Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ დააჯარიმა 5 კომპანია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ


საქართველოში საქმიანობის ერთ-ერთ წარმატებულ სფეროდ სატელეკომუნიკაციო ბიზნესი ითვლება. ეს სახელმწიფო პოლიტიკის განსაკუთრებული ხელშემწყობი პირობების შედეგი არ გეგონოთ,

საქართველოში კავშირგაბმულობის ბიზნესის განვითარება ბაზრის მზარდმა მოთხოვნამ განაპირობა. ამ საქმეში სახელმწიფოს ჩარევამ არათუ მისი განვითარება, არამედ, შესაძლებელია, უკუპროცესების დაწყებაც კი განაპირობოს.

საქართველოში კომუნიკაციების ეროვნული კომისია 1999 წელს მიღებული „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ კანონის საფუძველზე შეიქმნა. მას დარგის რეგულირების მისია დაეკისრა. რეგულირება კი შემდეგი პრიორიტეტების დაცვით ხორციელდება, ესენია: იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საქმიანობაში თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვა და ხელშეწყობა; კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მონოპოლიური საქმიანობის დაუშვებლობა; თანასწორუფლებიანი და სამართლიანი საკონკურენციო გარემოს შექმნა; მომხმარებელთა კანონიერი ინტერესების დაცვა და სხვ.

ამ კეთილშობილური ამოცანებიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ რამდენიმე სატელეკომუნიკაციო კომპანია 5 ათას ლარიანი ადმინისტრაციული სახდელით დააჯარიმა. დაჯარიმებულ კომპანიათაგან უმრავლესობა მცირე საწარმოებად ითვლება და მათ ბაზარზე მონოპოლიური პოზიციების მოპოვება ან მომხმარებელთა უფლებების შელახვა ნაკლებად ძალუძთ. ამ კომპანიებს მხოლოდ საერთაშორისო სატელეფონო საუბრების ტარიფების შემცირება ედებათ ბრალად.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის დადგენილების ძალით, დაწესდა სატელეფონო საუბრების ტარიფები, რომლის მიხედვითაც, ვთქვათ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სატელეფონო კავშირის ერთი წუთი 1 ლარზე ნაკლები არ უნდა ღირდეს. ამ დადგენილების დამრღვევთა შორისაა კომპანია „მაკროკომი“, რომელიც სატელეფონო საუბრების საფასურის წინასწარი გადახდის ბარათების შეძენის მსურველებს 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობდა. ეს კომპანია უკვე 5 წელია, რაც არსებობს და, მიუხედავად სიმცირისა, განვითარების სტაბილურ გზას ადგას. „მაკროკომის“ გენერალური დირექტორის ანდრო გაბისონიას განცხადებით, ტარიფის შემცირება ბაზარზე სხვა ახალი კომპანიების გამოჩენამ განაპირობა.

ეს საბაზრო ეკონომიკის პრინციპია და ამით მომსახურების მიმწოდებელთან ერთად მომხმარებელიც ხეირობს. ის, ვინც ამ კონკურენციას ვერ უძლებს, ბაზარს ტოვებს, თუმცა საქართველოს ხელისუფლებაში მიიჩნიეს, რომ ამ პროცესის რეგულირებაა საჭირო. ამჯერად მარეგულირებელი მექანიზმი თანასწორუფლებიანი და სამართლიანი საკონკურენციო გარემოს დასაცავად ამოქმედდა, მაგრამ საეჭვოა, რომ ტარიფის შემცირებით ვინმე არაკონკურენტუნარიან გარემოში აღმოჩენილიყოს. არსებული ტარიფის განახევრების შემთხვევაშიც კი სატელეფონო კავშირის ერთი წუთის თვითღირებულება სარეალიზაციო ფასზე გაცილებით ნაკლები იქნებოდა. ამის თქმის საფუძველს ანდრო გაბისონიას განცხადება იძლევა.

[გაბისონიას ხმა] „როგორ შეიძლება ამერიკაზე ლარს აწესებდე, როდესაც ამერიკას ყიდულობ 3 ცენტად, ამიხსენით მე. ჩვენ კი არა, ყველა. 3 ცენტზე ნაკლები ღირს ამერიკა. და ლარს უწესებ ყველას, ამიხსენით რატომ? რუსეთს ცოტა ძვირად ყიდულობენ, შეიძლება სამნახევარი, შეიძლება ოთხნახევარი, მაგრამ ამ დროს იქ ტარიფს აწესებენ 40 თეთრს, რატომ? “ [სტილი დაცულია]
ამ კითხვებზე პასუხის მიღებას კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში შევეცადე, მაგრამ პასუხისმგებელ პირებთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა.

მოქმედი წესების მიხედვით, ტარიფების შემუშავება ლიცენზიანტი კომპანიების მიერ წარდგენილი ეკონომიკური დასაბუთების საფუძველზე ხორციელდება. „მაკროკომის“ გენერალური დირექტორის თქმით, კომისიისგან მოთხოვნილი ინფორმაციის შეგროვება იმდენად შრომატევადი იყო, რომ მცირე კომპანიას მისი დაკმაყოფილება გაუჭირდება.

[გაბისონიას ხმა] „როგორც ჩანს, მცირე ბიზნესის ადგილი საქართველოში ჯერჯერობით არ არის, იმიტომ რომ, რა არის, იცით? მცირე ბიზნესის წარმომადგენლებმა უმეტესი დრო უნდა დაკარგონ სასამართლოებში სიარულით. მე საქმე არ უნდა ვაკეთო, მე უნდა ვიარო 24 საათი სასამართლოებში და ვამტკიცო, რომ ეს კანონები არის არასწორად მიღებული, საჭიროებს შეცვლას, კორექციას, და მითხარით, საქმე როდის გავაკეთო?“

ცხადია, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ - ისევე, როგორც სხვა მარეგულირებელმა ორგანოებმა - ბუნებრივი მონოპოლიის რეგულირება უნდა განახორციელოს, თუმცა ბიზნესის იმ სფეროებში, რომელთაც ბუნებრივ მონოპოლიასთან საერთო ბევრი არაფერი აქვთ, პროცესებს ჯანსაღი საბაზრო ეკონომიკის წესები უფრო მოაწესრიგებს, ვიდრე ადმინისტრაციული ჩარევა.
XS
SM
MD
LG