Accessibility links

logo-print

რუსეთს უჭირს ახალი რეალობის აღიარება


გიორგი კაკაბაძე, თბილისი როგორ შეიძლება შეფასდეს რეალობა, რომელიც ამერიკელი სამხედროების საქართველოში გამოჩენას უკავშირდება?

რამდენად საფუძვლიანია ვარაუდი, რომ უახლოეს მომავალში თბილისი აფხაზეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დაწყებას აპირებს?

27 მარტის გაზეთ “კომერსანტის” თქმით, ბოლო დროს სოხუმში ხშირად საუბრობდნენ იმაზე, რომ საქართველო შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების საშუალებით აპირებს აფხაზეთის დაბრუნებას. 26 მარტს კი, არსებითად, დასახელდა სამხედრო ოპრაციის დაწყების თარიღი: აფხაზთა უშიშროების საბჭოს მდივნის ასტამურ თარბას განცხადებით, აქტიური საბრძოლო მოქმედებები აპრილის დასაწყისისთვის არის მოსალოდენლი.

გამოთქმულ შეშფოთებას იზიარებს აჭარის მეთაური და საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კონფლიქტის საკითხში, ასლან აბაშიძე, რომელმაც განაცხადა: სამწუხაროდ, დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკელი ინსტრუქტორები ქართველ სამხედროებს მოამზადებენ არა ტერორისტებთან საბრძოლველად, არამედ, ასე ვთქვათ, “წესრიგის დასამყარებლად” საქართველოს სხვა რეგიონებში.
“კომერსანტი” წერს, რომ, მართალია, საქართველოს ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს ამერიკელთა დახმარების გამოყენებას კონფლიქტების ძალისმიერი გზით გადაწყვეტაში, მაგრამ, გაზეთის თქმით, “აფხაზეთის საკითხის ძალისმიერი გადაწყვეტის თეორიული შესაძლებლობაც კი მოსკოვისათვის კატეგორიულად მიუღებელია.”
“კომერსანტი” შენიშნავს:

“ბოლო დრომდე რუსეთისათვის ხელსაყრელი იყო ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში არსებული სტატუს-კვო: მოსკოვი ფორმალურად აღიარებდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და, ამავე დროს, აფხაზეთთან განსაკუთრებულ ურთიერთობებს ინარჩუნებდა. სიტუაცია ძირფესვიანად შეიცვალა მარტის დასაწყისში, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია ამერიკელი სამხედროების საქართველოში ჩასვლის შესახებ. მოსკოვმა ეს აღიქვა როგორც მისი გეოპოლიტიკური ინტერესების წინააღმდეგ მიმართული მუქარა”.

“კომერსანტის” თქმით, ვინაიდან რუსეთი თავისი ინტერესების ზონად მიიჩნევს ამიერკავკასიას, ამიტომ საქართველოსათვის ბრძოლა გულისხმობს პოსტსაბჭოთა სივრცის მთელ სამხრეთ საზღვრებზე, და არა მხოლოდ რეგიონში, გავლენისათვის ბრძოლას.”

27 მარტის გაზეთი “ვრემია მნ” წერს, რომ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იგორ ივანოვის აზრით, ამერიკელი სამხედროების გამოჩენამ საქართველოში, “შესაძლოა, უფრო მეტად დაძაბოს რეგიონში არსებული ისედაც რთული ვითარება”.

გაზეთის თქმით, თბილისი კვლავინდებურად ირწმუნება, რომ ამერიკელები არ მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ ანტიტერორისტულ თუ სხვა სამხედრო ოპერაციებში.

“ვრემია მნ” აქვე შენიშნავს, რომ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის აზრით, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს პროვოკაციებს იმ მიზნით, რომ ამერიკელები სამხედრო მოქმედებებში ჩაითრიონ.
შემდეგ გაზეთი წერს:

“ყველასათვის კარგად არის ცნობილი, თუ როგორ აწყობენ პროვოკაციებს აუცილებლობის შემთხვევაში. სწორედ ამიტომ ატეხა განგაში მოსკოვმა. მაგრამ მან ხომ თვითონ დაპატიჟა ამერიკელები ჩეჩენი ბოევიკების პანკისიდან გასაძევებლად. განა თავად იგორ ივანოვი არ აცხადებდა, რომ პანკისში, შესაძლოა, ბინ ლადენიც იმალებოდეს. ანუ რუსეთის ხელისუფლებამ თავად იღონა ყველაფერი იმისათვის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შეერთებული შტატების ჯარები განთავსებულიყვნენ.

თუმცა, სიტუაცია ისეთი კატასტროფული არ არის, როგორც ეს რუსეთის სათათბიროში წარმოუდგენიათ. საქართველოში მხოლოდ რამდენიმე ათეული ამერიკელი სამხედროა მაშინ, როდესაც იქ რუსეთის, დაახლოებით, 20 ათასი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. მათ ტანკები და ქვემეხები აქვთ შეიარაღებაში. ამიტომ შეიძლება დაეთანხმო პუტინს, რომელმაც ყაზახეთის სამიტზე განაცხადა, რომ აქ ტრაგედიას ვერ ხედავს.”

“ვრემია მნ” ერთგვარი სარკაზმით აღნიშნავს, რომ არსებული სინამდვილე, მართლაც, არ არის ტრაგიკული. გაზეთის თქმით, არსებობს ახალი რეალობა, რომელიც უნდა გააცნობიერო და აღიარო, ვინაიდან რაიმეს შეცვლა უკვე შეუძლებელია: საქართველოში რუსეთის თითქმის ორასწლიანი სამხედრო ყოფნა დასასრულს უახლოვდება, განურჩევლად იმისა – რუსეთისა თუ ამერიკის რამდენი ჯარისკაცი და ოფიცერია დღეს საქართველოში.
XS
SM
MD
LG