Accessibility links

logo-print

ბრიტანელი კონფლიქტოლოგის მოსაზრებები ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შესახებ


გიორგი კაკაბაძე, თბილისი დიდი ბრიტანეთის არასამთავრობო ორგანიზაციის “შრომითი რესურსებისა” და მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ინიციატივით, საქართველოში ტარდება სემინარების სერია,

რომელიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებას ეძღვნება.
ამ თემის გარშემო ესაუბრა გიორგი კაკაბაძე “შრომითი რესურსების” კონფლიქტოლოგ რეიჩელ კროგს, რომელიც ათი წლის განმავლობაში კონფლიქტების მოგვარების სფეროში მუშაობს.

3 აპრილს თბილისში ჩატარდა პირველი სემინარი, რომელშიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. აფხაზეთიდან დევნილთა სხვადასხვა ჯგუფებისათვის ანალოგიური სემინარები იმერეთსა და სამეგრელოში გაიმართება. შემდეგ კი სემინარის ორგანიზატორები გაემგზავრებიან აფხაზეთში, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

სემინარების შინაარსთან დაკავშირებით, ბრიტანელი კონფლიქტოლოგი რეიჩელ კროგი განმარტავს: [ კროგის ხმა] “მოკლედ რომ ითქვას, სემინარები ეთმობა კონფლიქტების ანალიზს, რომლის მსვლელობის დროს ვიყენებთ სხვადასხვა მოდელებს. ვმსჯელობთ იმაზე, თუ რა ურთიერთობები არსებობს კონფლიქტში დაპირისპირებულ ადამიანებს შორის, რანაირად შეიძლება შექმნილ მდგომარეობაზე ზემოქმედების მოხდენა და რა სტრატეგიები უნდა გამოვიყენოთ სიტუაციის შესაცვლელად.”

მაგალითად, თბილისის სემინარზე გამოყენებულ იქნა კონფლიქტის კარტოგრაფირების მეთოდი, რომლის მიზანია სხვადასხვა დაპირისპირებული ჯუფების გამოვლენა და არსებული დაპირისპირების არსის დადგენა. საერთოდ, სემინარებზე დიდი ყურადღება დაეთმობა კრიტიკული და თვითკრიტიკული ჩვევების გამომუშავებას, მით უფრო, რომ, როგორც რეიჩელ კროგი აღნიშნავს, კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით, საკმაოდ ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრება არსებობს.

არცთუ ისე დიდი ხნის წინ ბევრი პოლიტიკოსი მიიჩნევდა, რომ კონფლიქტის მოგვარება ჩიხშია შესული. ჩემი თანამოსაუბრის აზრით კი, კონფლიქტის ჩიხურ მდგომარეობაზე საუბარი მართებული არ უნდა იყოს, ვინაიდან, [ კროგის ხმა] “იმის თქმა, რომ ეს არის გაყინული კონფლიქტი ან კონფლიქტი ჩიხშია შესული, ნიშნავს იმას, თითქოსდა, არავითარი ცვლილებები არ ხდება. სინამდვილეში კი, არსებობს კონფლიქტის დინამიკა, დროდადრო ადგილი აქვს შეტაკებებს - სიტუაცია მწვავდება, შემდეგ ისევ განელდება ხოლმე. ვფიქრობ, რომ ამჟამად საკმაოდ დიდი მოძრაობა იგრძნობა კონფლიქტის გარშემო.”

მართალია, რეიჩელ კროგის თქმით, ეს მოძრაობა დადებითი მიმართულებით არ მიდის, მაგრამ, კონფლიქტოლოგის შეფასებით, “თუნდაც ერთი წლის წინათ საქართველოს საზოგადოებაში საკმარისად ბევრ დროს არ უთმობდენენ კონფლიქტის პრობლემატიკას. არც ხელისუფლებას ჰქონდა წამოწეული ეს საკითხი წინა პლანზე, შესაძლოა, იმიტომ, რომ აქცენტი კეთდებოდა უმწვავეს სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე. ამჟამად კი ქართულ-აფხაზურმა კონფლიქტმა ერთ-ერთი მთავარი ადგილი დაიკავა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და, ამდენად, მეტი შესაძლებლობები გაჩნდა კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებული სტრატეგიის შესამუშავებლად.”

კონფლიქტოლოგი ამბობს, რომ ამ პროცესში მთავარი ყურადღება უნდა დაეთმოს ქართველთა და აფხაზთა შორის დაკარგული ნდობის აღდგენას და უსაფრთხოების მტკიცე გარანტიების შექმნას. ამასთან ერთად, რეიჩელ კროგი შენიშნავს, რომ “კონფლიქტის ძალისმიერი გზით გადაწყვეტის პროპაგანდა აღრმავებს მხარეთა შორის არსებულ დაპირისპირებას, რაც ნეგატიურად აისახება კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივაზე.”
XS
SM
MD
LG