Accessibility links

ლადო ქუთათელაძისა და მარინე თბილელის გახსენება


ჩვენი ყოველკვირეული პროგრამის, “ოქროს საუკუნის,” პირველ ნახევარში გიამბობთ ადამიანზე,

რომელიც 5 აპრილს 100 წლის გახდებოდა, მაგრამ საქართველოს მისი შემოქმედება ყველაზე უფრო, შეიძლება, სწორედ დღეს “გამოადგეს”. ამ ადამიანმა, გრაფიკოსმა ლადო ქუთათელაძემ, ხომ მხატვრული შრიფტის სამოცამდე სახეობა შექმნა, ანუ თანამედროვე პროგრამისტებს თითქმის 70 წლით დაასწრო. გადაცემის მეორე ნახევარში გავიხსენებთ მარინე თბილელს, მსახიობს, რომლის მოულოდნელმა გარდაცვალებამ კიდევ უფრო დააცარიელა ქართული კულტურა.

ქართული შრიფტის დავიწყებული მაესტრო

ამ რამდენიმე წლის წინათ თბილისის სამხატვრო აკადემიაში მოეწყო ქართველი გრაფიკოსის, ლადო ქუთათელაძის, პატარა გამოფენა, რომლის ორგანიზატორები თავად ქუთათელაძის მოწაფეები იყვნენ (1967 წლამდე ლადო ქუთათელაძე თბილისის სამხატვრო აკადემიაში ასწავლიდა). აკადემიის საგამოფენო დარბაზის სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს ექსპოზიცია, ძირითადად, სპეციალისტებისთვის, მხატვრებისა და სტუდენტებისთვის იყო განკუთვნილი, ამიტომ დედაქალაქის მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით, ახალგაზრდობისთვის ისევ უცნობი დარჩა ქართული გრაფიკის კლასიკოსის სახელი. არა და არ სწყალობენ ამ მხატვარს დედაქალაქის სამხატვრო გალერეები, საქართველოში ისევ არავინ ცდილობს ლადო ქუთათელაძის შემოქმედების პროპაგანდას. ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილ წიგნებში ლადო ქუთათელაძე ისევ განიხილება როგორც ერთ-ერთი პირველი მხატვარი, რომელმაც ოფორტის ტექნიკას მიმართა, დახვეწა ავტოლითოგრაფიის ტექნიკა, ნაყოფიერად მუშაობდა ქართული წიგნის გაფორმებაში, შექმნა მრავალი ექსლიბრისი. ხელოვნებათმცოდნეებს მნიშვნელოვნად მიაჩნიათ ქსილოგრაფიის ტექნიკით შესრულებული არქიტექტურულ ძეგლთა სერია, რომელზედაც ქუთათელაძე, ძირითადად, 60-იან წლებში მუშაობდა. თუმცა აკადემიაში მოწყობილმა გამოფენამ ლადო ქუთათელაძე სრულიად განსხვავებულ რაკურსში წარმოგვიდგინა - აკადემიაში გამოიფინა ქართული მხატვრული შრიფტის ასამდე სახეობა, რომელსაც მხატვარი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე, 1981 წლამდე, ქმნიდა. ქუთათელაძის შრიფტმა იმხანად უდიდესი შთაბეჭდილება დატოვა თავად მხატვრებზე, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ ვერ წარმოედგინათ, თუ ქართული შრიფტი ამდენად განსხვავებულად შეიძლებოდა წარმოჩენილიყო. სპეციალისტები ამბობდნენ, რომ ლადო ქუთათელაძემ ჯერ კიდევ 30-იან წლებში, მას შემდეგ, რაც თბილისის სამხატვრო აკადემია დაამთავრა, დაანგრია მითი ქართული შრიფტის დაუმორჩილებლობაზე, თითქოს ქართული ასოების მოხაზულობა არანაირად არ ექვემდებარებოდეს ინტერპრეტაციას. ქუთათელაძემ შექმნა განსხვავებული სერიები და ყოველ სერიას თავისი ხასიათი მიანიჭა. ქართული შრიფტი მის ხელში განუწყვეტლივ იცვლის სახეს: ხან უაღრესად დეკორატიული ხდება, ხანაც - უაღრესად მკაცრი, ხან - ლაკონიური, ხან ორნამენტს ემსგავსება, ხანაც - სურათს.

