Accessibility links

logo-print

ღარიბი საქართველოს მდიდარი მოხელეები დეკლარაციებს აბარებენ


ყოველი წლის გაზაფხულზე საქართველოში თანამდებობის პირებს არცთუ სასიამოვნო პროცედურის გავლა უხდებათ. "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონის მოთხოვნათა შესაბამისად,

1 აპრილიდან 3700 მაღალი თანამდებობის პირს საკუთარი ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის დეკლარირება ევალება. როგორც ცნობილია, ამგვარი აქცია უკვე მეოთხედ იმართება საქართველოში და იგი მთელი სიცხადით ადასტურებს, რომ ღარიბ ქვეყანას ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ხელისუფლება ჰყავს.

დეკლარირების პროცესი საქართველოში 1998 წელს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მიღებით დაიწყო და მასში, ყოველწლიურად, ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებული ათასობით საჯარო პირი მონაწილეობს. კანონის თანახმად, თავდაპირველად, თანამდებობაზე დანიშვნისას, შემდგომ კი ყოველ სადეკლარაციო პერიოდში, სახელმწიფო მოხელეები ვალდებულნი არიან საკუთარი ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობა საზოგადოებას გააცნონ. ხოლო ინფორმაციის შეგნებულად დამახინჯების ან დეკლარაციის მოთხოვნათა უგულებელყოფის შემთხვევაში, კანონი ადმინისტრაციულ სასჯელს და ფულად ჯარიმას ითვალისწინებს.

მიუხედავად იმისა, რომ დეკლარაციების შევსება საკმაოდ მარტივი პროცედურაა, როგორც თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს თავმჯდომარე ნუნუ ოვსიანიკოვა ადასტურებს, განვლილ პერიოდში საჯარო მოხელეების მხრიდან კანონი არცთუ იშვიათად ირღვეოდა.
[ნუნუ ოვსიანიკოვას ხმა] "ბოლო ერთი წლის განმავლობაში 323 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა და აქედან 29 თანამდებობის პირს დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი. და ბოლო ოთხი წლის განმავლობაში დაახლოებით 900მდე თანამდებობის პირის საქმე გადაეცა სასამართლოს და ყოველი მესამე, ფაქტობრივად, ჯარიმდებოდა."

ამასთან, თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის მონიტორინგი საქართველოში დამოუკიდებლად რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ წამოიწყო. მათ შორის, განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა "თავისუფალ ჟურნალისტთა ტრიბუნა", რომლის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ჟურნალისტმა ვახტანგ კომახიძემ, ფაქტების გაყალბების გამო, რამდენიმე მაღალჩინოსნის საქმე შესასწავლად გენერალურ პროკურატურას გადასცა.
[ვახტანგ კომახიძის ხმა] "პრაქტიკულად, ყველა ჩვენ მიერ გაგზავნილ მასალაზე მათ გამოიტანეს სისხლის არაღძვრის შესახებ დადგენილება. თუმცა, მართლაც, შეუიარაღებელი თვალით ჩანს, რომ იქ იყო ძალიან სერიოზული დარღვევები. პირდაპირ, კანონი ირღვეოდა, გაყალბებული იყო და ამის მტკიცება უკვე არსებობდა - ჩვენ გვქონდა დოკუმენტები წარდგენილი. მაგალითად, ასეთი იყო ნადარეიშვილთან დაკავშირებით. და ასეთი გაყალბებების არსებობის მიუხედავად, პროკურატურამ არც ერთ საქმეს მსვლელობა არ მისცა."[სტილი დაცულია]

ვახტანგ კომახიძის თქმით, მონიტორინგის შედეგები უცნაური სხვა მხრივაც აღმოჩნდა. როგორც გაირკვა, რამდენიმე სახელმწიფო მოხელემ დეკლარაციაში იმაზე მეტი ქონება მიუთითა, ვიდრე რეალურად ფლობს. მაგრამ, თუ რა იმალება ასეთი ფენომენის უკან, დღემდე გაურკვეველია.
გარდა ამისა, დეკლარაციის პროცედურას ერთი არსებითი ხასიათის ნაკლი აქვს. კანონის მიხედვით, დეკლარანტს არ ევალება მიუთითოს საკუთარი ქონების წარმომავლობა, რის გამოც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ასეთი ფორმით სახელმწიფო მოხელეთა ქონების შესწავლას ეჭვის თვალით უყურებენ.
მათ მსგავსად, დეკლარაციაში ქონების წარმომავლობის მითითებას მხარს უჭერს ნუნუ ოვსიანიკოვაც. მეტიც, იგი დარწმუნებულია, რომ ასეთი საკანონმდებლო ცვლილების საკითხი აუცილებლად დადგება დღის წესრიგში. მით უფრო, რომ ბოლო ხანს ანალოგური აზრი თურმე თავად სახელმწიფო მოხელეებშიც გაჩენილა.
[ნუნუ ოვსიანიკოვას ხმა] "მიღებულ დეკლარაციებში, მაგალითად, ბატონმა ლადო ჭანტურიამ მიუთითა... ვთქვათ, საშემოსავლო დეკლარაციაც დაურთო თან, რომელიც იძლევა ინფორმაციას მისი გადასახადების გადახდის შესახებ. ბატონმა ნუგზარ გაბრიჩიძემ დაურთო აუდიტის შეფასება მისი ქონების შესახებ."[სტილი დაცულია]

ასეთი მეტამორფოზის მიზეზი კი სრულიად ცხადია: თავისი ქონების წარმომავლობის აღწერილობა საკუთარი ხელით შედგენილ დეკლარაციაში თავდაპირველად ხომ საქართველოს პრეზიდენტმა შეიტანა.
XS
SM
MD
LG