Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“მეათე სტუდია”


წამყვანი: დავით კაკაბაძე 429-ე გამოშვება


დავით კაკაბაძე:
ახლა კი, ძვირფასო რადიომსმენელებო, გეპატიჟებით “მეათე სტუდიაში”. ჩვენი ყოველკვირეული რადიოჟურნალის 429-ე გამოშვებაში ვიმსჯელებთ კორუფციასთან ბრძოლის ზოგიერთ თავისებურებაზე; შევეცდებით გავარკვიოთ, რა გავლენა შეიძლება იქონიოს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაზე კოდორის ხეობიდან საქართველოს საჯარისო შენაერთების გაყვანამ; მოგითხრობთ ქუთაისის კათოლიკური ეკლესიის გარშემო წარმოშობილ დავაზე; გიამბობთ ვაშინგტონის მახლობლად მდებარე ერთ დაწყებით სკოლაზე, რომელიც მსოფლიოში საუკეთესოდ აღჭურვილ სკოლად ითვლება. გარდა ამისა, შემოგთავაზებთ ინტერვიუს გერმანიის სახალხო უნივერსიტეტების ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელთან ლუდმილა კლოცთან. პრაღაში “მეათე სტუდიას” დავით კაკაბაძე უძღვება.

[მუსიკა]

კორუფციასთან ბრძოლის ზოგიერთი თავისებურების შესახებ

დავით კაკაბაძე:
ბოლო ორი წელიწადია, კორუფციასთან ბრძოლა საქართველოს პოლიტიკურ სინამდვილეში ერთ-ერთ ყველაზე მოდურ თემად იქცა. კორუფციას თითქოს ყველა ებრძვის– ხელისუფლებაც, პოლიტიკური პარტიებიც, არასამთვრობო ორგანიზაციებიც, სტუდენტებიც და უბრალო მოქალაქეებიც. თუმცა, რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ამ გამალებული ბრძოლის შედეგი მიზნის საწინააღმდეგოა – კორუფციული გარემოს მიზეზით, საქართველოს ის უცხოელი ინვესტორებიც ტოვებენ, რომლებიც ბოლო დრომდე, უკანასკნელი მოჰიკანებივით, იმედით ელოდნენ კორუფციის დამარცხებას. თამარ ჩიქოვანის აზრით, არსებული მდგომარეობა კორუფციასთან ბრძოლის პოლიტიზების პირდაპირი შედეგია.

თამარ ჩიქოვანი:
ამ კვირაში გამართულ სხდომაზე გაირკვა, რომ კორუფციასთან ბრძოლის თეორიული ნაწილი დასრულდა და პრეზიდენტი ახლა საკუთარი მთავრობის წევრებისგან და გუბერნატორებისგან კორუფციასთან ბრძოლის პრაქტიკულ შედეგებს ელის. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემოდგომისთვის იგი მთავრობის მთელი შემადგენლობის გადაყენების შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “ორი-სამი თვის განმავლობაში, თუ ჩვენ დავრწმუნდით, რომ მთავრობის ეს შემადგენლობა არ არის მზად სერიოზული მუშობისთვის, მე დავაყენებ მთვრობის გადაყენების საკითხს. სულაც არ არის საჭირო მთვრობის გადაყენებისთვის ქუჩაში გამოვიდეს ხალხი, სტუდენტები იქნებიან თუ საერთოდ, მოქალაქეები. უმთავრესი ამოცანა, რომელიც საქართველოს მთავრობის წინაშე დგას, კორუფციის წიანაღმდეგ ბრძოლაა. და ის ფაქტები, რომლებიც ჩემთვის არის ცნობილი, ამ ფაქტებზე რეაგირებას არ დასჭირდება ორი და სამი წელი. ორი, სამი, ოთხო თვე სავსებით საკმარისია. ასე რომ, შემოდგომისთვის თითოეული თქვენთაგანი უნდა იყოს მზად, რომ სწორედ ასე დაისმება საკითხი.”

