Accessibility links

ვაშინგტონი ადასტურებს, რომ პაკისტანში დაპატიმრებული 31 წლის პალესტინელი “ალ-ყაიდის” ერთ-ერთი ლიდერია


2 აპრილს თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ გასულ კვირაში, პაკისტანში დაპატიმრებული პირი მართლაც “ალ-ყაიდის” ერთ-ერთი ლიდერი, პალესტინელი აბუ ზუბაიდაა.

ვაშინგტონის ოფიციალურ წარმომადგენელთა განცხადებით, ოსამა ბინ ლადენის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი თანამოაზრე შეერთებული შტატების ობიექტებზე (როგორც ამ ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ) ახალ ტერაქტებს გეგმავდა. აბუ ზუბაიდას ადგილსამყოფელი თეთრ სახლს არ გაუმხელია, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მალე მას კუბაში, გუანტანამოს სამხედრო-საზღვაო ბაზაზე გადაიყვანენ.

აბუ ზუბაიდას დაპატიმრება თეთრი სახლის პრესმდივანმა არი ფლაიშერმა, “ალ-ყაიდის” ქსელისთვის “სერიოზულ დარტყმად” შეაფასა. “ალ-ყაიდას” ბევრი საცეცი აქვს, მაგრამ ერთი მათგანი მოვკვეთეთო, თქვა ფლაიშერმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კიდევ ერთ პრესკონფერენციაზე, ქაბულში, ზუბაიდას დაპატიმრებასთან დაკავშირებით პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმაც ისაუბრა. მან კმაყოფილება გამოთქვა პაკისტანისა და შეერთებული შტატების ნაყოფიერი თანამშრომლობის გამო. [ფერვეზ მუშარაფის ხმა] “შეერთებული შტატები მეტად კმაყოფილია ჩვენთან თანამშრომლობით. ჩვენ რამდენიმე ერთობლივი ოპერაცია განვახორციელეთ “ალ-ყაიდის” იმ წევრების დასაკავებლად, რომლებიც პაკისტანში გადმოვიდნენ. ეს კარგად კოორდინირებული ტაქტიკური ოპერაციები იყო.”

ამერიკელი გამომძიებლები 31 წლის აბუ ზუბაიდას სახელს უკავშირებენ არა მხოლოდ 11 სექტემბრის ტერაქტებს, არამედ წარუმატებელ ოპერაციებს ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტისა და იორდანიის დედაქალაქ ამანში, სასტუმრო “რადისონის” აფეთქების მიზნით. გარდა ამისა, დაზვერვის ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, აბუ ზუბაიდას ხელმძღვანელობით იგეგმებოდა კიდევ ორი მსხვილი ტერაქტი: შეერთებული შტატების საელჩოების აფეთქება პარიზსა და სარაევოში.

აბუ ზუბაიდა გასულ ხუთშაბათს, ქალაქ ფაისალაბადში დააპატიმრა პაკისტანის პოლიციამ, რომელსაც ოპერაციის ჩატარებაში შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლები ეხმარებოდნენ. ამავე ოპერაციის შედეგად ამოღებულ იქნა მნიშვნელოვანი საიდუმლო დოკუმენტები და საკომპიუტერო აღჭურვილობა, რომელმაც, ექსპერტთა ვარაუდით, მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ახალი ტერაქტების თავიდან აცილების საქმეში.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, დონალდ რამსფელდის განცხადებით ეჭვგარეშეა, რომ აბუ ზუბაიდა ოსამა ბინ ლადენის ერთ-ერთი უახლოესი თანამოაზრე და “ალ-ყაიდის” ერთ-ერთი ლიდერია. მეტიც, როგორც პენტაგონის სადაზვერვო სამსახურების თანამშრომლები ამტკიცებენ, ნოემბერში ზუბაიდას “ალ-ყაიდის” სამხედრო ოპერაციების ხელმძღვანელის პოსტი ჩააბარეს. მანამდე ეს თანამდებობა ეკავა მუჰამად ატეფს, რომელიც ავღანეთში აშშ-ის ერთ-ერთი საჰაერო იერიშის დროს დაიღუპა.

რაც შეეხება თვით ოსამა ბინ-ლადენს, მისი ასავალ-დასავალი კვლავინდებურად არავინ იცის. საკმაოდ გავრცელებულია მოსაზრება, რომ აშშ-ის ნომერი პირველი მტერი ერთ-ერთი საჰაერო იერიშის მსხვერპლი გახდა, თუმცა ვაშინგტონის ადმინისტრაცია დარწმუნებულია, რომ ბინ ლადენი ცოცხალია.

ქაბულში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ამ საკითხზე თავისი მოსაზრება გამოთქვა პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა. [ფერვეზ მუშარაფის ხმა] “მასთან კავშირი არავის აქვს და მის შესახებ არავინ არაფერი იცის; ამიტომ ვიფიქრე, შეიძლება ცოცხალი აღარც არის-მეთქი. დაბეჯითებით არაფერი ვიცი. შეიძლება, ცოცხალი იყოს, შეიძლება მკვდარიც. არ ვიცი. მაგრამ თუ ჩემს აზრს იკითხავთ, ალბათ მკვდარია.”

მუშარაფმა უარყო გავრცელებული ცნობა, რომ ბინ ლადენი ავღანეთიდან პაკისტანში გაიქცა და ახლა ამ ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში, ერთ-ერთ სასაზღვრო რაიონში იმალება.

ამ ორიოდე დღის წინათ, ლაჰორში, პაკისტანის პოლიციამ დააკავა “ალ-ყაიდასთან” კავშირში ეჭვმიტანილი 16 პირი. მიღებული ცნობების თანახმად, მათი უმრავლესობა არაბული წარმოშობის უცხოელები არიან, რომლებიც ბოლო დრომდე ავღანეთში ცხოვრობდნენ.
XS
SM
MD
LG