Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წყლის ტარიფი გაიზარდა


დავით პაიჭაძე, თბილისი თუ თბილისის საკრებულოს წევრთა ნაწილი ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის წინააღმდეგ გამოდის, სხვა წევრები საპირისპირო პოზიციებს იცავენ, ოღონდ - წყლის ტარიფის გაზრდისას:

საკრებულოს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით ჯაფარიძე ხუთშაბათს, 4 აპრილს, "თბილწყალკანალში" გამართულ შეხვედრაზე, ამ უწყების გენერალურ დირექტორ იუზა ცარციძესთან ერთად, ცდილობდა ჟურნალისტებისთვის დაესაბუთებინა წყლის გაძვირების გარდუვალობა. ელექტროენერგიისაგან წყალს კიდევ ის განასხვავებს, რომ პირველი შეიძლება გაძვირდეს, წყალი კი უკვე გაძვირდა.

თბილისში სასმელი წყალი გაძვირდა: თითო მოქალაქეს თვეში ერთი ლარისა და ოცი თეთრის გადახდა მოუწევს, ხოლო საბიუჯეტო ორგანიზაციები, საწარმოები და სხვები მოხმარებული წყლის ყოველ კუბურ მეტრში ერთ ლარსა და 60 თეთრს გადაიხდიან. “თბილწყალკანალის” ხელმძღვანელის თქმით, დღეისათვის მოქალაქეთა დავალიანება ამ ორგანიზაციის წინაშე 25 მილიონ ლარს შეადგენს და მას არა აქვს ილუზია ვალის ამოღების. საბიუჯეტო ორგანიზაციები მოხმარებული წყლის საფასურის 40-45 %-ს იხდიან, ხოლო სამეურნეო და საწარმოო ობიექტები – დაახლოებით 85%-ს.

მიუხედავად იმისა, რომ წყლის ტარიფი ორჯერ გაიზარდა, “თბილწყალკანალის” გენერალური დირექტორი იუზა ცარციძე აცხადებს, ახალი ფასები ისე მაინც ვერ გაზრდის შემოსავალს, რომ ფული მისდამი რწმუნებული სისტემის რეაბილიტაციას მოხმარდეს. [ცარციძის ხმა]: “ეს არის წყლის ტარიფის მინიმალური ცვლილება, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, ქალაქში არსებული მდგომარეობა შევინარჩუნოთ. ეს არც ერთ შემთხვევაში არ იძლევა დარგის ფართომასშტაბიანი რეაბილიტაციის საშუალებას. ამ ფასად, როცა გასაყიდი ტარიფი თვითღირებულებაზე დაბალია, დარგში დიდი სარეაბილიტაციო სამუშაოების გატარებას ვერც იფიქრებ და ვერც მოახერხებ”. “თბილწყალკანალმა” წყლის მიწოდებით მინიმალური მოგება რომ მიიღოს, თვიური გადასახადი, სულ ცოტა, ოთხნახევარი ლარი უნდა იყოს. ასეთი ფასის დაწესება კი ახლა წარმოუდგენელია.

თბილისის საკრებულოს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ჯაფარიძემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება წყლის ტარიფის გაზრდის შესახებ სერიოზული ანალიზის შემდეგ მიიღეს. ანალიტიკოსები ცდილობდნენ გამოეთვალათ, რამდენად გააძვირებდა თბილისში წარმოებულ პროდუქციას ასეთი ნაბიჯი. აი, მათი გამოთვლების შედეგი [ჯაფარიძის ხმა]: “აღმოჩნდა, რომ პროდუქციის თვითღირებულებაში წყლის ტარიფი, წყლის საფასური იკავებს მაქსიმუმ 5 პროცენტს; არის სამრეწველო საწარმოები, სადაც 1%-ს, 2 %-ს შეადგენს, გაზრდის შემდგომაც კი. პრეტენზიები ჰქონდათ პურის ქარხნებს, “ლაღიძის წყლებს” და ა.შ. პრაქტიკულად, საპრეტენზიო მათ არაფერი არ უნდა ჰქონდეთ, რადგან იმავე “ლაღიძის წყლებში” ერთი კუბური მეტრი წყლიდან შეუძლიათ მიიღონ შემოსავალი 500 და მეტი ლარის ოდენობით, გადახდით კი ლარი და 60 თეთრი უნდა გადაიხადონ. აი, ასეთი თანაფარდობაა”. და მაინც, საწარმოები ძალიან რომ არ დაზარალდნენ, საკრებულო მზად არის, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მათ მოგების გადასახადი შეუმციროს.

წყლის ტარიფის გაზრდა შეიძლება მტკივნეული აღმოჩნდეს გაჭირვებული მოქალაქეებისათვის. დავით ჯაფარიძე ამბობს, რომ, ამ მხრივ, შეღავათები დაუწესეს მოქალაქეთა 18 კატეგორიას: მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა პენსიონერები, ომის ინვალიდები და სხვები საერთოდ გათავისუფლდნენ წყლის გადასახადისაგან.

გაზსა და ელექტროენერგიას თბილისში უკვე ითვლიან. 2003 წლიდან ე.წ. გამრიცხველიანება წყლით მომარაგების სისტემაშიც არის მოსალოდნელი. ამ დროისათვის დამტკიცებული უნდა იყოს დარგის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის შემუშავებასა და განხორციელებაში მსოფლიო ბანკი მონაწილეობს. წყალი ჩვეულებრივი პროდუქტია, რომელიც უნდა შევიძინოთ. ასე რომ, დახარჯული წყლის ზუსტი აწყვა, ადრე თუ გვიან, გარდაუვალია. წყლის დაზოგვას და რაციონალურ გამოყენებას მხოლოდ მაშინ შევძლებთ, როცა მას ფასი დაედება და წყლის მრიცხველი, გაზის მრიცხველისგან განსხვავებით, მოქალაქეებს მოპარვის საშუალებას არ მისცემს.
XS
SM
MD
LG