Accessibility links

როგორ უზრუნველვყოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება? (მეორე ნაწილი)


რა უპირატესობით სარგებლობს არჩევნებისას კანდიდატი, რომელიც მმართველ ძალას წარმოადგენს? როგორ იყენებენ პოლიტიკოსები ხელისუფლებაში ყოფნის პრივილეგიას საარჩევნო კამპანიაში წარმატების მისაღწევად?

რა მექანიზმები არსებობს ამ პრივილეგიების გასაბათილებლად? წინა შაბათს გიამბეთ ნორმებზე, რომლებიც დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში არსებობს. დღეს კი შეერთებულ შტატებში მოქმედ მექანიზმებს განვიხილავთ. მოუსმინეთ დავით კაკაბაძეს.

1996 წელს, როცა ალ გორს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა, თავისი ოფისის ტელეფონს იგი პრეზიდენტ ბილ კლინტონის საარჩევნო კამპანიისთვის თანხების მოსაზიდად იყენებდა; სხვაგვარად თუ ვიტყვით, სახელმწიფოს თანხებს იგი პარტიული მიზნებით ხარჯავდა.

როცა ერთი წლის შემდეგ ამ სატელეფონო ზარების ამბავი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, ალ გორი ბევრმა სწორედ იმ კანონების დარღვევაში დაადანაშაულა, რომლებიც საარჩევნო კამპანიის დროს ხელისუფლებაში მყოფ კანდიდატთა პრივილეგიების განეიტრალების მიზნით დაიწერა. მართალია, საქმე სასამართლომდე არ მისულა, მაგრამ გორის საქციელი "შეუფერებლად" მოინათლა და, ზოგი ექსპერტის აზრით, მას აშკარად დააკარგვინა ამომრჩეველთა ხმები 2000 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში, რომელიც ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა, როგორც გახსოვთ, უმნიშვნელო უპირატესობით მოიგო.

გორს მაშინ ვერც მისი ვექილების საჯარო ახსნა-განმარტებებმა უშველა და ვერც ამ რიხიანმა თავის მართლებამ: [ალ გორის ხმა] "არა მგონია, არასწორად, მით უფრო, არაკანონიერად მოვქცეულიყავი. ვამაყობ, რომ, რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე ამ პრეზიდენტის ხელახლა არჩევისთვის და მისი პროგრამის განხორციელებაშიც წვლილი შევიტანე."

როცა ამ სიტყვებს ამბობდა, ალ გორი 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებოდა. მართალია, იგი "მხოლოდ" ვიცე-პრეზიდენტი იყო, მაგრამ ეს თანამდებობაც საკმარის პრივილეგიებს ანიჭებდა თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ მასმედიის მხრიდან ყურადღება არ მოჰკლებოდა.

მისმა მეტოქემ, იმხანად ტეხასის შტატის გუბერნატორმა ჯორჯ ბუშმა, საუცხოოდ გამოიყენა მის ხელთ არსებული კოზირი, როცა არჩევნებამდე თვენახევრით ადრე, თითქოს სხვათა შორის ახსენა გორის ის "შეუფერებელი" საქციელი. [ჯორჯ ბუშის ხმა] "არჩევნებში გამარჯვებას კანდიდატთა იდეები და ფილოსოფია განაპირობებს; მაგრამ განაპირობებს ისიც, თუ ვის ანდობს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა სახელმწიფოს უმაღლეს პოსტს. ვიცე-პრეზიდენტი კარგი მეოჯახეა, ამაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ იგი იმ ადმინისტრაციის წევრი იყო, რომელიც საფინანსო კანონებს არღვევდა."

აშშ-ში არსებული კანონები საარჩევნო კამპანიებში მოქმედების თავისუფლებას უზღუდავს ხელისუფლების წარმომადგენელ კანდიდატებს. მაგალითად, მოქმედი პრეზიდენტის საარჩევნო კომიტეტი ვალდებულია, გაიღოს ქვეყნის მეთაურის პირადი თვითმფრინავის ხმარებასთან დაკავშირებული ხარჯები, თუ ამ თვითმფრინავით პრეზიდენტმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოწყობილ ღონისძიებაზე იმგზავრა.

მაგრამ პრეზიდენტები "Air Force One"-ად წოდებულ ამ თვითმფრინავს ხშირად იყენებენ ერთბაშად ორი დანიშნულებით: თან სახელმწიფო საქმეებს აგვარებენ და თან არც საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულ ღონისძიებას ივიწყებენ; და ამ გზით ნაწილობრივ მაინც ზოგავენ თავიანთი საარჩევნო კომიტეტის თანხებს.