კორუფციასთან ბრძოლის თემის პიონერი პრეზიდენტი შევარდნაძეა, რომელმაც ამ 5 წლის წინათ განაცხადა, რომ იწყებდა ბრძოლას ხელისუფლებაში გამეფებული კორუფციის წინააღმდეგ. მას შემდეგ, კორუფციასთან ბრძოლის თემა თითქმის ყველა პარტიის პროგრამის აუცილებელ შემადგენელ ნაწილად იქცა. მეტიც, 1999 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას ვაკის რაიონის მაშინდელი ერთმანდატიანი ოლქის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი ამომრჩეველს ვაკის რაიონის მასშტაბით კორუფციის აღმოფხვრის პირობას აძლევდა. თუმცა, ვაკის რაიონში მიმდინარე კომფორტული საცხოვრებელი სახლების კომპლექსების მშენებლობის ტემპით თუ ვიმსჯელებთ, კორუფციის თვალსაზრისით ვაკე ვერ იქცა “განსაკუთრებულ ზონად.”

სავარაუდოა, რომ მომავალი არჩევნები – იქნება ეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა თუ 2003 წლისთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები, სწორედ კორუფციასთან ბრძოლის დევიზით ჩაივლის. ახალი საარჩევნო ბლოკები თუ კოალიციები სწორედ კორუფციასთან ბრძოლის საფუძველზე ჩამოყალიბდება. ამის მაგალითად გამოდგება სულ რამდენიმე დღის წინათ ჩამოყალიბებული დემოკრატიული ფრონდი, რომლის შემედგენლობაში შემავალი ორგანიზაციები, ალბათ, იმ ბედნიერ და მცირე გამონაკლისს წარმოადგენს, ვინც ჯერჯერობით კორუფციასთან არ ასოცირდება. უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება რესპუბლიკური პარტია, რომლის წევრებმაც საქართველოსთვის ყველაზე არეულ, 1992-95 წლებში, როცა კრედიტის აღება ან, ასე ვთქვათ, “დიდი ფულის” შოვნა საკმაოდ მარტივი იყო, გაუძლეს ცდუნებას და არაფერში გარეულან. თუმცა, მოგვიანებით, სწორედ სახსრების უქონლობა აღმოჩნდა ამ პარტიის ჯერ არჩევნებში დამარცხების, შემდეგ კი ორ ნაწილად გაყოფის მიზეზი. რაც შეეხება ამ სუბიექტის – დემოკრატიული ფრონტის – კიდევ ერთ შემადგენელ ორგანიზაციას, ეროვნულ ძალთა გაერთიანებას, მისი კორუმპირებულობის შესახებ ინფორმაცია ყოვლისმცოდნე პრესას ჯერ არ გაუვრცელებია.

ოდნავ განსხავევბული ვითარებაა თავად ნაციონალურ მოძრაობაში. ამ ორგანიზაციის ერთერთი ლიდერის, პარლამენტარ კოტე კემულარიას სახელი ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან კორუფციულ საქმეს: ინვალიდთა საქმეს უკვაშირდება, როცა სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკმაოდ სოლიდური თანხები ინვალიდებისთვის მაღალხარიახიანი ტელესტუდიის შეძენისთვის გამოიყო. ამ ისტორიას პიკანტურობას მატებს ისიც, რომ ინვალიდთა საქმის შესახებ პირველად კონტროლის პალატის ყოველწლიურ მოხსენებაში იყო აღნიშნული; არადა, კონტროლის პალატას მაშინ რევაზ შავიშვილი თავმჯდომარეობდა, ის რევაზ შავიშვილი, რომელიც დღეს კოტე კემულარიათან ერთად ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერია.

საინტერესოა, რომ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით ჯერჯერობით ყველაზე ნაკლებად აქტიურობს საქართველოს დემოკრატიული აღორძინების კავშირი, რომლის წევრებიც პერიოდულად კი აკეთებენ განცხადებებს ცენტრალური ხელისუფლების კონკრეტული პირების კორუმპირებულობის თაობაზე, მაგრამ ამ თემაში ჩაღრმავებას თავს არიდებენ.