5 აპრილს ლადო ქუთათელაძის ახლობლები, მისი მოწაფეები ქართული შრიფტის მაესტროს 100 წლის იუბილეს აღნიშნავენ. მაგრამ ეგრეთ წოდებულ “პროგრამირების ბიზნესში” ქუთათელაძის შრიფტისთვის ისევ არ რჩება ადგილი. და ეს მაშინ, როცა თავად ქართველი პროგრამისტები ჩვენი შრიფტის “დაუმორჩილებლობაზე” ჩივიან და აცხადებენ, რომ იძულებულები არიან დახმარებისთვის საშუალო ნიჭის გრაფიკოსებს მიმართონ. ყველაფერი ეს კი იმიტომ ხდება, რომ საზოგადოებამ ბევრი რამ არ იცის ლადო ქუთათელაძის მიღწევების შესახებ. თბილისის პრესტიჟული სამხატვრო დარბაზები სულ სხვანაირ მხატვრობას ანიჭებენ უპირატესობას.

კულტურა ცარიელდება

ჩვენი საზოგადოება დღეს იმდენად აქტიურად ჩაერთო პოლიტიკურ ცხოვრებაში და, ამავე დროს, იმდენადაა დაკავებული მოუგვარებელ სოციალურ პრობლემებზე ფიქრით, რომ აღარ რჩება დრო გაიზიაროს ის, მართლაც რომ, ტრაგიკული პროცესი, რომელიც საქართველოში ჯანსუღ კახიძის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. სამი კვირის განმავლობაში ჯერ ქართულმა მუსიკამ, შემდეგ სახვითმა ხელოვნებამ (ელგუჯა ამაშუკელის გარდაცვალებით) და ახლა უკვე თეატრმა და კინომ - სამი სახალხო არტისტი დაკარგა. როგორც ჩანს, დადგა ეროვნული კულტურის ისტორიის უაღრესად მტკივნეული ეტაპი, დაიწყო კულტურის “დაცარიელება” თაობისგან, რომელმაც თავის დროზე ქართული საბჭოთა ხელოვნების აღორძინება განაპირობა და რომელსაც აქამდე დღევანდელი ქართული კულტურაც “ებღაუჭებოდა”. მართალია, იმავე ჯანსუღ კახიძისა თუ ელგუჯა ამაშუკელისგან განსხვავებით, საქართველოს სახალხო არტისტი მარინე თბილელი ბოლო დროს თითქმის არ ჩნდებოდა ეკრანსა და სცენაზე, მის მიერ განხორციელებული ეკრანული სახეები საქართველოში ყველა თაობას ახსოვს, ერთი უბრალო მიზეზით - მარინე თბილელი გადაღებულია ყველაზე პოპულარულ ქართულ ფილმებში, სწორედ იმ სურათებში, რომლებიც ყოველმა ქართველმა ზეპირად იცის. სულ ერთია, “აბეზარა” იქნება ეს, “თოჯინები იცინიან” თუ “ჩირიკი და ჩიკოტელა”. სახასიათო მსახიობი, რომელიც გროტესკს ადვილად მიმართავს, პოპულარული ფილმის პოპულარობას კიდევ უფრო ამძაფრებს. მარინე თბილელის ეს როლები უფრო იმიტომ გამახსოვრდება, რომ მსახიობი ქმნის ქართული სინამდვილისთვის საკმაოდ დამახასიათებელ სახეებს, რომლებიც არა და არ ძველდება. “მეშჩანი ქალის” გმირი, რომელიც ძირითადია თბილელის კინობიოგრაფიაში, დღეს გადაიქცა “წვრილბურჟუა ქალბატონის სახედ”, იმ ქალბატონისა, რომელიც, პირდაპირ თუ ფარულად, მნიშვნელოვან როლს თამაშობს დღევანდელ ქართულ სინამდვილეში.

