Accessibility links

logo-print

პარლამენტი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების კანონში ცვლილებების განხილვას იწყებს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 4 აპრილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტარები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების კანონში ცვლილებების განხილვას დაიწყებენ. როგორც ირკვევა, მეტნაკლებად,

სწორედ ამ ცვლილებებზეა დამოკიდებული რიგი პარტიების მიერ არჩევნების ბოიკოტირების საკითხი. თუმცა, პარლამენტის კულუარებიდან გამოსული ინფორმაციის თანახმად, ფრაქციათა უმრავლესობა ძირითად საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმდა.

2 ივნისისთვის დანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების ჩატარება ისევ პარლამენტზეა დამოკიდებული. როგორც გახსოვთ, შარშან, ნოემბერში, პრეზიდენტის მიერ დანიშნული არჩევნები პარლამენტის ინიციატივით გადაიდო, რაკი აუცილებლად იქნა მიჩნეული არსებული კანონმდებლობის გაკეთილშობილება. ახლაც, ფრთხილი ოპტიმისტური განცხადებების მიუხედავად, გამორიცხული არ არის, კომპრომისის მიუღწევლობის საბაბით, პარლამენტმა ისევ მოითხოვოს არჩევნების გადადება.
როგორც საინფორმაციო სააგენტო “პრაიმ-ნიუსს” განუცხადა ფრაქცია “მრეწველების” წევრმა ვახტანგ ხმალაძემ, 3 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრაზე ფრაქციათა უმრავლესობა რიგგარეშე სხდომაზე განსახილველ საკანონმდებლო ცვლილებათა ძირითად საკითხებში შეთანხმდა. კერძოდ, თვითმმართველობის მეორე დონეზე და დიდ ქალაქებში მერებსა და გამგებლებს პროპორციული სისტემით არჩეული საკრებულოები თავისი შემადგენლობიდან აირჩევენ.
ამ საკითხთან დაკავშირებით, განსხვავებული პოზიცია აქვს ფრაქცია “ტრადიციონალისტის” თავმჯდომარეს აკაკი ასათიანს, რომელიც თბილისში საკრებულოს მაჟორიტარული სისტემით არჩევის ინიციატივით გამოდის.
[აკაკი ასათიანის ხმა] “ თბილისში არჩევნების მარტო სიით ჩატარება, არსებითად, ზღუდავს ცალკე პიროვნებების პოლიტიკურ უფლებებს. მე ვიცი ადამიანები, რომლებსაც სურვილი აქვთ, კენჭი იყარონ თბილისის საკრებულოში, მაგრამ პარტიულ სიაში არ სურთ იყვნენ შეყვანილები. მოხსნის ამ პრობლემას თბილისში მრავალმანდატიანი ოლქების შექმნა. წარმოიდგინეთ, 30 კაცზეა ლაპარაკი. რომ შეიქმნას 5 საარჩევნო ოლქი, სადაც დასახელდება ხალხი. პირველ ექვს ადგილზე გასული შევა საკრებულოში.”
გარდა ამისა, ტრადიციონალისტები საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესთან დაკავშირებითაც საკუთარ პროექტს სთავაზობენ პარლამენტს. მათი ვარიანტით, ყველა დონის საარჩევნო კომისიები პარიტეტულ საწყისზე უნდა დაკომპლექტდეს და მასში ბოლო ორ არჩევნებში 4 პროცენტიან ბარიერგადალახული პარტიების წარმომადგენლები უნდა შევიდნენ.
ამასთან, აკაკი ასათიანის განცხადებით, თუ პარლამენტი ვერ მოახერხებს აუცილებელი ცვლილებების შეტანას საარჩევნო კანონმდებლობაში, ტრადიციონალისტთა კავშირი დაფიქრდება, რამდენად მიზანშეწონილი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა.
სხვათა შორის, არჩევნებში მონაწილეობის წინაპირობას აყენებს სოციალისტური პარტიაც, რომლის ლიდერის, ვახტანგ რჩეულიშვილის, განცხადებით, თუ პარლამენტი უფლებამოსილებას არ შეუწყვეტს იმ 4 დეპუტატს, რომელთა არჩევნების უკანონობა საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა, იგი პარლამენტის სხდომების ბოიკოტირებას დაიწყებს.
XS
SM
MD
LG