Accessibility links

logo-print

ისრაელის მთავრობა არაშემრიგებლურ პოზიციაზე რჩება


ისრაელის არმიამ პირველ აპრილს თავისი სამხედრო აქცია პალესტინელთა ტერიტორიებზე გააფართოვა. ქალაქ კალკილიაში ისრაელის არმიის ტანკები ოთხი მხრიდან შეიჭრნენ და ყველა სახლი გაჩრიკეს მოძალადე პალესტინელების ძებნის მიზეზით.

ასევე იყო ქალაქებში ტულკარემში, ბეთლემში, რამალაში. ისრაელის სამხედროთა მიერ პოტენციური თუ ეჭვმიტანილი ტერორისტების ძებნას მოჰყვა თვით ექსტრემისტების საპასუხო რეაქცია. ტულკარემის ერთ-ერთ საპყრობილეში შევიდნენ ნიღბიანი პირები და დახოცეს თავიანთი თანამემამულეები, პალესტინელები, რომლებიც ისრაელთან კოლაბორაციონიზმში, მასთან თანამშრომლობაში იყვნენ ეჭვმიტანილი და ამის გამო დაკავებული.საპყრობილეს დაცვა გაქცეულიყო ქალაქში ისრაელის არმიის შესვლის შიშით. მოღალატეობაში ეჭვმიტანილი პირები დახოცეს კალკილიაშიც, ასევე ბეთლემში ნახეს ერთი ისრაელთან თანამშრომლობაში შემჩნეული მამაკაცის ცხედარი. პალესტინელების ცნობით, ექსტრემისტული გაერთიანებები შიშობენ, რომ კოლაბორაციონისტებს ისრაელის არმია მათი სამალავების გამოვლენაში და შეირაღებული პალესტინელების მოძებნის საქმეში გამოიყენებენ.
ისრაელის მთავრობა უკომპრომისო პოზიციაზე დგას და განსაკუთრებით მას მერე, რაც პალესტინელთა ლიდერი იასირ არაფატი მტრად გამოცხადდა, მასზე, როგორც ტერორისტების ორგანიზატორზე, არა მარტო ისრაელის, არამედ თავისუფალი სამყაროს მტერზე ლაპარკობენ. ისრაელის პრემირ-მინისტრმა არიელ შარონმაქ თქვ:[შარონის ხმა] “ამ ტერორს ერთი კაცი, პალესტინელების მეთაური, იასირ არაფატის იწყებს, წარმართავს, გეგმავს. არაფატი უდგას სათავეში ტერორის კოალიციას და წარმართავს ტერორის სტრატეგიას.”

ტერორი კი მძვინვარებს ახლო აღმოსავლეთში. კვირას ჰაიფაში თვითმკვლელმა 16 ისრაელის სიცოცხლე შეიწირა და 37 მძიმედ დაჭრა. ამ შემთხვევიდან სამ საათში, კიდევ ერთი აქტი მოხდა ებრაელთა დასახლებაში, ასევე თვითმკვლელმა თავი აიფეთქა და ექვსი კაცი დაჭრა. ისრაელმა ჯარისკაცებმა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ოპერაციისას დახოცეს 13 ადამიანი.
შარონის გამოსვლას, რომელშიც მან პალესტნელთა ლიდერი ყველა თავისუფლებისმოყვარის მტრად გამოაცხადა, თვით არაფატის გამოსვლა მოჰყვა: [არაფატის ხმა] “სასწრაფოდ საჭიროა საერთაშორისო ჯარის გაგზავნა ჩვენი ხალხის, ჩვენი ქალაქების, ჩვენი სოფლების და ჩვენი ლტოლვილების ბანაკთა წინააღმდეგ აგრესიის და სამხედრო ესკალაციის შესაჩერებლად”.
შეჩერება იმისა, რაც ახლო აღმოსავლეთში ხდება, გაძნელდა. არაბული სამყარო ხმამაღალ პროტესტს გამოთქვამს რეგიონში შეერთებული შტატების პოლიტიკის მიმართ, პოლიტიკისა, რომელმაც მშვიდობიანი და სამართლიანი მოგვარება ამ კონფლიქტისა ვერ მოახერხა. არაბულ ქვეყნებში
მოქალაქეთა დემონსტრაციებთან ერთად, მთავრობებმაც გამოთქვეს დაუფარავი უკმაყოფილება ისრაელის ქმედების და ვაშინგტონის უმოქმედობის მიმართ. სხვათა შორის იორდანია ბილატერალურ ურთიერთობაში საპასუხო ზომებით დაიმუქრა.
ევროპის კავშირი, რომელიც თითქოსდა უფრო კონსტრუქციულ პოლიტიკას ადგა რეგიონში, ახლა პარალიზებული გამოიყურება. არაერთი ევროპელი დიპლომატიც უკმაყოფილებას გამოთქვამს ვაშინგტონის პოლიტიკის გამო, ერთმა მათგანმა, ისე, რომ ვინაობა არ გაამხილა, თქვა, რომ ამ კონფლიქტს რაც შეეხება, ხშირად არც კი ვიცით ვაშინგტონში ამ თემაზე ვის მივმართოთ, ზინის, პაუელს თუ სხვას, ჯორჯ ბუშის პოზიციაც კი არ ვიცით დანამდვილებითო.
ქალაქი რამალა, სადაც იასირ არაფატი ფაქტობრივად დაკავებულია, ისრაელმა აკრძალულ სამხედრო ზონად გამოაცხადა. პალესტინელთა ცნობით, არაფატის სიცოცხლე საფრთხეშია, მაგრამ ისრაელი აცხადებს, რომ მისი მოკვლა არ არის მიზანი, თუმცა ერთმა ჯარისკაცმა თქვა, არ არის გამორიცხული სროლის დროს მას ტყვია გაარტყანო. და კიდევ ერთი, რომის პაპმა თავის სააღდგომო ქადაგებაში შენიშნა, რომ მგონია, მშვიდობას ომი გამოუცხადესო.


XS
SM
MD
LG