საინტერესოა ისიც, რომ აჭარის ავტონომიის ლიდერი, რომელიც ჩვეულებრივ ცენტრალური ხელისუფლების ინიციატივებს ტოლს არ უდებს, ამჯერად არავითარ განცხადებებს არ აკეთებს აჭარაში კორუფციასთან ბრძოლის დაწყების თვალსაზრისით. ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ის, რაც მიხეილ სააკაშვილმა ვერ მოახერხა ვაკეში, ასლან აბაშიძემ წარმატებით განახორციელა აჭარაში, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მხოლოდ კეთილი სურვილია. აჭარაში კორუფციული ურთიერთობები ისეა შეზრდილი ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რომ ხშირად ძნელი დასადგენია, სად მთავრდება ხელისუფლება და სად იწყება კორუფცია.

თამარ ჩიქოვანი, რადიო “თავისუფლებისთვის”, თბილისი.

[მუსიკა]

რა გავლენა შეიძლება იქონიოს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაზე კოდორის ხეობიდან საქართველოს საჯარისო შენაერთების გაყვანამ

დავით კაკაბაძე:
რადიომსმენელს ეხსომება, რომ 2 აპრილს თბილისში ხელი მოაწერეს ოქმს, რომელიც საქართველოსა და აფხაზთა მხარეებს ავალდებულებს, შეასრულონ 1994 წლის 14 მაისის ხელშეკრულება. ამდენად, საქართველოს მხარემ კოდორის ხეობიდან 10 აპრილამდე უნდა გაიყვანოს საჯარისო ნაწილები, რასაც მოჰყვება ხეობაში გაეროს მეთვალყურეთა და რუსეთის მშვიდობისდამცველთა პატრულირების განახლება. ოქმის ხელმოწერამ საქართველოს საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ამ საკითხის გარშემო თავის მოსაზრებებს გვიზიარებს კონფლიქტლოგი პაატა ზაქარეიშვილი, რომელსაც გიორგი კაკაბაძე ესაუბრა.

გიორგი კაკაბაძე:
[ზაქარეიშვილის ხმა] “პირადად მე მივესალმები ამ აქტს, თუმცა, რა თქმა უნდა, არაცალსახად და სათქმელია ისიც, რომ არსებობს სხვადასვა მოსაზრებები ჩემი მხრიდანაც, მაგრამ, ზოგადად, ეს აქტი დადებითია იმიტომ, რომ საქართველომ, როგორც სახელმწიფომ არ მიბაძა ამ შემთხვევაში აფხაზებს და არ დაარღვია 1994 წელს მის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება.”

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ”სხვა საკითხია, რომ 8 წლის წინათ საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა მოეწერა ხელი აღნიშნულ ხელშეკრულებაზე, ვინაიდან კოდორის ხეობა მისი იურისდიქციის ქვეშ იმყოფება, მაგრამ რაკი ასეთი ვალდებულება აიღო, უნდა შეესრულებინა კიდეც.”

“თუ ამ ვალდებულების შესრულება საქართველოს ინტერესებს არ შეესბამება, მაშინ ხელისუფლებამ პოლიტიკური და დიპლომატიური ხერხებით უნდა მიაღწიოს მის შეცვლას და არა ხელშეკრულების დარღვევით, - შენიშნავს კონფლიქტოლოგი.

პაატა ზაქარეიშვილი უბრუნდება 2 აპრილის ოქმს და აღნიშნავს: [ზაქარეიშვილის ხმა] “და ამით, საქართველომ, ქართულმა მხარემ ძალიან დიდი ავტორიტეტი მოიპოვა საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე, ვინაიდან აჩვენა, რომ შეუძლია საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება და, ამდენად, მათი სანდო პარტნიორი გახდა. მაგრამ მე გული მწყდება, თუ რატომ გაფორმდა ეს ოქმით. საქართველოს უნდა ემოქმედა 1994 წლის ხელშეკრულების საფუძველზე.”