[ხმა: ფრაგმენტი ფილმიდან “თოჯინები იცინიან”]

ირონია, რომელსაც მსახიობი არასდროს მალავდა თავისი ეკრანული სახეების მიმართ, მის როლებს ზოგჯერ მთავარ გმირებზე უფრო დასამახსოვრებელს ხდის. ამ ირონიას კი მხოლოდ და მხოლოდ მსახიობის ოსტატობა არ განაპირობებდა. ცხოვრებაში უაღრესად ჭკვიანი, უაღრესად ინტელიგენტი ქალი, ეკრანზე თამაშობდა მეშჩანებსა და პირმოთნეებს და სწორედ ამ დისონანსის წყალობით ქმნიდა დასამახსოვრებელ სახეებს მაშინაც კი, როცა დიდხანს არ უხდებოდა კამერასთან ყოფნა.

და მაინც, ქართული კინო, ცოტა არ იყოს, უსამართლდ მოექცა მსახიობს, როცა ეს სახე “აიჩემა” და აიძულა თბილელი ერთი და იგივე გმირი განესახიერებინა, თანაც, მხატვრული თვალსაზრისით, არცთუ ისე კარგ ფილმებში.

საბედნიეროდ, მარინე თბილელს თვითრეალიზაციისთვის თეატრიც დაუტოვეს და სწორედ თეატრში მოახერხა მან იმის დამტკიცება, რომ ეგრეთ წოდებულ “სახასიათო როლებშიც” კი დიდი მსახიობია. იგი 26 წლის იყო, როცა 1946 წელს მარჯანიშვილის თეატრის დასში ჩაირიცხა, მაგრამ ნამდვილ ტრიუმფს მოგვიანებით მიაღწია, 1974 წლის შემდეგ, როცა რუსთაველის თეატრის წამყვანი მსახიობი გახდა, როცა ითამაშა ნათელა “კავკასიურ ცარცის წრეში”, მილენინა “დასაწყისში” და როცა, ბოლოს და ბოლოს, მსოფლიოსაც გააცნო თავისი თავი, განსაკუთრებით, დედა-დედოფლის როლით შექსპირის “რიჩარდ მესამეში”. სტურუამ “დედის აჩრდილი” სცენაზე რიჩარდის სიკვდილის წინ გამოიყვანა, როგორც რიჩარდის ხილვა, როგორც მონანიება, როგორც კულმინაცია მკვდარი სულების სამყაროში მოგზაურობის გზაზე, რომელსაც აქ რიჩარდ მესამე გადის. “დედა, რომელმაც არ გადაგიღობა გზა თავის წყეულ საშოში", - მოთქვამს მარინე თბილელის გმირი და წრე იკვრება.

რაღა თქმა უნდა, ლოგიკურია, რომ სტურუამ მარინე თბილელი თავისი თეატრის წამყვან მსახიობად აქცია. რეჟისორს, რომელმაც 70-იანი წლებიდან ტრაგიფარსს მიანიჭა უპირატესობა, მარინე თბილელი მხედველობიდან არ გამორჩებოდა. სტურუამ იგრძნო ამ მსახიობისთვის დამახასიათებელი მუსიკალურობა, პლასტიკურობა, რომელიც ჟანგბადივით სჭირდებოდა ყოველთვის მის სპექტაკლებს და კიდევ - თვითირონია, თავისი გმირის საქციელის შეფასების უნარი, რის მისაღწევადაც მხოლოდ ნიჭი არ კმარა. ამისათვის კიდევ ინტელექტი და კარგი გემოვნებაა აუცილებელი, სწორედ ის, რაც უთუოდ დააკლდება ქართულ კულტურას ჯანსუღ კახიძის, ელგუჯა ამაშუკელის, ახლა კი მარინე თბილელის გარდაცვალების შემდეგ.
XS
SM
MD
LG