Accessibility links

რა შეიძლება მოჰყვეს კოდორის ხეობიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ძალების გამოყვანას


კოდორის ხეობიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეგულარული ნაწილის გამოყვანას ხეობის დაკარგვის შიში უკავშირდება. ქართველ პოლიტიკოსთა ნაწილის აზრით,

კოდორის ხეობის დაუცველად დატოვება იქნება მიზეზი კოდორის მიმართულებით სერიოზული პროვოკაციის განხორციელებისთვის. პოლიტიკოსთა სხვა ნაწილი ასეთ შიშს არ განიცდის. აფხაზეთის პრობლემის რუსეთის შუამავლობით მოგვარების მომხრეები მიიჩნევენ, რომ 1994 წლის ოქმის შესრულება ქართულ-აფხაზური სამშვიდობო მოლაპარაკების განახლებას შეუწყობს ხელს.

სერგეი ივანოვის გახმაურებული გამოსვლით გამოწვეული მღელვარების ჩაცხრომის შემდეგ და მაშინ, როცა საქმე კოდორის ხეობის დაუცველად დატოვებას ეხება, აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში რუსეთის როლს პარლამენტარები, უწინდებურად, განსხვავებულად აფასებენ. ისინი განსხვავებულ ვერსიებს უკავშირებენ იმ შეთანხმებასაც, რომელიც კოდორის ხეობიდან საქართველოს არმიის რეგულარული ნაწილის გამოყვანას ეხება.

ფრაქცია “ახალი მემარჯვენეების” წევრის ირაკლი ბათიაშვილის აზრით, კოდორის ხეობიდან საქართველოს რეგულარული სამხედრო ნაწილის გამოყვანა, რაც საქართველოს ხელისუფლების ნებით 1994 წელს გაფორმებულ სამარცხვინო ოქმს ეფუძნება, იქნება ბიძგი იმ პროვოკაციული გეგმისთვის, რომელიც კოდორის მიმართულებით შეიძლება განხორციელდეს.

“როგორც აფხაზებს, ასევე რუს სამხედროებს მშვენივრად ესმით კოდორის ხეობის სტრატეგიული მნიშვნელობა. ის, რომ თუ საქართველო ამ ხეობასაც დაკარგავს, აფხაზეთის პრობლემისადმი არსებული მიდგომა მთლიანად შეიცვლება. ამდენად, დაუცველად დარჩენილი ხეობის მიმართულებით აფხაზ სეპარატისტთა და რუს სამხედროთა გააქტიურების საშიშროება რელურია,”- აცხადებს ირაკლი ბათიაშვილი.

ის ხეობის შენარჩუნების იმედს ახლა უკვე კოდორის ხეობის მოსახლეობაზე ამყარებს და, ნაწილობრივ, საერთაშორისო ორგანიზაციების იმედსაც იტოვებს. თუმცა ამბობს, რომ ყველაზე საიმედო მაინც 1994 წლის ოქმის დეზაუირება იქნებოდა. ამას კი ავტომატურად გამოიწვევდა რუსეთის სამშვიდობო მისიის აფხაზეთიდან გაყვანა. ირაკლი ბათიაშვილის თქმით: “ ეს დოკუმენტი ითვალისწინებს სამშვიდობო ჯარების ყოფნას და განსაზღვრავს უსაფრთხოების ზომებს. თუ ჩვენ რუსეთის სამშვიდობო ჯარს გავიყვანთ, ამ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებაც მოგვეხსნება. ამდენად, პრობლემის სათავე არის სამშვიდობო ჯარი.”

ბათიაშვილისგან განსხვავებით,1994 წლის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებაში კოდორის ხეობის დაკარგვის საშიშროებას ვერ ხედავს ფრაქცია “ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი თარგამაძე. მისი აზრით, კოდორის ხეობის დაცვა შინაგანი ჯარისა და მესაზღვრეების გამოყენებითაც შეიძლება - ეს ერთი,

[გიორგი თარგამაძის ხმა] “მეორეს მხრივ, გვეძლევა საშუალება დავაფიქსიროთ, რომ საქართველოს მხარე ასრულებს ყველა ვალდებულებას, რაც აფხაზთა მხარისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე იკისრა.”

“ეს იქნება საფუძველი ქართულ-აფხაზური მოლაპარაკების განახლებისა,” - დასძენს გიორგი თარგამაძე, რომელსაც დიდი იმედი აქვს, რომ აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში პუტინისა და შევარდნაძის პირადი წარმომადგენლების - ლოშინინისა და აბაშიძის - თანამშრომლობა უაღრესად შედეგიანი იქნება. თუმცა გააჩნია, რა თვალსაზრისით.
XS
SM
MD
LG