Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორად გაყოფილი ''წითელი ჯვრის'' დაპირისპირებაში პოლიტიკოსებიც ებმებიან


საქართველოს “წითელი ჯვრის” საზოგადოებაში ორი წლის წინ დაწყებული სკანდალური დაპირისპირების ისტორია კულმინაციას აღწევს.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1 აპრილის გადაწყვეტილებით, “წითელი ჯვრის” ორგანიზაციის ყოფილმა თავმჯდომარემ ნოდარ ცქიტიშვილმა ახალ ხელმძღვანელობას ორგანიზაციის ბეჭედი და შტამპი უნდა დაუბრუნოს.
ამასობაში აპოლიტიკურ ორგანიზაციაში მომხდარ დაპირისპირებაში სულ უფრო აქტიურად ერთვებიან პოლიტიკური ძალები.
3 აპრილს “ეროვნულ სათათბიროში" შემავალმა პარტიებმა და ცალკეულმა პოლიტიკოსებმა ღიად გამოხატეს მხარდაჭერა ნოდარ ცქიტიშვილის მომხრეებისადმი და, სოლიდარობის ნიშნად, შიმშილობის აქციაც წამოიწყეს.

საქართველოს “წითელი ჯვრის” ეროვნულ ორგანიზაციაში დაწყებულ განხეთქილებას პრეცედენტი არ მოეპოვება. ორგანიზაციის ყოფილი პრეზიდენტის ნოდარ ცქიტიშვილის საქმიანობის მიმართ არსებული ნეგატიური დამოკიდებულების გამო, ექვსი თვის წინ “წითელი ჯვრისა” და “წითელი ნახევარმთვარის” საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციამ საქართველოდან დიპლომატიური წარმომადგენელი გაიწვია. ამას შედეგად იმ პროგრამების დაფინანსების შეჩერება მოჰყვა, რომლებიც ოდნავ მაინც უმსუბუქებდა მძიმე მდგომარეობას სოციალურად დაუცველ ფენებს.
ამიტომ შემწეობის გარეშე დარჩენილი ადამიანები დღეს ყველაზე უფრო მტკივნეულად განიცდიან საზოგადობაში მომხდარ დაპირისპირებას.
[ერთ-ერთი ქალბატონის ხმა] "მოვედი მხოლოდ ერთი მიზნით: მაინტერესებს, როდის გათავდება ეს ბაკქანალია? ჯანდაბას, თუნდაც ჩინგიზი მოიყვანონ, ჩუქჩა, ოღონდ დაგვირიგონ ისა, რა ქვია...ასე როგორ შეიძლება?"(სტილი დაცულია)

მაგრამ ამ ადამიანებისთვის 3 აპრილს არავის სცხელოდა. ორ ბანაკად გაყოფილმა “წითელი ჯვრის” საზოგადოების ხელმძღვანელობამ და მათმა მომხრეებმა ჟურნალისტთა სახლში ცალ-ცალკე მოიწვიეს პრესკონფერენცია და, როგორც მოსალოდნელი იყო, მედიის წარმომადგენლებს ორი, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული, თვალსაზრისი გააცნეს.

“წითელი ჯვრის” საქართველოს ორგანიზაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ნოდარ ცქიტიშვილმა "ბნელი ძალა" უწოდა გენერალური ასამბლეის მიერ ნოემბერ-დეკემბერში არჩეულ ახალ პრეზიდენტ ნანა ყეინიშვილსა და მის მომხრეებს, ხოლო ოპონენტთა მხარდაჭერაში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე თედო ისაკაძე და პრეზიდენტის რწმუნებულები დაადანაშაულა. ცქიტიშვილს მხედველობიდან არ გამორჩენია საერთაშორისო “წითელი ჯვრის” ორგანიზაციის ხელმძღვანელები, რომელთა მისამართით მან ოთხშაბათს სენსაციური განცხადება გააკეთა.

[ნოდარ ცქიტიშვილის ხმა] "მე დღეს პირდაპირ ვაკეთებ ოფიციალურად ამ განცხადებას. მე ბრალს ვდებ საერთაშორისო ფედერაციის იმ ჩინოვნიკებს, რომლებიც გაიქცნენ საქართველოდან და გადაურჩნენ პასუხისმგებლობას. მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. შევეცდები რომ, ისინი ჩამოვიყვანოთ საქართველოში, დიპლომატიური იმუნიტეტი მოეხსნათ და აგონ პასუხი ქართველი ხალხის წინაშე თანხების მითვისებისა და კვების პროდუქტების მითვისების გამო".

თუმცა 3 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიტიკური ძალების სიმპათია, აშკარად, ნოდარ ცქიტიშვილის მხარეზე იყო. ყოფილი პრეზიდენტის გვერდით დაირაზმნენ "ეროვნულ სათათბიროში" შემავალი პოლიტიკური გაერთიანებები, აგრეთვე პარლამენტარები - გურამ შარაძე და ვახტანგ ბოჭორიშვილი, რომლებმაც ცქიტიშვილს სრული მხარდაჭერა აღუთქვეს.

[გურამ შარაძის ხმა] "სასამართლო ბევრჯერ უსამართლო გადაწყვეტილებას იღებს და ეს ბევრჯერ დამტკიცებულა. ბატონი ცქიტიშვილის შემდეგ ჩატარებული ყველა არჩევნები არის არაკანონიერი და უსამართლო."

თავის მხრივ, მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს ცქიტიშვილის მთავარი ოპონენტი ნანა ყეინიშვილი, რომელსაც საკუთარი არგუმენტები აქვს.
[ნანა ყეინიშვილის ხმა] "რვა აპრილს სრულდება ექვსი თვე მას შემდეგ, რაც წავიდა საერთაშორისო “წითელი ჯვარი” და დატოვა საქართველო. თუ რვა აპრილამდე ეს პრობლემა გადაწყვეტილი არ იქნება, საერთაშორისო ნორმებით, ირღვევა ურთიერთობის პრინციპი და ვეღარ მოხდება შემდეგ ხელშეკრულების დადება."(სტილი დაცულია)

მიუხედავად ასეთი დაპირისპირებისა, ნოდარ ცქიტიშვილმა დღის ბოლოსთვის კანონმორჩილება გამოამჟღავნა და “წითელი ჯვრის” ახალ ხელმძღვანელობას ორგანიზაციის ბეჭედი და შტამპი გადასცა. თუმცა დიდუბე-ჩუღურეთის სასამართლოში 4 აპრილს კიდევ ერთი სასამართლო პროცესია დანიშნული, რომელმაც ნანა ყეინიშვილის არჩევის კანონიერება უნდა დაამტკიცოს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG