ინფორმაცია, რომ მას, როგორც თავისუფალი მასმედიის წარმომადგენელს, შეებღალა რეპუტაცია და ხელყოფილ იქნა საქართველოს კონსტიტუციით დაცული პატივი და ღირსება… ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადავწყვიტე:

მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს. დაეკისროს მოპასუხეს “აჭარა P.S.-ის” სასარგებლოდ 1000 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდა, 25 ლარის ოდენობით. დაევალოს ავთანდილ გადახაბაძეს გაზეთ “ ახალი ვერსიის” მეორე გვერდზე და გაზეთ “რეზონანსში” გამოაქვეყნოს შემდეგი შინაარსის ტექსტი: “ბოდიშს ვუხდი გაზეთ “აჭარა P.S.-ს” ჩემს მიერ უსაფუძვლოდ გამოთქმული ტექსტის გამო, რითაც უსაფუძვლოდ მივაყენე შეურაცხყოფა თავისუფალ გაზეთს, “აჭარა P.S.-ის” სახით.”

მოსამართლის რწმენით, ხალხის აზრი არაფერს ნიშნავს, რადგან “ხალხის აზრი არ არის უტყუარი მამტკიცებელი საბუთი. ადამიანს შეიძლება ჰქონდეს გარკვეული შეხედულება, აზრი, მაგრამ მას დასაბუთება სჭირდება”.

“ინტერნიუსის” იურისტის გიორგი სულაკაძის აზრით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო პრაქტიკას, ისე საქართველოს კანონმდებლობას. [გიორგი სულაკაძის ხმა] “საერთოდ არ არის არგუმენტირებული ის ფაქტი, თუ რატომ უნდა გადაიხადოს 1000 ლარი მხარემ, მხედველობაში მაქვს პრეს-კლუბი “ბათუმი”, რა ზარალი მიადგა “აჭარა P.S.-ს”, რომელიც 1000 ლარად შეფასდა. ეს საერთოდ არ არის დაფიქსირებული და არგუმენტირებული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში. ასე რომ, ეს გადაწყვეტილება ლაფსუსებით არის აღსავსე და თავისი შინაარსით ერთგვარად უკანონოც კი არის”.

ერთადერთი, რაშიც მოსარჩელეები და სასამართლო არ შეცდნენ, პროცესის მსვლელობის დროს სასარჩელო მოთხოვნის შეცვლა იყო: [გიორგი სულაკაძის ხმა] “სამოქალაქო საპროცესო კოდექსი პირდაპირ უთითებს, რომ საკასაციო საჩივრის შეტანა დაუშვებელია, თუ სამართლებრივი დავა არ აღემატება 1000 ლარს. თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნა 20 000 ლარი იყო, რაც შემდეგ, თვითონ მოსარჩელემ, არც მეტი, არც ნაკლები, 1000 ლარზე დაიყვანა. რატომ - მაინცდამაინც 1000 ლარი და რატომ - არა 1001 ან მეტი?”

პასუხი ამ კითხვაზე მარტივია: სასარჩელო თანხის შემცირებით მოსარჩელემ საქმის უზენაეს სასამართლოში გაგრძელების პერსპექტივა აიცილა თავიდან და დავის მშობლიურ აჭარაში დამთავრება გადაწყვიტა. მით უმეტეს, რომ “აჭარა P.S.-ის” მიერ გაზეთ “ქობულეთისთვის” მოგებული 4000 ლარის გამო საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში მოუწევს თავის მართლება.
XS
SM
MD
LG