Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მხარე საქართველოში სამხედრო ტვირთების ტრანსპორტირების წესებს არღვევს


მცხეთის მახლობლად რუსეთის ორი სამხედრო სატვირთო მანქანის დაკავებამ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა კიდევ უფრო გაართულა.

ამიერკავკასიაში რუსეთის საჯარისო დაჯგუფებების სარდლობამ სამხედრო-სატვირთო მანქანების დაკავება გააპროტესტა და მომხდარის წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარებითაც დაიმუქრა. არადა, რუსეთის სამხედრო-სატვირთო მანქანების ჩვენს ტერიტორიაზე გადაადგილება საქართველოს მხარესთან შეთანხმებული არ ყოფილა.

ამიერკავკასიაში რუსეთის საჯარისო დაჯგუფებების კუთვნილი 2 სამხედრო-სატვირთო ავტომანქანა მაშინ დააკავეს, როცა ისინი დედაქალაქიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით გადაადგილებას ცდილობდნენ. რუსი სამხედროების განმარტებით, აღნიშნული სამხედრო ავტომანქანები საქართველოში სომხეთის ტერიტორიიდან შემოვიდნენ, აქ დაიტვირთნენ და, ახალქალაქის გავლით, კვლავ, სომხეთისკენ - კერძოდ, გიუმრის სამხედრო ბაზისკენ - მიემართებოდნენ და, მართალია, ამიერკავკასიაში რუსეთის საჯარისო დაჯგუფებების ხელმძღვანელები დაჟინებით აცხადებენ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რუსეთის სამხედრო-სატვირთო ავტომანქანების დაკავების იურიდიული საფუძველი არ ჰქონდა, მომხდარის კანონიერების დამადასტურებელი რამდენიმე არგუმენტი არსებობს. თავდაცვის სამინისტროს გენ.შტაბის უფროსის მოადგილის, დევი ჭანკვეტაძის, თქმით:

[დევი ჭანკვეტაძის ხმა] “არის დარღვევები. პირველი - უნებართვოდ გასვლა (ჩვენ უნდა ვყოფილიყავით საქმის კურსში), მეორე - რომ ტვირთავდნენ ამ ავტომანქანებს, დატვირთვას ჩვენი წარმომადგენელიც უნდა დასწრებოდა. ეს არ მომხდარა, ამიტომაც არ ვიცით, რა არის შიგ. მესამე - ნებისმიერი ტვირთის გადაადგილება თბილისის გარნიზონში 18 საათის შემდეგ კატეგორიულად აკრძალულია”.

აღნიშნულის მიუხედავად, რუსმა სამხედროებმა და რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმაც მომხდარს სკანდალური შინაარსი შესძინეს. რუსეთის სამხედრო წრეების წარმომადგენლები ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოსდა მათი სატვირთო ავტომანქანების დაკავება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წინასწარი გეგმით მოხდა. მაინც რა უნდა ყოფილიყო ასეთი გეგმის მიზანი, ცოტა გაუგებარია. სამაგიეროდ, ნათელია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას ამიერკავკასიაში რუსეთის საჯარისო ფორმირებების ხელმძღვანელები არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებენ. ამ დაჯგუფებების სარდალი ნიკოლაი ზოლოტოვი დაიმუქრა, რომ რუსეთის სამხედრო-სატვირთო ავტომანქანების უკანონო დაკავებას მთელი სიმკაცრით დაუპირისპირდება, მანვე არ გამორიცხა, რომ მომხდარს რუსეთის საგარეო უწყება საქართველოში საპროტესტო ნოტის გამოგზავნით გამოეხმაურება.

ნიკოლაი ზოლოტოვის განცხადებით, საქართველოს მხარეს ავტომანქანების დაკავების არავითარი უფლება არ ჰქონდა, რადგან, მისი თქმით, არსებული შეთანხმებით, შემოწმებას ექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი 20 სამხედრო ავტომანქანისგან შემდგარი კოლონა.

ყველაზე საინტერესო მაინც ის არის, რა ტვირთი გადაჰქონდათ დაკავებულ ავტომანქანებს. დალუქული კონტეინერების გახსნა და შემოწმება რუსეთისა და საქართველოს ერთობლივი კომისიის წევრებს პარასკევ საღამოს უნდა დაეწყოთ, თუმცა, თბილისის გარნიზონის სამხედრო პროკურორის, კობა კობიაშვილის, განმარტებით, ტვირთის შემოწმება გადაიდო. წინასწარი ინფორმაციით, მასში მხოლოდ სამეურნეო საქონელი უნდა იყოს, კერძოდ, სამხედრო თეთრეული. თუმცა, როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს-ცენტრი იუწყებოდა, დაკავებულ კონტეინერებში 10000 - მდე თბილი სამხედრო ფორმა შეიძლება იყოს. არადა, ვთქვათ, ახალქალაქის სამხედრო ბაზაზე რუსეთს მხოლოდ 800 სამხედრო მოსამსახურე ჰყავს.

თუ რუსეთის სამხედრო-სატვირთო ავტომანქანებს ახალქალაქში არაფერი ესაქმებოდათ და, მართლაც, სომხეთში მიემართებოდნენ, საინტერესოა, რატომ გადაწყვიტეს მათ ღამის საათებში მოძრაობა, თანაც, ახალქალაქის გავლით და არა მარნეულის გავლით? მომხდარზე გამოძიებას საქართველოს სამხედრო პროკურატურა აწარმოებს.
XS
SM
MD
LG