Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მორიგი ანტიკორუფციული ''რაუნდის'' პერსპექტივა


საქართველოს პრეზიდენტმა კორუფციასთან ეფექტური ბრძოლისთვის ქვეყნის მთავრობას სამი თვის ვადა დაუთქვა. რა შეიძლება მოხდეს სამი თვის განმავლობაში?

ან მთავრობის საქმიანობა პრინციპულად უნდა გარდაიქმნას, ან მთავრობის პერსონალური შემადგენლობა უნდა შეიცვალოს და ან პრეზიდენტის განცხადება დავიწყებას მიეცეს.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკუთარი მთავრობისთვის სამთვიანი ვადის დათქმა, შესაძლოა, სერიოზული მოულოდნელობა იყო იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს მუქარა უშუალოდ ეხება. მთავრობა ქვეყნის მოსახლეობას დაბეჯითებით არწმუნებს, რომ მიმდინარე წლის სამივე თვის ბიუჯეტი შესრულებულია; რომ, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, წელს ბიუჯეტში ათეულ მილიონობით მეტი თანხაა შესული. ამ ფონზე პრეზიდენტის მკაცრი მოთხოვნა მთავრობის საქმიანობის თვისებრივ ცვლილებას უნდა უკავშირდებოდეს და არა რაოდენობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას.

აღმასრულებელი ხელისუფლების რეფორმა, მართლაც, დგება დღის წესრიგში, ანტიკორუფციული საბჭოს რეკომენდაციის თანახმად. არადა, მთავრობის გავლენიანი წევრების უმრავლესობას შემოთავაზებული ცვლილებები ხელს არ აძლევს. სწორედ ეს ფაქტორი - წინააღმდეგობა აღმასრულებელი ხელისუფლების ზედა ეშელონის მხრიდან - დიდი ხანია ხელს უშლის სტრუქტურულ რეფორმებს სხვადასხვა სფეროში.

პირველ აპრილს გაზეთში "კვირის პალიტრა" გამოქვეყნდა ინტერვიუ ფსიქოლოგთან და პოლიტოლოგთან - რამაზ საყვარელიძესთან, რომელიც ცდილობს ახსნას კორუფციის წინაშე ქვეყნის კაპიტულაციის მიზეზი: "შევარდნაძემ გაითვალისწინა გამსახურდიას მწარე გამოცდილება. ვინც კი გამსახურდიამ თანამდებობიდან მოხსნა, ყველა პოლიტიკურ და ძალისმიერ ოპოზიციაში გადავიდა. კი, ბატონო, მოსახსნელ-დასაჭერები არიან კორუმპირებულები; მაგრამ, საუბედუროდ, ქვეყანას არა აქვს ძალა და უნარი, რომ მოხსნილი კორუმპირებული ხალხი უვნებელყოს და გარიყოს პოლიტიკური ასპარეზიდან ისე, რომ ამ ხალხმა ზიანი არ მიაყენოს ხელისუფლებასაც და სახელმწიფოსაც"

თავად რამაზ საყვარელიძე კორუფციასთან ბრძოლის მორიგი "რაუნდის" პერსპექტივას ამერიკის შეერთებული შტატების გავლენას უკავშირებს. დასავლეთზე აქცენტის გადატანა მას შევარდნაძის ერთგვარ "ხერხად" მიაჩნია კორუმპირებულთა წინააღმდეგ: რაკი კორუფციასთან ბრძოლას დასავლეთი დაჟინებით მოითხოვს, პრეზიდენტსაც სხვა გზა აღარ რჩება. ედუარდ შევარდნაძის მხარდამჭერი არგუმენტი ორიგინალურად ჟღერს: "კორუმპირებულებს ჭადრაკის თამაში უნდა გაუმართო და არა კრივი. ასეთ ხალხს ჭკუით და ხერხით უნდა აჯობო".

შესაძლოა, პრეზიდენტის მიერ დათქმული სამთვიანი ვადაც ასეთი "ხერხია". რადგან, აშკარაა, რომ შევარდნაძე მინისტრებს ერთობ ბუნდოვან დავალებას აძლევს და თან ულტიმატუმის ენით ესაუბრება. მხოლოდ სამთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ გაირკვევა, ეს ულტიმატუმი დასავლეთისთვის გაღებული ხარკია, რეალური ძალის დემონსტრაცია თუ, ტრადიციულად, უდაბნოში მღაღადებლის ხმა.
XS
SM
MD
LG