Accessibility links

კოფი ანანი შეშფოთებულია ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო


ანდრო ეული, პრაღა გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ისრაელსა და პალესტინელებს შორის ძალადობის ესკალაციამ, შესაძლოა,

ვითარების დესტაბილიზაცია გამოიწვიოს ახლო აღმოსავლეთის მთელს რეგიონში.

ორშაბათს, უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე, კოფი ანანმა განაცხადა, რომ ისრაელ მოქალაქეებზე ტერორისტული თავდასხმები, რასაც ისრაელი სამხედრო ძალის გამოყენებით პასუხობს, აგრეთვე, ახალი თავდასხმები ისრაელზე სამხრეთი ლიბანიდან, რეგიონულ უშიშროებას უქმნის სერიოზულ საფრთხეს.

შაბათს დილით, უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ძალადობის დაუყოვნებელი შეწყვეტისკენ მოუწოდებს ისრაელსა და პალესტინელებს. რეზოლუცია აუცილებლად მიიჩნევს პალესტინელთა დასახლებული პუნქტებიდან ისრაელის ჯარის გაყვანას. კოფი ანანმა უშიშროების საბჭოს წევრებს მოუწოდა, ზეწოლა მოახდინონ კონფლიქტში დაპირისპირებულ მხარეებზე, რათა 30 მარტს მიღებული რეზოლუციის პირობები განუხრელად იქნეს შესრულებული.

ორშაბათს მოწვეული ხუთსაათიანი დახურული სხდომის შემდეგ უშიშროების საბჭომ გამოაქვეყნა ერთობლივი განცხადება, რომელიც დაუყოვნებელი დაზავებისკენ მოუწოდებს ისევ ისრაელსა და პალესტინელებს. საბჭოს ამჟამინდელ თავმჯდომარეს, რუსეთის მუდმივ წარმომადგენელს სერგეი ლავროვს დაევალა, შეახსენოს ისრაელისა და პალესტინელთა წარმომადგენლებს გაეროში, რომ უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულება აუცილებელია.

პრესკონფერენციაზე, უშიშროების საბჭოს დახურული სხდომის შემდეგ, კოფი ანანმა თქვა, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში აუცილებელია მესამე მხარის აქტიური ჩარევა: [კოფი ანანის ხმა] ”ვფიქრობ, რომ მხარეები დამოუკიდებლად ვერ შეძლებენ პრობლემის მოგვარებას. მათ მესამე მხარე უნდა დაეხმაროს შუამავლობით, და ალბათ სხვა მხრივაც”.

კოფი ანანმა თქვა, რომ გასული კვირის ბოლოს, როცა იგი ტელეფონით ესაუბრა მსოფლიოს ლიდერებს, დღის წესრიგში კვლავ დადგა ახლო აღმოსავლეთში დამოუკიდებელი მეთვალყურეების განთავსების საკითხი. მას შემდეგ, რაც ახლო აღმოსავლეთში განახლდა ძალადობა, პალესტინელებმა განვლილი 18 თვის მანძილზე რამდენიმეჯერ მოითხოვეს რეგიონში გაეროს მეთვალყურეთა განთავსება. ისრაელი აცხადებს, რომ მხოლოდ ამერიკელ მეთვალყურეთა შეზღუდულ მისიაზე დათანხმდება.

შეერთებული შტატების მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ჯონ ნეგროპონტმა ორშაბათს კორესპონდენტებს უთხრა, რომ ნებისმიერი მესამე მხარის ჩარევას კონფლიქტში ვერ ბრძანებს უშიშროების საბჭო, და რომ ეს საკითხი შეერთებული შტატების დესპანმა, გენერალმა ენტონი ზინიმ უნდა შეათანხმოს ადგილზე ისრაელისა და პალესტინელთა ავტონომიის ოფიციალურ წარმომადგენლებთან.

სირიის წარმომადგენელმა გაეროში მიხაილ ვებემ, უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ პალესტინელთა ავტონომიის ლიდერი იასირ არაფატი დაუყოვნებლივ უნდა ჩაებას პოლიტიკურ დიალოგში, რისთვისაც აუცილებელია ქალაქ რამალადან ისრაელის ჯარის გაყვანა.
XS
SM
MD
LG