Accessibility links

logo-print

ფინანსთა მინისტრმა პირველი კვარტლის ბიუჯეტი შესრულებულად გამოაცხადა


2 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა გამოაცხადა, რომ, მიუხედავად მცირედი ხარვეზებისა, 2002 წლის პირველი 3 თვის ბიუჯეტი მაინც შესრულდა.

რა არის ეს მცირედი ხარვეზები, რამ გამოიწვია ისინი და როგორ მოხერხდა, მათი გამოსწორების გარეშე, ბიუჯეტის შესრულება?

პირველი აპრილისთვის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში დაგეგმილი პრესკონფერენცია, რომელზეც გასული კვარტლის ბიუჯეტის შესრულების შედეგები უნდა გამოქვეყნებულიყო, მოულოდნელად 2 აპრილისთვის გადაიდო. როგორც ჩანს, ფინანსთა სამინისტროში შეშინდნენ, რომ ის, რაც 2 აპრილს გაცხადდა, ერთი დღით ადრე საზოგადოებას შეიძლება საპირველაპრილო ხუმრობად მიეღო.

[ნოღაიდელის ხმა] „ბიუჯეტი, ძირითადად, არის შესრულებული. დასაზუსტებელია საინვესტიციო გრანტები, რომელიც ცენტრალური ხაზინის ანგარიშს არ გადის და პირდაპირ იხარჯება საინვესტიციო პროექტებისთვის, კომერციული ბანკების მეშვეობით. ის დაზუსტდება 15 რიცხვამდე. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში ის ძირითადი მაჩვენებლები, რომლებიც საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი, ეს არის საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლები, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის შესრულებული.“[სტილი დაცულია]

ფინანსთა მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ეს ოპტიმისტური განცხადება სულაც არ შეესაბამება იმ ციფრებს, რომლებიც პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულებას ასახავს. კერძოდ კი, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 221 მილიონი ლარი 93 პროცენტით, ხოლო ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლები 173 მილიონი ლარი 91 პროცენტით შესრულდა. დაგეგმილ მაჩვენებელს 4 პროცენტი დააკლო საგადასახადო შემოსავლების სამინისტრომ. ეს დანაკლისი საბაჟო დეპარტამენტის დამსახურებაა, რომელმაც გადასახადების მხოლოდ 91 პროცენტის ამოღება შეძლო.

კვლავ პრობლემად რჩება აჭარაში ცენტრალური ბიუჯეტისათვის აკრეფილი გადასახადების თბილისში გადმორიცხვის საკითხი. პირველ კვარტალში ბათუმიდან ცენტრალურ ხაზინაში 7 მილიონი ლარი უნდა შესულიყო. ფინანსთა მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, ეგრეთ წოდებული აჭარის პრობლემის მოსაგვარებლად პირველი ნაბიჯიც გადაიდგა და ავტონომიაში ცენტრალურ ბიუჯეტს დაქვემდებარებული უწყებების ხარჯები 2 მილიონი ლარის მოცულობით დააფინანსა.

[ნოღაიდელის ხმა] „ჩვენ ვფიქრობდით და ახლაც ვფიქრობ, რომ ამას გარკვეული დადებითი იმპულსი უნდა მიეცა საბიუჯეტო ურთიერთობების მოწესრიგებისთვის და, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, აი ამ თვის პირველი ნახევრის განმავლობაში უფრო კონკრეტული კონსულტაციები იქნება, ვთქვათ, ეს როგორ უნდა მოგვარდეს. მოგვარების ერთი გზა არსებობს მხოლოდ და მხოლოდ: ცენტრალურმა ბიუჯეტმა თავისი კუთვნილი თანხები უნდა მიიღოს იქ, სადაც უნდა მიიღოს.“

თუ შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი მთლიანად ვერ შესრულდა, ნოღაიდელის ინფორმაციით, გასავალი ნაწილის სრული დაფინანსება მაინც მოხერხდა. ეს მონაცემები ფინანსთა მინისტრს იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ სავალუტო ფონდის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულია. თუმცა ამ საფინანსო ინსტიტუტის დახმარების მისაღებად თვის ბოლომდე საქართველოს მთავრობას სტრუქტურული ცვლილებების განხორციელება მოუწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში 2002 წლის ბიუჯეტს კვლავ ჩავარდნა ელის.
XS
SM
MD
LG