კიდევ რა დადებითი მომენტი ახლავს კოდორის ხეობიდან ქართული საჯარისო ნაწილების გაყვანას. ჩემი თანამოსაუბრის აზრით, ამ პროცესის დასრულების შემდეგ აფხაზურ მხარეს მეტისმეტად გაუძნელდება უარის თქმა უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ დოკუმენტის განხილვაზე. მით უფრო, რომ ამ საკითხში აფხაზეთს რუსეთის მხარდაჭერის იმედი აღარ უნდა ჰქონდეს, რასაც, კონფლიქტოლოგის თქმით, გაეროში რუსეთის პოზიცია და რუსეთის პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადებები ადასტურებს.

ხომ არ არის მოსალოდნელი მომავალში აფხაზთა შეჭრა კოდორის ხეობაში, სადაც უსაფრთხოების გარანტად გაეროს დამკვირვებლები და რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლები მოგვევლინებიან. პაატა ზაქარეიშვილი თეორიულად არ გამორიცხავს ამგვარ შესძლებლობას, მაგრამ, მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში საქართველოს სრული უფლება აქვს, უარი თქვას ხელშეკრულებაზე და ძალისმიერ ხერხებსაც მიმართოს.

[ზაქარეიშვილის ხმა] “და აფხაზებს ზურგს უკან არავინ დგას რუსეთის გარდა. აფხაზეთს არავითარი შანსი არა აქვს, რომ დამოუკიდებელი სახემწიფო გახდეს. ამიტომ დღეს ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ცივილიზებულად მოქცევა რუსეთი: თუ ის ამ კონფლიქტში არ ჩაერევა, აფხაზებს მაშინვე ეცლებათ ნიადაგი და ისინი იძულებული იქნებიან, მოძებნონ გამოსავალი და აქ ჩვენ უნდა დავხვედროთ მათ კეთილი ნება, შევთავაზოთ ცივილიზებული ურთიერთობები და არა რაიმე მუქარები, თუ მოულოდნელი გადაწყვეტილებები, რასაც, მაგალითად, ადგილი ჰქონდა შარშან ოქტომბერში.”

ჩემი თანამოსაუბრე ამბობს, რომ საბოლოოდ აფხაზები იძულებულნი გახდებიან, ჩაერთონ მოლაპარაკებების პროცესში თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნასთან დაკავშირებული დოკუმენტის მისაღებად. ამასთან ერთად, პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელ ეტაპზე მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა არ უნდა ენიჭებოდეს იმას, თუ რა წერია კონკრეტულად დიტერ ბოდენის ინიციატივით შემუშავებულ დოკუმენტში, რადგან, კონფლიქტოლოგის თქმით, ეს დოკუმენტი აუცილებლად განიცდის გარკვეულ ცვლილებებს. პაატა ზაქარეიშვილის აზრით, ამდენად, მთავარია, რომ აღნიშნული პროცესი დაიწყოს - ის აუცილებლად მოიტანს ისეთ შედეგს, რომელიც ორივე მხარისათვის მისაღები იქნება.

გიორგი კაკაბაძე, რადიო “თავისუფლებისათვის”, თბილისი.

კათოლიკეები ქუთაისში ეკლესიის დაბრუნებას ითხოვენ

დავით კაკაბაძე:
პარასკევს, 5 აპრილს თბილისის საოლქო სასამართლოში დაიწყო პროცესი, რომელიც გაარკვევს, მიეცემა თუ არა საშუალება ქუთაისის კათოლიკე მრევლს ღვთისმსახურებას ქუთაისის კათოლიკურ ეკლესიაში დაესწროს. კათოლიკეები სახელმწიფოს უჩივიან და მისგან ქუთაისის ცნობილი კათოლიკური ეკლესიის გადმოცემას მოითხოვენ, სადაც უკვე მე-13 წელია, მართლმადიდებლური წირვა-ლოცვა მიმდინარეობს. კათოლიკეთა ყველა ცდა, მოლაპარაკების შედეგად მიეღწიათ მიზნისთვის, მარცხით დასრულდა. დავით პაიჭაძე გაგაცნობთ საკითხის ისტორიასა და ქუთაისელ კათოლიკეთა არგუმენტებს.

