Accessibility links

logo-print

მცირე ბიზნესის ხელშეწყობაში არასამთავრობოებიც ჩაერთვებიან


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი არასამთავრობო ორგანიზაციები მცირე ბიზნესის განვითარებისათვის ახალი ინიციატივით გამოდიან და ხელისუფლებას ამ მიზნისათვის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხების განაწილების ახალ წესს სთავაზობენ.



საქართველოს ბანკების, დასაქმების, ასევე საკონსულტაციო ორგანიზაციათა ასოციაციები და საქართველოს ბიზნეს-კონფედერაცია მხარს უჭერენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის მოწოდებას, რომ ხელისუფლებამ და ბიზნესმენებმა სერიოზული მონაწილეობა მიიღონ მცირე ბიზნესის ხელშეწყობაში.

შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარემ რევაზ საყვარელიძემ სამშაბათს გამართულ პრეს-კონფერენციაზე, რომელშიც აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, განაცხადა, რომ მცირე ბიზნესის განვითარებისათვის მოსახლეობის დასაქმება ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტი უნდა გახდეს.
საყვარელიძემ წარმოადგინა შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის მხარდაჭერით შემუშავებული ,,მცირე ბიზნესის განვითარების საპილოტო პროგრამა", რომლისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს მცირე მეწარმეობის გრანტებით დასაფინანსებლად 700 ათასი ლარია გათვალისწინებული.

აქამდე სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებულ თანხებს თავად აღმასრულებელი ხელისუფლება განკარგავდა და, შესაბამისად, ამ სფეროში სუბიექტური გადაწყვეტილებების რისკი უკიდურესად მაღალი იყო. ახალი პროექტით, თანხების გაცემა ბანკების მეშვეობით განხორციელდება და, თანაც, მასზე არასამთავრობოების მუდმივი მონიტორინგი დაწესდება. ამასთან, პროექტის ავტორების რწმუნებით, ეს პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართება, რამაც კორუფციისა და სუბიექტური მიდგომების შემთხვევები უნდა შეამციროს.

პროგრამა მცირე ბიზნესის ხელშემწყობი კონსალტინგცენტრების ინფრასტრუქტურის შექმნასა და არსებულის ხელშეწყობას გულისხმობს.
ამასთან, მცირე ბიზნესისათვის გაცემული საბანკო კრედიტების ფინანსური რისკების დაზღვევა სადაზღვევო კომპანიების მიერ ან კერძო საგარანტიო ფონდების ფორმირების გზით უნდა მოხდეს, რაც აღნიშნული ინსტიტუტების გამოცდილებისა და როლის ამაღლებას შეუწყობს ხელს.
მიუხედავად იმისა, რომ მცირე ბიზნესის განვითარებისათვის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხები მიზერულია და ჯერ გარკვეულიც არაა, მთლიანად დაფინანსდება თუ არა იგი, აღნიშნული პროექტი მაინც მასტიმულირებელ ეფექტს გამოიღებს.

უახლოეს დღეებში ამ პროექტის განხილვა საკანონმდებლო ორგანოს შესაბამის კომიტეტებში მოხდება. საკომიტეტო დებატებისას პროექტს, შესაძლოა, წინააღმდეგობაც შეხვდეს, რადგან დაინტერესებულ დეპუტატებს საბიუჯეტო სახსრების თავის ნებაზე განკარგვის შესაძლებლობა მოეკვეცებათ, რაც მათ ინტერესებში ნამდვილად არ შედის, თუმცა ამ პროცესში არასამთავრობოებისა და მედიის ჩართვა მცირე ბიზნესის განვითარების საპილოტო პროგრამას რეალიზაციის შანსს მაინც აძლევს.
XS
SM
MD
LG