Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაბული ქვეყნები ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკას აკრიტიკებენ


ანდრო ეული, პრაღა სულ უფრო ფართო მასშტაბებს იძენს კონფლიქტი ისრაელსა და პალესტინელებს შორის და ამასთან დაკავშირებით თეთრი სახლის ადმინისტრაცია კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.

არაბული ქვეყნები აცხადებენ, რომ შეერთებული შტატები ისრაელს პალესტინელთა დათრგუნვაში ეხმარება. ამასობაში, ზოგიერთი პოლიტიკოსი შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ისრაელისადმი ვაშინგტონის თანადგომამ, შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს პრეზიდენტ ბუშის მიერ წამოწყებულ ანტიტერორისტულ კამპანიას.


განვლილი ერთი კვირის მანძილზე მძაფრი კრიტიკა გამოითქვა ჯორჯ ბუშის მისამართით იმის გამო, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი სათანადო ყურადღებას არ აქცევს 19 თვის მანძილზე მიმდინარე კონფლიქტს ისრაელსა და პალესტინელებს შორის.

ორშაბათს ჯორჯ ბუშმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ კათოლიკური შობის შაბათსა და კვირა დღეს იგი, დასვენების ნაცვლად, ტელეფონს არ მოსცილებია, როცა ხსენებული კონფლიქტის თაობაზე ესაუბრა სხვადასხვა სახელმწიფოთა ლიდერებს. ხოლო ოთხშაბათს თეთრი სახლის პრესმდივანმა არი ფლაიშერმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ყველა ღონეს ხმარობს ძალადობის აღსაკვეთად ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად თავად კონფლიქტში დაპირისპირებულ მხარეებსაც მართებთ გონივრული ნაბიჯების გადადგმაო.

მიუხედავად ამისა, ვაშინგტონის მისამართით კრიტიკა არ წყდება. ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორს ლეონ ფორთს, რომელიც ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ალ გორის მრჩეველი იყო ეროვნული უშიშროების საკითხებში, მიაჩნია, რომ პრეზიდენტი ბუში თეთრ სახლში მოსვლისთანავე უნდა ჩართულიყო ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში: [ლეონ ფორთის ხმა] ”ვფიქრობ, შეცდომა დაუშვა ბუშის ადმინისტრაციამ, როცა თეთრ სახლში მოსვლისას, პირველ თვეებში, გაემიჯნა ახლო აღმოსავლეთის რეგიონს, მაშინ, როცა ადმინისტრაცია ინაუგურაციის მეორე დღესვე უნდა ჩართულიყო სამშვიდობო პროცესში. სწორედ ამგვარი დაყოვნების გამო კარგი შესაძლებლობა გავუშვით ხელიდან და დღეს რეგიონში სულ სხვა ვითარებაა შექმნილი”.

ლეონ ფორთმა განაცხადა აგრეთვე, რომ ახლა, როცა ვაშინგტონი ისრაელის მხარდაჭერას განაგრძობს, ხოლო ძალადობა ახლო აღმოსავლეთში დღითიდღე სულ უფრო ფართო მასშტაბს იძენს, პრეზიდენტ ბუშს გაუძნელდება იმ მხარდაჭერის მოპოვება, ანტიტერორისტული კამპანიის გაგრძელებისა და შემდგომი გაფართოებისთვის რომ ესაჭიროება.

გასულ თვეში ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი 11 სახელმწიფოს ეწვია ახლო აღმოსავლეთში, რათა არაბ ლიდერთა პოზიციას გასცნობოდა ავღანეთში მიმდინარე ანტიტერორისტული ომის ერაყში შესაძლო გადატანის თაობაზე. მაგრამ არაბებმა განაცხადეს, რომ ვერ დაუჭერენ მხარს სამხედრო აქციას ერაყის წინააღმდეგ, ვინაიდან ისრაელსა და პალესტინელებს შორის მიმდინარე კონფლიქტით არიან დაკავებულები.

როგორც ლეონ ფორთი აღნიშნავს, არაბულ სახელმწიფოთა ლიდერები და, თავად ხალხიც, დღეს კიდევ უფრო მეტად აღუდგებიან წინ შეერთებული შტატების თაოსნობით მოსალოდნელ თავდასხმას ერაყზე. არც ის არის გამორიცხული, რომ არაბული სამყარო ტერორიზმის წინააღმდეგ მიმდინარე ომს გაემიჯნოს.
XS
SM
MD
LG