საარჩევნო კამპანიაში წარმატების მისაღწევად ხელისუფლებაში ყოფნის პრივილეგიის გამოყენებას, როგორც ჩანს, ხანგრძლივი ტრადიცია აქვს. რადიო "თავისუფლების" ვაშინგტონელი კორესპონდენტი ედრიუ ტალი ამ საკითხზე ესაუბრა ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორს ლეო რიბუფოს. მისი თქმით, უწინ იმ პრეზიდენტებს, რომლებსაც პოსტის შენარჩუნება სურდათ, თავიანთ მეტოქეებთან შედარებით კიდევ უფრო მეტი უპირატესობა ჰქონდათ, ვიდრე ახლა. დღეს ამ უპირატესობას, ზემოთ ნახსენები კანონების გარდა, ის გარემოებაც აბათილებს, რომ საარჩევნო კამპანიის დაწყების მომენტისთვის პრეზიდენტობის მოსურნე მხარეები ფინანსურად, როგორც წესი, თანაბარ მდგომარეობაში იმყოფებიან; ფინანსები კი, ამერიკელი პროფესორის აზრით, აშშ-ის პოლიტიკურ კამპანიებში უზარმაზარ როლს ასრულებს: სწორედ ფული გაძლევს საშუალებას, იყიდო საეთერო თუ სატელევიზიო დრო, შენთვის სასურველი რეკლამა მოათავსო ჟურნალ-გაზეთებში.

თუმცა, ლეო რიბუფო იქვე დასძენს, რომ პოლიტიკური განცხადებების რაოდენობაზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია მათი შინაარსი, ანუ ის, თუ რას ეუბნება კანდიდატი თავის ამომრჩევლებს: [ლეო რიბუფოს ხმა] "ყველაფერს ფული არ წყვეტს. არსებობს ძველი გამოთქმა, რომ პრეზიდენტს არაფერი სჭირდება ხალხისთვის კარგი ამბის თქმაზე მეტად. მას სჭირდება არა კარგი რეკლამა, არამედ კარგი ამბები. და თუ ქვეყანა ღრმა რეცესიას განიცდის ან ხალხში არაპოპულარულ ომს აწარმოებს, პრეზიდენტს თვით ყველაზე უნარიანი საარჩევნო კამპანიაც ვერაფერს უშველის."

პრეზიდენტები ხშირად მიმართავენ ამგვარი "პასიური პროპაგანდის" მეთოდს. 1976 წელს მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯერალდ ფორდმა თავისი საარჩევნო კამპანიისთვის სწორედ ასეთი ტაქტიკა აირჩია. ის კამპანია ისტორიაში შევიდა, როგორც "ვარდის ბაღნარის კამპანია" (ვარდის ბაღნარი ჰქვია თეთრი სახლის ბაღის იმ ნაწილს, სადაც პრეზიდენტები ამა თუ იმ განცხადებით გამოდიან პრესის წარმომადგენლების წინაშე).

"ვარდის ბაღნარის კამპანიით" ჯერალდ ფორდს სურდა, ამერიკელებისთვის ეჩვენებინა, რამდენად დაკავებულია პრეზიდენტი სახელმწიფო საქმეების კეთებით და რამდენად არ სცალია პომპეზური წინასაარჩევნო სპექტაკლებისთვის. მაგრამ ამ მეთოდმა, რომ იტყვიან, არ იმუშავა. რაც უფრო ახლოვდებოდა არჩევნები, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები მით უფრო აშკარად ადასტურებდა, რომ ფორდის საარჩევნო პოლიტიკა მცდარი გამოდგა. კენჭისყრამდე 11 დღით ადრე პრეზიდენტმა მკვეთრად შეცვალა ტაქტიკა და ტრადიციულ საარჩევნო კამპანიაში აქტიური ჩაბმით სცადა ჩარხის შემობრუნება, მაგრამ უკვე გვიან იყო: მისმა მეტოქემ ჯიმი კარტერმა უმნიშვნელო უპირატესობით გაიმარჯვა.

და მაინც, მოქმედ პრეზიდენტს ამ პოსტის პრეტენდენტის წინაშე ერთი უპირატესობა აქვს: თუ ქვეყანაში საქმე, მარტივად რომ ვთქვათ, კარგად მიდის, პრეზიდენტს ხელში დიდი კოზირი უჭირავს. ცხადია, ეს კოზირი მეტოქის ხელში აღმოჩნდება იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობის უმრავლესობა პრეზიდენტით უკმაყოფილოა. სწორედ ამ გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში ლარი საბატომ, ვირჯინიის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის პროფესორმა.

[ლარი საბატოს ხმა] "მოქმედი პრეზიდენტი პასუხისმგებელია ყველაფრისთვის, რაც მისი მმართველობის პერიოდში მოხდა: კარგისთვისაც, ცუდისთვისაც, უხეიროსთვისაც. თუ მოქმედი პრეზიდენტი ხელახლა არჩევისთვის რეცესიის ან დეპრესიის დროს იბრძვის, მაშინ მთელი ტვირთი მას აწვება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეცესია მისი ბრალი არ ყოფილა."

ლარი საბატოს სიტყვებს თუ ვირწმუნებთ, გამოვა, რომ პრეზიდენტის საარჩევნო პროგრამის წარმატება თუ წარუმატებლობა გაცილებით უფრო მჭიდრო კავშირშია მიმდინარე მოვლენებზე საზოგადოების აზრთან, ვიდრე მისი მეტოქისა.
XS
SM
MD
LG