Accessibility links

logo-print

ვასილ მკალავიშვილს პოლიციის ზედამხედველობა აკმარეს


დავით პაიჭაძე, თბილისი ორშაბათს, 1 აპრილს, თბილისის საოლქო სასამართლოში გაიმართა პროცესი, რომელსაც უნდა გაერკვია, რა აღმკვეთ ღონისძიებას შეუფარდებდნენ ვასილ მკალავიშვილს ამა წლის 10 მარტს პოლიციელთა დაკავებისათვის.

საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა - წინასწარი პატიმრობა სამი თვის ვადით - და ძალაში დატოვა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება: აღმკვეთ ღონისძიებად პოლიციის ზედამხედველობის შეფარდება.

მკალავიშვილის პროცესი საოლქო სასამართლოში წარიმართა ისე, როგორც მიდის ხოლმე ნებისმიერი პროცესი თუ პროცესია მკალავიშვილის მონაწილეობით: მისი მრევლი, დაახლოებით 200-მდე ადამიანი, საოლქო სასამართლოს ეზოში შეიკრიბა და იქ ელოდა მოსამართლე ომარ ჯორბენაძის გადაწყვეტილებას. ეჭირათ ორი ტრანსპარანტი: “სტუდენტები მხარს ვუჭერთ მამა ბასილს” და “არ დავუშვებთ მამა ბასილის დაპატიმრებას”. მკალავიშვილს იცავდნენ ადვოკატები - ქართლოს ღარიბაშვილი და ხათუნა სალუქვაძე. გლდანი-ნაძალადევის რაიონის პროკურატურიდან ბრალდების მხარეს წარმოადგენდნენ მერაბ გალოგრე და ზურაბ საძაგლიშვილი. ადვოკატებმა ზურაბ საძაგლიშვილს მოსთხოვეს, უკან გაეთხოვა შუამდგომლობა მკალავიშვილისთვის სამთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდებაზე. ქართლოს ღარიბაშვილი ირწმუნებოდა, რომ სასამართლო განხილვისას დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და, ამდენად, მოსამართლეს საერთოდ არ ჰქონდა საჩივრის განხილვის უფლება; სახელდობრ, სასამართლო პროცესი დაიწყო საოლქო სასამართლოში ბრალდების მიერ შუამდგომლობის წარდგინებიდან 72 საათის გასვლის შემდეგ. 72 საათი გავიდა 1 აპრილს, დღის 12 საათზე. პროცესი კი ერთი საათის დაგვიანებით, 13 საათზე დაიწყო.

გარდა ამისა, მკალავიშვილს უკვე შეფარდებული აქვს აღმკვეთი ღონისძიება სხვა საქმის გამო: შარშან ვაკე-საბურთალოს სასამართლომ მას გაუსვლელობის ხელწერილი ჩამოართვა. ადვოკატ ხათუნა სალუქვაძის თქმით, ორჯერ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდება არ შეიძლება და, თუ ეს საკითხი ბრალდებულის მიმართ კვლავ წამოიჭრა, იმავე სასამართლომ უნდა განიხილოს, ვინც პირველმა შეუფარდა აღმკვეთი ღონისძიება.

მკალავიშვილს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით -“თავისუფლების უკანონო აღკვეთა”, რომელიც 5 წლამდე სასჯელს ითვალისწინებს. დანაშაულს ამძიმებს აღნიშნული ქმედების ჩადენა, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ ან ორი და მეტი პირის მიერ. ასეთ შემთხვევაში სასჯელი 3-დან 10 წლამდეა.

გადაწყვეტილების გამოტანამდე ადვოკატები, ბრალდებული და ჟურნალისტები ეზოში შეკრებილ ხალხს შეუერთდნენ. ქართლოს ღარიბაშვილმა სიტყვა აიღო და განაცხადა, რამდენი ფულიც უნდა ჰქონდეს შევარდნაძის ჯგუფს, მამა ბასილს ის თავისუფლებას ვერ წაართმევსო. პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში, თქვა მან, გამოცხადდება “მზადყოფნა ნომერი 2” და მკალავიშვილის მხარდამჭერები კანცელარიისკენ დაიძვრებიან. იქვე მდგომმა მიხეილ სალაძემ, თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, მითხრა, რომ ყველა ზომაა მიღებული საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად.

ამასობაში მოსამართლე ჯორბენაძემ განჩინებაც გამოიტანა: მან არ გაიზიარა ადვოკატთა არც ერთი არგუმენტი და, ამის მიუხედავად, ძალაში დატოვა მოსამართლე მარიამიძის გადაწყვეტილება მკალავიშვილისთვის პოლიციის ზედამხედველობის შეფარდების შესახებ. ჯორბენაძეს თავისი არგუმენტი ჰქონდა, კერძოდ, ის, რომ მკალავიშვილი აქამდე ნასამართლევი არ ყოფილა. სასამართლო ითვალისწინებს ამ გარემოებას და მიიჩნევს, რომ დაპატიმრების მოთხოვნა უსაფუძვლოა. გადაწყვეტილების გამოცხადებას პროკურორი გალოგრე მშვიდად შეხვდა, ხოლო პროკურორი საძაგლიშვილი იღიმებოდა. ძალა აღმართს ხნავს, ამცნო ხალხს მკალავიშვილმა. საქართველოში შეიქმნა პრეცედენტი, რომ პოლიციელთა დაკავება, მათთვის ტანსაცმლის შემოძარცვა და სამუშაო ინვენტარის წართმევა, დროებით მაინც, ადამიანს შეიძლება ხახვივით შერჩეს.
XS
SM
MD
LG