დავით პაიჭაძე:
კათოლიკური თემი ქუთაისში ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში ჩნდება. მე-19 საუკუნის დასაწყისში კათოლიკეებს იმერეთის მეფე სოლომონ მეორემ ქუთაისში თავისი სიგელით დაუმტკიცა ტერიტორია პატარა საყდრის ირგვლივ. დაახლოებით 30 წლის შემდეგ კათოლიკეებმა აქ ეკლესიის შენება წამოიწყეს, რამაც 20 წელიწადზე მეტხანს გასტანა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე კათოლიკური ეკლესია ქუთაისში იდგა იმ მიწაზე, რომელსაც კათოლიკეები ფლობდნენ. თვით საბჭოთა პერიოდშიც კი მათ შეძლეს გარკვეული ხნით შეენარჩუნებინათ ტაძარი: 20-ან წლებში დარეგისტრირდნენ საზოგადოებრივ ორგანიზაციად და 1939 წლამდე ეკლესია მოქმედებდა. 39-ში სახელმწიფომ ეკლესია ჩამოართვა კათოლიკეებს იმ მიზეზით, რომ მიწის რენტას ვერ იხდიდნენ. სხვათა შორის, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს პრაქტიკა საბჭოთა სახელმწიფომ “წარმატებით” განავითარა: ტაძრებს ისე აღარ ანგრევდნენ, რეპრესიები სასულიერო პირთა მიმართ ოდნავ შერბილდა, სამაგიეროდ, ეკლესიებს უწესებდნენ ჩვეულებრივზე გაცილებით მეტ გადასახადს, რომლის გადაუხდელობის გამოც უამრავი ეკლესია დაიკეტა. 1939 წელს ქუთაისის კათოლიკური ეკლესიის მოძღვარი დამიანე სააკაშვილი აიძულეს, დაეწერა განცხადება, რომ ღვთისმსახურებას ვეღარ გააგრძელებდა. ამის შემდეგ კათოლიკურ ეკლესიაში საწყობი გახსნეს.

კომუნისტებს შენობა გაახსენდათ 1971 წელს, ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან ასი წლის თავზე და კათოლიკურ ეკლესიაში საორღანო და კამერული მუსიკის საკონცერტო დარბაზი გახსნეს, რომელმაც დაახლოებით 8 წელიწადს იმუშავა. კომუნისტები აქაც, ასე ვთქვათ, გამზადებულზე მოვიდნენ: ეკლესიაში შენახული იყო ორღანი, რომელსაც მცირედი რესტავრაცია დასჭირდა.

მე-20 საუკუნის 80-ან წლებში საბჭოთა კანონმდებლობამ სხვადასხვა რელიგიისა და აღმსარებლობის წარმომადგენლებს მიანიჭა უფლება გაეხსნათ და აემოქმედებინათ მათი მანამდე დაკეტილი საკულტო ნაგებობები. 1987-88 წლებში ქუთაისელმა კათოლიკეებმა ორჯერ სთხოვეს ქალაქის აღმასკომს, გაეტარებინა რეგისტრაციაში კათოლიკეთა ორგანიზაცია და მიეცა ნება, გაეხსნათ დაკეტილი კათოლიკური ეკლესია, მაგრამ ორჯერვე სრულიად უმოტივო უარი მიიღეს. 1989 წლის აგვისტოდან კი კათოლიკურ ეკლესიაში მართლმადიდებლური ღვთისმსახურება დაიწყო. კათოლიკეთა განცხადებით, დღემდე არ არსებობს რაიმე დოკუმენტი, რომელიც ამ ტაძარზე მართლმადიდებელი ეკლესიის უფლებას დაადასტურებდა. გარდა ამისა, კათოლიკეებმა (ქუთაისში მათ ორგანიზაციას ეწოდება “დასავლეთი საქართველოს კათოლიკური კავშირი სავარდი”) ქალაქის ვერც ერთი სამსახურიდან ვერ მიიღეს ინფორმაცია, თუ რომელი სახელისუფლო სტრუქტურის ბალანსზეა კათოლიკური ეკლესიის შენობა: დანამდვილებით ეს ქუთაისში არავის სცოდნია. მრავალგზისმა განცხადებებმა და მიმართვებმა კათოლიკეთა ორგანიზაცია საბოლოოდ საქართველოს პრეზიდენტამდე მიიყვანა. კანცელარიიდან მიღებულმა პასუხებმა “სავარდი” არ დააკმაყოფილა და, ორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით, უკიდურეს ნაბიჯს – სასამართლოში ჩივილს მიმართა.

