Accessibility links

ედუარდ შევარდნაძე მთავრობის დათხოვნით იმუქრება


საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოსაცდელი ვადა დაუწესდა. თუ 2-3 თვეში მთავრობის წევრები ვერ დაამტკიცებენ,

რომ კორუფციასთან ბრძოლა და ქვეყანაში არსებული ვითარების გამოსწორება შეუძლიათ, შესაძლოა, თანამდებობების გარეშეც დარჩნენ. პრეზიდენტი იმუქრება, რომ ასეთ შემთხვევაში მთავრობას სრული შემადგენლობით დაითხოვს.

“ახლა კი დაიწყო მოქმედების დრო,“ - ასეთი რამ ედუარდ შევარდნაძეს მრავალჯერ უთქვამს, მაგრამ მის ნათქვამს მთავრობის გააქტიურება არასდროს მოჰყოლია. მთავრობის წევრებისადმი პრეზიდენტის შენიშვნებს, ზოგჯერ მკაცრ გაფრთხილებებსა და კატეგორიულ მოთხოვნებსაც კი, შედეგი თითქმის არ გამოუღია და, როგორც ჩანს, პრეზიდენტიც დაღალა ამ უსასრულო ამაო შეგონებებმა. ის მთავრობასთან ულტიმატუმის ენით ლაპარაკს იწყებს და ამის საბაბიც არსებობს. სისტემატური მოთხოვნის მიუხედავად, მინისტრებმა ვერ გაიაზრეს, რომ ქვეყანაში წესრიგის დამყარების დრო კარგა ხანია დამდგარია და, რომ წესრიგის დამყარება სწორედ მათ, მთავრობის წევრებს, მოეთხოვებათ.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “სამინისტროები ხართ, უფლებები გაქვთ უზარმაზარი, ჰოდა, გამოიყენეთ ეს უფლებები. ძალიან რბილი ხელები გაქვთ, დაარტყით, მოითხოვეთ, თუ საჭიროა, მოხსენით.”

ედუარდ შევარდნაძის ასეთ გამოსვლებს მინისტრების გააქტიურება არ მოჰყოლია. მათ გარდა, პრეზიდენტს ვერც რწმუნებულებმა აჩვენეს, რომ ვითარების გამოსწორებაში საკუთარი წვლილის შეტანა შეუძლიათ. არადა, ედუარდ შევარდნაძე მათაც შეახსენებდა:

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “ბატონო რწმუნებულებო, მე სხვა ინსტრუმენტი არ გამაჩნია. თქვენ ხართ ჩემი წარმომადგენლები ადგილებზე.”

ასეთი, ხანგრძლივი და უშედეგო, ახსნა-განმარტებების შემდეგ პრეზიდენტი მთავრობასთან მუშაობის ტაქტიკას ცვლის.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა]“2-3 თვეში თუ დავრწმუნდები, რომ მთავრობის ეს შემადგენლობა არ არის მზად სერიოზული მუშაობისთვის, დავაყენებ მთავრობის გადაყენების საკითხს. სულაც არ არის საჭირო მთვარობის გადასაყენებლად ხალხის ქუჩაში გამოსვლა.”

ეს განცხადება, რომელიც მთავრობის 3 აპრილის სხდომაზე გაკეთდა, სახელმწიფო მინისტრის მიერ ანტიკორუფციული ღონისძიებების პროგრამის წარმოდგენას მოჰყვა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის საკმაოდ მოულოდნელიც აღმოჩნდა. მთავრობის სხდომიდან გამოსული მინისტრები პრეზიდენტის მოთხოვნას ზოგად მოთხოვნად განიხილავდნენ და საკუთარ უწყებებში არსებულ კონკრეტულ ნაკლოვანებებზე თითქმის არ საუბრობდნენ. თუმცა ნასიამოვნები, რა თქმა უნდა, არც ერთი მათგანი არ ჩანდა, მათ შორის, არც რწმუნებული თემურ შაშიაშვილი. მან გამოთქვა შიში, რომ მთავრობის დათხოვნის შესახებ პრეზიდენტის მუქარას, შეიძლება, მთავრობის წევრების გულგატეხილობა მოჰყვეს.

პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტარებიც გამოეხმაურნენ. ტრადიციონალისტთა ლიდერმა აკაკი ასათიანმა მთავრობისთვის 2-3 თვიანი გამოსასწორებელი ვადის დანიშვნაში, სიმკაცრის ნაცვლად, ლოიალობა დაინახა. მისი თქმით, პრობლემა სისტემაშია და არა პიროვნებებში. ასე რომ, ვნახოთ, შეძლებს თუ არა ეს მთავრობა შეუძლებელს და მოახერხებენ თუ არა მისი წევრები იმის დამტკიცებას, რომ მუშაობა, თანაც სერიოზული მუშაობა, შეუძლიათ. პრეზიდენტი მათგან მოქმედებას ითხოვს.
XS
SM
MD
LG