Accessibility links

logo-print

საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ მდგომარეობას მთავრობის საგანგებო სხდომა განიხილავს


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ მდგომარეობას ეხება,

ედუარდ შევარდნაძემ მწარე სიმართლე დაინახა. მისი განკარგულებით, ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტები მთავრობის საგანგებო სხდომამ უნდა განიხილოს.

საქართველო, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ჩამორჩენილ ქვეყნად არის მიჩნეული. ამას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ის მოხსენებაც ცხადყოფს, რომელიც საქართველოში, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, 2001 წელს არსებულ მდგომარეობას ეხება. მასში ადამიანის უფლებათა შემლახველ ცნობილ ქმედებებზეა საუბარი და განსაკუთრებული ადგილი რელიგიური ნიშნით დაპირისპირებას, ანუ არატრადიციული რელიგიური მიმდინარეობების წინააღმდეგ ბასილ მკალავიშვილის ლაშქრობებს, აქვს დათმობილი. აღნიშნულია, რომ მკალავიშვილის სადამსჯელო ღონისძიებები პოლიციის ხელშეწყობით ხდებოდა. შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში ადამიანის უფლებათა ნომერ პირველ დამრღვევებად მკალავიშვილი და პოლიციელები არიან წარმოჩენილნი. მოხსენებაში ფიგურირებს ტელეკომპანია “რუსთავი - 2” - ის ირგვლივ შარშან განვითარებული მოვლენებიც,
მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი პანკისის ხეობაში არსებულ მდგომარეობაზე საუბარსაც და ამ ნაწილში მითითებულია, რომ პანკისის ხეობაში ნარკოტიკებით ვაჭრობა თუ ადამიანთა გატაცება სამართალდამცავთა ჩარევით ხდებოდა. საუბარია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებულ ვითარებაზეც, კერძოდ, ტელეკომპანია ტვ - 25 - ის დახურვისა და თენგიზ ასანიძის უკანონო პატიმრობის ფაქტებზე. მოკლედ, ედუარდ შევარდნაძის თქმისა არ იყოს:

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “ დიდი ნაწილი ამ დოკუმენტისა არის მწარე სიმართლე იმის შესახებ, რომ საქართველოში კვლავ ირღვევა ადამიანის უფლებები, მათ შორის, რელიგიურ უმცირესობებთან დამოკიდებულების თვალსაზრისით. “
ასე რომ მთავარი, რაც დასავლელი ექსპერტების შეფასებებში უნდა დავინახოთ, არის ის, რომ, ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით, წინ ვერ წავსულვართ. ამ მხრივ, მდგომარეობა საქართველოში თითქმის უცვლელი დარჩენილა. სახელმწიფო დეპარტამენტის თუ “Human Right Watch”- ის შარშანდელი მოხსენებები წლევანდელისგან დიდად არ განსხვავდება.შარშანდელთან შედარებით, სიახლე მხოლოდ ის არის, რომ პრეზიდენტმა ამ მოხსენებებში მოყვანილ დარღვევებზე რეაგირება გადაწყვიტა.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “უკვე გაცემულია განკარგულება, მომზადდეს მთავრობის სხდომა, რომელზეც ვიმსჯელებთ ადამიანის უფლებათა დაცვის მყარი გარანტიების შექმნაზე და მივცემთ მკაცრ შეფასებებს მომხდარ ფაქტებს.”

ვნახოთ, მთავრობის ამ სხდომაზე მიენიჭება თუ არა სერიოზული დატვირთვა შინაგან საქმეთა სისტემის რეფორმირების საკითხს. სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში ნათქვამია, რომ საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ არსებული პრობლემები, სამართალდამცავი სისტემის რეფორმის გარეშე, ვერ გამოსწორდება.
XS
SM
MD
LG