“სავარდს” შეიძლება გაუჭირდეს, დაასაბუთოს, რომ სწორედ ის წარმოადგენს მე-20 საუკუნის 20-ან წლებში რეგისტრირებული ქართველ კათოლიკეთა ორგანიზაციის სამართალმემკვიდრეს. პრობლემას, ალბათ, მოაგვარებდა შეთანხმება ქუთაისელ კათოლიკეებსა და მართლმადიდებელ ეპარქიას შორის, რომელსაც სათავეში მეუფე კალისტრატე მარგალიტაშვილი უდგას. მაგრამ, როგორც “სავარდის” გამგეობის წევრი, ლევან ბეგიშვილი ამბობს, [ბეგიშვილის ხმა] “რა თქმა უნდა, გვქონდა, მეუფე კალისტრატესთან შეხვედრები (უფრო სწორად, ჩვენ აქედან დავიწყეთ), მაგრამ, სამწუხაროდ, მეუფე კალისტრატეს ისეთი პოზიცია ეკავა და ახლაც უკავია, რომ კონსტრუქციული დიალოგი შეუძლებელია. ეს პიროვნება არავითარ კომპრომისზე არ მოდის და, პირიქით, ამტკიცებს და აცხადებს, ეს მართლმადიდებლური ტაძარი არისო”.

კათოლიკეები მზად არიან, სადაო ეკლესიის მიღების სანაცვლოდ, გაიღონ თანხა ახალი მართლმადიდებლური ტაძრის აშენებისათვის, ან გადარიცხონ ის ბაგრატის ტაძრის აღსადგენად, მაგრამ ეს წინადადებაც შეუსმენელი რჩება. მათ სთავაზობენ ტერიტორიას კათოლიკური ეკლესიის ასაგებად ქუთაისის გარეუბნებში, სადაც არც ერთი კათოლიკე არ ცხოვრობს. ასე რომ, დავის გადასაჭრელად მართლაც ერთადერთი ინსტანცია დარჩა – სასამართლო.

დავით პაიჭაძე, რადიო “თავისუფლებისთვის”, თბილისი.

[მუსიკა. ”მახსოვს, პირველად...”]

მსოფლიოში საუკეთესოდ აღჭურვილი სკოლის მოწაფეები წერაში მოიკოჭლებენ

დავით კაკაბაძე:
იმედია, ამ ჩანაწერის დაბალი ხარისხისთვის არ დაგვძრახავთ. უბრალოდ, “მეათე სტუდიის” შემდეგ ორ სიუჟეტში განათლების სფეროზე ვაპირებთ საუბარს და ეს ძველისძველი სიმღერაც ამიტომ ამოვქექეთ ჩვენი ფონოარქივიდან.

ვაშინტონის მახლობლად მდებარე მანტუას დაწყებით სკოლაში დღე, ჩვეულებრივ, ასე იწყება: 6-დან 12 წლამდე ასაკის 800-მდე მოწაფე საკლასო ოთახებში იყრის თავს და ზუსტად 9 საათსა და 10 წუთზე ჭერს მიაშტერდება. მაგრამ მასწავლებლისგან შენიშვნას არავინ იღებს: აქაოდა, სკოლაში ბუზების სათვლელად ხომ არ მოსულხართო. არა, იატაკზე მიმოფანტულ სათამაშოებსა და თოჯინებს შორის მსხდომი ბავშვები ბუზებს არ ითვლიან: ისინი მისჩერებიან საკლასო ოთახის ჭერზე დამაგრებულ უზარმაზარ ბრტყელ ტელეეკრანს, საიდანაც მათ ყოველ დილით ორი თანასკოლელი მიმართავს: “დილა მშვიდობისა, მანტუა.”

