Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოღაიდელი ყაზახეთსა და უზბეკეთთან ვალების რესტრუქტურიზაციას ეცდება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი დაახლოებით ერთ კვირაში საქართველოს ფინანსთა მინისტრი შუა აზიის ორ ქვეყანასთან - უზბეკეთსა და ყაზახეთთან - ვალების რესტრუქტურიზაციის შესახებ მოლაპარაკებას გამართავს.

უზბეკეთი და ყაზახეთი, თურქმენეთთან ერთად, ფაქტობრივად, საქართველოს იმ, არცთუ მცირერიცხოვან, კრედიტორებს შორის არიან დარჩენილნი, რომლებთანაც რესტრუქტურიზაციის საკითხი ჯერ არ არის მოგვარებული.

ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება ინტენსიურ მოლაპარაკებებს მართავს თავის კრედიტორებთან საგარეო ვალების რესტრუქტურიზაციის თაობაზე. ქვეყნის საგარეო ვალების გასტუმრება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ერთ-ერთ უმთავრეს მოთხოვნას წარმოადგენს, რომლის შეუსრულებლობის პირობებში ამ ორგანიზაციებიდან არანაირი დახმარების მიღების იმედი არ უნდა გვქონდეს. სხვადასხვა საკრედიტო ხელშეკრულებებით, საქართველოს ჯერ კიდევ შარშან უნდა დაეწყო აღებულ ვალდებულებათა ძირითადი თანხების მომსახურება, თუმცა ჩვენი მწირი ბიუჯეტის პირობებში ამის განხორციელება, ფაქტობრივად, შეუძლებელია; შესაბამისად, ქვეყანა ვალდებულია თავისი დავალიანება გადაავადოს. ამ მიმართულებით ფინანსთა სამინისტრომ უკვე მოახდინა რამდენიმე ქვეყანასთან ვალების რესტრუქტურიზაცია.

სავარაუდოდ, 8 აპრილისათვის კი ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს გადასახადებსა და მათ ჰარმონიზაციასთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციაში.
კონფერენციის გარდა, ფინანსთა მინისტრს შუა აზიაში ერთი მნიშვნელოვანი მოლაპარაკება ელის, რომელიც “პარიზის კლუბის” ჩარჩოში ყაზახეთისა და უზბეკეთის ხელისუფლებასთან ამ ქვეყნების მიმართ საქართველოს ვალების რესტრუქტურიზაციას გულისხმობს.

საქართველოს ყაზახეთის ვალი აქვს 27 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო უზბეკეთისა - 1 მილიონი აშშ დოლარი. ამ ქვეყნების მიმართ დავალიანება, სხვა სახელმწიფოებისაგან განსხვავებით, კოლოსალურ თანხას არ შეადგენს, რაც ფინანსთა სამინისტროს ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს და, სავარაუდოდ, მოლაპარაკებებიც წარმატებით დასრულდება.

მანამდე საქართველომ “პარიზის კლუბის” ჩარჩოში ყველა ქვეყანასთან განახორციელა საგარეო ვალების რესტრუქტურიზაცია, გარდა აღნიშნული ქვეყნებისა და თურქმენეთისა, თუმცა, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ უკანასკნელის ვალების მომსახურებას საქართველო “პარიზის კლუბის” ჩარჩოში უკვე ახორციელებს, რომლის თანახმად, წლიური გადასახადი არ აღემატება მთლიანი ვალის 4 პროცენტს.

თურქმენეთი ყველაზე მსხვილი და, ამავდროულად, ყველაზე ჭირვეული კრედიტორია და მის მიმართ საქართველოს ვალი 380 მილიონი აშშ დოლარია.

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი კი 2 მილიარდ აშშ დოლარამდეა.

გასული წლის გაზაფხულზე “პარიზის კლუბის” ქვეყნებთან მიღწეული შეთანხმებით, საქართველოს ძირითადი საგარეო ვალების გასტუმრება 2022 წლამდე გადაუვადდა არაუმეტეს 7 პროცენტიანი წლიური გადასახადის პირობებში.

ამასთან, საქართველომ კრედიტორ ქვეყნებთან - მათ შორის, თურქეთთან, რუსეთთან, სომხეთთან, ირანსა და აზერბაიჯანთან - მიაღწია შეთანხმებას მათ მიმართ არსებული ვალების რესტრუქტურიზაციაზე, წლიური 3 პროცენტიანი მომსახურებით.
XS
SM
MD
LG