Accessibility links

logo-print

ევროკავშირი დიპლომატიური გზით ცდილობს კონფლიქტის მოგვარებას ახლო აღმოსავლეთში


ანდრო ეული, პრაღა ჩვენი შემდგომი სიუჟეტიც ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტს ეხება. ამჯერად გაგაცნობთ ევროკავშირის მორიგ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ძალადობის აღკვეთას.

ოთხშაბათს ღამით, ლუქსემბურგში გამართულ საგანგებო სხდომაზე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს, დიპლომატიური გზით სცადონ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მოგვარება. დელეგაცია, რომელსაც ევროკავშირის ამჟამინდელი თავმჯდომარის, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯოზეფ პიკე და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორი ხავიერ სოლანა ხელმძღვანელობენ, 4 აპრილს ჩავიდა ისრაელში.

გადაწყვეტილება დელეგაციის გაგზავნის თაობაზე მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ევროკომისიის თავმჯდომარემ რომანო პროდიმ 3 აპრილს მოუწოდა ევროკავშირს, შეერთებული შტატების ნაცვლად თავად იკისროს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში მთავარი შუამავლის როლი. საგანგებო სხდომაზე ლუქსემბურგში პიკემ და სოლანამ განაცხადეს, რომ ევროკავშირის სახელით შეახსენებენ კონფლიქტში დაპირისპირებულ ორივე მხარეს, რომ მათ აუცილებლად უნდა შეასრულონ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ახლახან მიღებული რეზოლუციები, რომლებიც ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითვალისწინებს.

სოლანამ გამოყო გაეროს 1402-ე რეზოლუცია. მისი თქმით, ეს არ არის ორი თვის ან ორი წლის წინანდელი რეზოლუცია. ”იგი ამ დღეებში იქნა მიღებული და დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს. ასეთია ევროკავშირის პოზიცია და სწორედ ამის სათქმელად მივდივართ ახლო აღმოსავლეთშიო” - დასძინა სოლანამ.

ხსენებული რეზოლუცია, რომელიც კვირას მიიღო უშიშროების საბჭომ, ითვალისწინებს მხარეთა დაზავებას, პალესტინელთა დასახლებული პუნქტებიდან ისრაელის ჯარის გაყვანასა და სამშვიდობო მოლაპარაკებათა განახლებას. პიკემ და სოლანამ განაცხადეს ამასთანავე, რომ მოითხოვენ 1397-ე რეზოლუციის შესრულებასაც, რომელიც მარტის შუა რიცხვებში იქნა მიღებული და პერსპექტივაში პალესტინის სახელმწიფოს დაარსებას ითვალისწინებს.

საგანგებო თათბირის დამთავრების შემდეგ ჯოზეფ პიკემ განაცხადა, რომ ისრაელმა უნდა შეწყვიტოს პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელობაზე თავდასხმა: [ჯოზეფ პიკეს ხმა] ”ჩვენ მიგვაჩნია, რომ კანონიერი ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ, რასაც ყოველი ჩვენთაგანი უყოყმანოდ უჭერს მხარს, ვერ გაამართლებს პალესტინელთა ხელმძღვანელობის მმართველი სტრუქტურების განადგურებას, ხელმძღვანელობისა, რომელიც პალესტინელი ხალხის კანონიერი წარმომადგენელია, და ამდენად, დასაბამი უნდა მისცეს პალესტინის მომავალი სახელმწიფოს დაარსებას, რაც ჩვენ, ყველას, კონფლიქტის საბოლოო მოგვარების ერთ-ერთ პირობად მიგვაჩნია”.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თავდაპირველად გადაწყვიტეს, რომ თუ შესაძლებელი გახდება პალესტინელთა ავტონომიის ლიდერთან, იასირ არაფატთან შეხვედრა, მაშინ დელეგაციას ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ხოსე მარია ასნარმა უნდა უხელმძღვანელოს. მაგრამ ისრაელის მთავრობამ გადაწყვიტა, ასნართან შეხვედრის ნება არ დართოს არაფატს და, ამდენად, ახლო აღმოსავლეთში ესპანეთის პრემიერის წასვლის საკითხი საერთოდ მოიხსნა დღის წესრიგიდან.

მომავალ კვირაში, მადრიდში, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტთან დაკავშირებით, გაიმართება საგანგებო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი.
XS
SM
MD
LG