ერთი კვირის მანძილზე ამ საპასუხისმგებლო მისიას 11 ან 12 წლის ორი მოწაფე ასრულებს, შემდეგ მოდერატორობა ესტაფეტით გადაეცემა სხვა ორ მოსწავლეს და ა.შ. მოდერატორები თანასკოლელებს ყოველი დღის დასაწყისში ამცნობენ სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვან ამბებს, დაბადების დღეს ულოცავენ იუბილარებს, იმ დღისთვის დაგეგმილი ექსკურსიებისა თუ სკოლის სტუმრების შესახებ მოუთხრობენ თანასკოლელებს...

მთელი ეს ტელემისალმება თუ ტელეინფორმაცია მთლიანად მოწაფეების ხელით მზადდება: მოდერატორებზე ხომ უკვე მოგახსენეთ. გარდა ამისა, მოსწავლეებს შორის ნაწილდება ოპერატორის, რეჟისორის, ხმის ინჟინრის, მათი ასისტენტების ფუნქციებიც. არ დაგავიწყდეთ: საუბარია დაწყებით სკოლაზე, რომლის მოსწავლეთა ასაკი 12 წელს არ აღემატება.

ამ რვაწუთიანი, ტექნიკურად, როგორც წესი, უნაკლო ტელეშოუს შემდეგ საკლასო ოთახებში ჩვეულებრივი სასწავლო პროცესი იწყება. თუმცა, “ჩვეულებრივი” ის მხოლოდ ამ სკოლის მოსწავლეებისთვის არის, თორემ მანტუაში სტუმრად მისულ ადამიანს თავი უცხო პლანეტაზე თუ არა, ზღაპრულ სამყაროში მაინც ჰგონია. ამიტომ არის, რომ კვირა ისე არ გაივლის, მანტუას მეზობელი შტატიდან თუ ოკეანის გამოღმიდან, ევროპიდან თუ ავსტრალიიდან ჩასულთა დელეგაცია არ ესტუმროს; და, როგორც ამბობენ, ნანახით აღფრთოვანებას ტექნიკისა და კომპიუტერების სფეროში თვით მრავლის მხილველი იაპონელებიც კი ვერ მალავენ.

გასაოცარი კი მანტუას სკოლაში მართლაც ბევრია. ექვსი-შვიდი წლის ბავშვები, წესიერად ჯერ წერა-კითხვაც რომ არ უსწავლიათ, ინტერნეტიდან თავიანთ კომპიუტერებზე ტვირთავენ სურათებს და სრულიად დამოუკიდებლად ამზადებენ ფოტოშოუს. ცხრა წლის მოწაფეები გაკვეთილს საკომპიუტერო პროგრამა “Power Point”-ის დახმარებით ჰყვებიან და მონათხრობს, მეტი თვალსაჩინოებისთვის, გამოსახულებითა და ხმით აფორმებენ. ათი წლისანი კომპიუტერზე ვიდეოკლიპებსა და მოკლემეტრაჟიან ფილმებს ამონტაჟებენ. მათზე ერთი წლით უფროსები პირდაპირ ტელეხიდებს აწყობენ პარტნიორ სკოლებთან სხვა ქვეყნებში. 12 წლის მოსწავლეთა უმრავლესობამ ინტერნეტში საკუთარი “ჰოუმპეიჯი” აქვს...

არადა, მანტუა ვუნდერკინდების სკოლა არ გახლავთ. აქ მეზობელ რაიონში მცხოვრები სრულიად ჩვეულებრივი ბავშვები სწავლობენ. ერთადერთი, რაც მათ თანატოლებისგან განასხვავებს, კომპიუტერთან მოპყრობის ოსტატობაა. ცხადია, თვისობრივად განსხვავებულია სასწავლო პროცესიც.

სკოლის 48-ვე მასწავლებელს თავისი კომპიუტერი აქვს და მშობლებთან ძირითადად ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ურთიერთობს. ყოველ საკლასო ოთახში ინტერნეტთან ზესწრაფი კავშირით შეერთებული ოთხი კომპიუტერი დგას. 11 და 12 წლის უკლებლივ ყველა მოსწავლეს სკოლა გამოუყოფს ლეპტოპს, რომელიც ბავშვებს შინაც თან დააქვთ.

საინტერესოა, რომ ინფორმატიკა, როგორც საგანი, ამ სკოლაში არ ისწავლება. და ეს, ალბათ, არც არის გასაკვირი, რადგან უკომპიუტეროდ მანტუაში თითქმის არაფერი კეთდება: მათემატიკა იქნება თუ მუსიკა, მასწავლებლები გაკვეთილებზე ტექნიკის უკანასკნელ მიღწევებს იყენებენ.

ცხადია, დროდადრო მასწავლებლები მოსწავლეებს წიგნსაც გადააშლევინებენ ხოლმე, მაგრამ, როგორც თავად პედაგოგები აღიარებენ, ეს სულ უფრო იშვიათად ხდება. ბევრისთვის სერიოზული პრობლემაა წერა: თანაც, არა მარტო მართლწერა, არამედ, უბრალოდ, ხელით წერა, ასოების გამოყვანა. ბეჭდვით ბავშვები გამოცდილი მბეჭდავებივით ბეჭდავენ, წერა კი უჭირთ. თხზულებას რომ დაწერენ, მანტუას მოსწავლეები კომპიუტერშივე აამოქმედებენ მართლწერის სპეციალურ პროგრამას, რომელიც ყველა შეცდომას თვალის დახამხამებაში ასწორებს. ასე რომ, ორთოგრაფიის თვალსაზრისით თხზულებას წუნს ვერ დაუდებ. უბედურება მაშინ ნახეთ, როცა ჯერი საშობაო ბარათების წერაზე მიდგებაო, ამბობს ერთი მასწავლებელი.

მისი კოლეგა, ამავე სკოლის პედაგოგი, სხვა პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას: მისი თქმით, ბავშვები, მართალია, სრულყოფილად ფლობენ მსოფლიოს საკომპიუტერო ქსელში საჭირო ინფორმაციის მიგნების ტექნიკას, მაგრამ მოპოვებული ინფორმაციის კრიტიკული დამუშავება, საკუთარი აზრების ჩამოყალიბება უჭირთ.

არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ზოგ მასწავლებელს აშფოთებს. მოსწავლეებზე დაკვირვება მათ აფიქრებინებს, რომ კომპიუტერებზე და ვიდეოთამაშებზე აღზრდილი თაობის ბავშვები კარგად მხოლოდ იმ ინფორმაციას აღიქვამენ, რომელიც ჭრელ-ჭრელი გრაფიკული გამოსახულებებისა თუ მოძრავი სურათების დახმარებით მიეწოდებათ. ამიტომ, მათი ყურადღების მისაპყრობად აუცილებელი ხდება სულ ახალ-ახალი საკომპიუტერო ხრიკების გამოყენება.

გერმანიის ყოველკვირეულ “შპიგელის” კორესპონდენტს, რომელიც მანტუაზე რეპორტაჟს ამზადებდა, ამ სკოლის მოსწავლემ, 12 წლის ჯეკიმ, თავისი შეშფოთება გაუზიარა: “სკოლაში სულ კომპიუტერს ვუზივარ, წერა თითქმის არ მიხდება, მალე ალბათ ასოების გამოყვანაც დამავიწყდებაო.” მცირე პაუზის შემდეგ ჯეკიმ დასძინა: თუმცა, რომ გავიზრდები, წერა ალბათ არც იქნება საჭიროო.

ჩემთვის და, ალბათ, რადიომსმენელთა უმრავლესობისთვის, ამგვარი რამის წარმოდგენა ძალიან ძნელია. და, მართალი გითხრათ, ასეთი პერსპექტივა სულაც არ მხიბლავს.

[მუსიკა]

ინტერვიუ ლუდმილა კლოცთან

იხ. აუდიოვერსია.

დავით კაკაბაძე:
ჩვენი დღევანდელი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. ”მეათე სტუდია” პრაღაში მოამზადეს ბიძინა რამიშვილმა და დავით კაკაბაძემ მოამზადეს. თბილისის სტუდიაში ხმის ოპერატორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. გადაცემას დავით კაკაბაძე უძღვებოდა.

[მუსიკა]
XS
SM
MD
LG